ლინდსი ვონის მეოთხე გლობუსი

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ქალებს შორის მსოფლიოს თასის ტრიუმფატორი გახდა ამერიკელი ლინდსი ვონი. ის დიდი უპირატესობით უსწრებდა თავის კონკურენტებს და მისი რიგით მეოთხე ტიტული დროის საკითხი იყო.

საბოლოოდ, ამერიკელმა "ბროლის დიდი გლობუსი" შვედეთის კურორტ არეში მოიპოვა, თანაც იმ დისციპლინის მოგებით, რომელიც არ ითვლება მის საყვარელ სახეობად. გუშინ, ბევრისთვის მოულოდნელად, ვონმა არავის დაუთმო პირველობა გიგანტურ სლალომში. კარიერაში მან 52-ე ეტაპი მოიგო და მხოლოდ მეორედ იმარჯვა ამ დისციპლინაში.

ლინდსიმ მოიგო პირველი ცდა და შემდეგ იოლად შეინარჩუნა უპირატესობა. საბოლოოდ, მან 48 მეასედი წამი მოუგო
მეორე ადგილზე გასულ იტალიელ ფედერიკა ბრინიონეს. მესამეზე გავიდა ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი ვიქტორია რებენსბურგი.

ვონი გენერალურ კლასიფიკაციაში 448 ქულით უგებს უახლოეს მდევარს, სლოვენიელ ტინა მაზეს და მიუღწეველია დარჩენილ ეტაპებზე. ლინდსიმ მსოფლიოს თასი ზედიზედ სამჯერ 2008-10 წლებში მოიგო. შარშან მას ეს ტიტული გერმანელმა მარია რიშმა ჩამოართვა (ამერიკელმა სამი ქულით წააგო სეზონი) და ახლა, ლინდსიმ დაიბრუნა ლიდერობა თანამედროვე სამთო-სათხილამურო სპორტში.

მსოფლიოს თასის მეოთხედ მოგებით, ვონმა გაუსწრო ხორვატ იანიცა კოსტელიჩს, შვეიცარიელ ფრენი შნაიდერსა და ავსტრიელ პეტრა კრონენბერგს, რომლებსაც კარიერაში სამ-სამი მოგება აქვთ. ლინდსის მხოლოდ ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი უსწრებს, რომელსაც ექვსი ტიტული დაუგროვდა 70-იან წლებში.

სხვათა შორის ვონს ისტორიული შედეგის დაფიქსირება შეუძლია. მას ახლა 1808 ქულა აქვს, სეზონის დასრულებამდე კი კიდევ ხუთი სტარტია დარჩენილი. ასე რომ, ამერიკელს შანსი აქვს 2000-ქულიან ზღვარს გადაცდეს, რაც ქალებს შორის ისტორიაში არასოდეს მომხდარა. ამ მხრივ, მოქმედი რეკორდსმენი კოსტელიჩია, რომელმაც 2005-06 წლების სეზონი 1970 ქულით დაასრულა.

ვონი ეტაპებზე მოგებათა რიცხვით მესამეა. მასზე წინ არიან მოზერ-პრიოლი (62) და შნაიდერი (55).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული