დარია დორმაჩოვას პირველი ტიტული

AutoSharing Option
მედლების მორიგი ორი კომპლექტი გათამაშდა რუპოლდინგში - მამაკაცებმა და ქალებმა გამოდევნებით რბოლაში სცადეს ბედი. აქ ბიატლონისტები სპრინტში ნაჩვენები შედეგების მიხედვით გადიოდნენ ტრასაზე - ჯერ ჩემპიონი, შემდეგ სპრინტში დაფიქსირებული ჩამორჩენის მიხედვით ვიცე-ჩემპიონი და ა.შ.

30 ათასი გერმანელი ფანი მაგდალენა ნოიერის მორიგ ტრიუმფს ელოდა. და თავიდან მსოფლიოს 11-გზის ჩემპიონისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ყველაფერი ბოლო სასროლეთზე შეიცვალა.

მაგდალენამ პირველი ორი სროლა ააცილა, შემდეგი სამი მიზანს მოახვედრა, მაგრამ ამასობაში ბელარუსმა დარია დორმაჩევამ სუფთად ისროლა, წინ გაიჭრა და კარიერაში პირველად მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული.

მთავარი სენსაცია რუსი ოლგა ვილუხინას მესამე ადგილი იყო. მან სპრინტში მხოლოდ მერვე შედეგი აჩვენა, გამოდევნებით რბოლაში კი სროლისას მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა და ისეთ აღიარებულ ოსტატებს გაუსწრო, როგორებიც არიან: ტორა ბერგერი, ჰელენა ეკჰოლმი და მარი ლორ ბრიუნე.

ოთხშაბათს ქალებს მორიგი დისციპლინა ელით - 15 კილომეტრი ინდივიდუალური რბოლა.

რბოლა გამოდევნებით
1. დარია დორმაჩოვა (ბელარუსი) - 29:39.6 (2); 2. მაგდალენა ნოიერი (გერმანია) - +25.1 (3); 3. ოლგა ვილუხინა (რუსეთი) - +1:15.4 (1); 4. ტორა ბერგერი (ნორვეგია) - +1:25.7 (3); 5. ჰელენა ეკჰოლმი (შვედეთი) - +1:28.3 (2); 6. მარი ლორ ბრიუნე (ფინეთი) - +1:31.1 (2).

* * *
მაგდალენა ნოიერისგან განსხვავებით, მამაკაცებში სპრინტის ჩემპიონმა, ფრანგმა მარტენ ფურკადმა გამოდევნებით რბოლაშიც შეძლო ოქროს მედლის მოპოვება.

ყველა ელოდა ფურკადისა და ემილ ჰეგლე სვენდსენის დაძაბულ დუელს. მიუხედავად იმისა, რომ ფურკადმა და სვენდსენმა სროლისას ოთხ-ოთხი შეცდომა დაუშვეს, ბრძოლა არ შედგა - ფრანგი იმდენად სწრაფი იყო, რომ სასტარტო უპირატესობა 45 წამამდე გაზარდა.

ფურკადს წინააღმდეგობა შვედმა კარლ იუჰან ბერგმანმა გაუწია, რომელიც ბოლო სასროლეთიდან ლიდერის რანგში გამოვიდა, მაგრამ გადამწყვეტ აღმართზე, უბრალოდ, ვერ გაუძლო ფრანგის "კოსმოსურ" ტემპს და ჩამორჩა.

აქაც მესამე პრიზიორი რუსი ბიატლონისტი აღმოჩნდა. ანტონ შიპულინმა სროლისას ერთადერთი შეცდომა პირველ სასროლეთზე დაუშვა, რამაც მეცამეტედან მესამე ადგილზე გადასვლის საშუალება მისცა.

კაცების ინდივიდუალური რბოლა დღეს გაიმართება. სწორედ ამ დისციპლინით გაგრძელდება მსოფლიოს ჩემპიონატის პროგრამა.
რბოლა გამოდევნებით

1. მარტენ ფურკადი (საფრანგეთი) - 33:39.4 (4); 2. კარლ იუჰან ბერგმანი (შვედეთი) - +5.2 (2); 3. ანტონ შიპულინი (რუსეთი) - +22.1 (1); 4. დანიელ მეზოტიჩი (ავსტრია) - +28.4 (2); 5. ემილ ჰეგლე სვენდესენი (ნორვეგია) - +45.4 (4); 6. სიმონ ფურკადი (საფრანგეთი) - +53.05 (3).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული