ვონის ახალი ისტორია

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტის ისტორია გადაწერა ამერიკელმა ლინდსი ვონმა. მან გუშინ, იტალიის კურორტ კორტინა დ'ამპეცოში სუპერგიგანტი მოიგო. ეს ვონის 47-ე ტრიუმფი იყო მსოფლიოს თასის ეტაპებზე, რითაც ის ყველა დროის სიაში მესამე ადგილზე გადავიდა.

ლინდსიმ უკან ჩამოიტოვა ავსტრიელი რენატე გიოტჩლი (46 მოგება) და ჩამორჩება კიდევ ერთ ავსტრიელს ანემარე მოზერ-პრიოლს (62) და შვეიცარიელ ფრენი შნაიდერს (55).

ვონმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ფავორიტთაგან ის ბოლო დაეშვა ტრასაზე, ყველა საშუალედო ფინიშზე პირველი იყო და საბოლოოდ, 0,61 და 0,86 წამი მოუგო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გერმანელ
მარია რიშსა და სლოვენიელ ტინა მაზეს.

ამერიკელისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რადგან მსოფლიოს თასზე 7 დეკემბრის შემდეგ არ ასულა პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე. ხუთკვირიანი მოუგებელი სერიის მიუხედავად, ლინდსი ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს წლევანდელ საერთო ჩათვლას - ის 291 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს ტინა მაზეს.

სხვათა შორის ვონი გიოტჩლის კიდევ ერთ შედეგს დაემუქრა - მათ ახლა 17-17 მოგება აქვთ სუპერგიგანტის დისციპლინაში. ლინდსი აქაც ლიდერობს მსოფლიო თასის გათამაშებას - 87 ქულით უსწრებს შვეიცარიელ ფაბიან სუტერს.

შემდეგ უქმეებზე ქალები სლოვენიაში, კრანსკა გორაში შეიკრიბებიან, სადაც სლალომსა და გიგანტურ სლალომში გაითამაშებენ პირველობას. აქ ვონი სავარაუდოდ, მეორე პლანზე იქნება, რადგან ის ჩქაროსნულ დისციპლინებში სპეციალიზდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული