ინსბრუკში ორი მონაწილე გვყავს

AutoSharing Option
გუშინ ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში სტარტი აიღო ზამთრის პირველმა ახალგაზრდულმა ოლიმპიადამ, სადაც ჩვენი ქვეყნის ღირსებას დაიცავენ ბაკურიანელიები ნიკოლოზ კოზანაშვილი და სუსანა გავა (მწვრთნელი ვახტანგ თედიაშვილი).

ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე ჩვენი სპორტსმენები ბაკურიანში კოხტაგორაზე (იგი ახალი წლის წინა დღეებში ჩადგა მწყობრში) ვარჯიშობდნენ და ზამთრის სპორტული სეზონის გახსნაშიც მიიღეს მონაწილეობა ბაკურიანში - საქართველოს პირველობაზე.

ორივე საქართველოს ნაკრების წევრია, სწავლობენ ბაკურიანის საჯარო სკოლის XI კლასში, ასაკითაც თანატოლები არიან - ორივე 1995 წელსაა დაბადებული, ორივეს უზომოდ უყვარს თხილამურები და მის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება. სუსანა გავა ნიკუშა
კოზანაშვილის მამიდაშვილია.

როგორც თვითონ ამბობენ, შეკრებებზე, განსაკუთრებით კი უცხოეთში ყოფნისას, ერთმანეთზე ზრუნავენ. ნიკუშა ინგლისურს თავისუფლად ფლობს და მამიდაშვილს თარჯიმნობასაც უწევს ხოლმე. ნიკუშამ ფეხი აიდგა თუ არა, თხილამურებს ეზიარა. ეს გასაგებიცაა, სპორტული დინასტიების (იური ოგანეზოვის და ნელი ომიაძის შვილიშვილი) ოჯახიდანაა.

სუსანას ბავშვობიდან თხილამურების საიდუმლოება მამამ - მწვრთნელმა, ლაშა გავამ შეაყვარა. სუსანას არ უნდა მამას იმედები გაუცრუოს. ორივე საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორია. ნიკუშას ყველაზე მეტად 2010 წელს მოპოვებული გუნდური პირველობის ჯილდო - 3 ლარი ახსენდება, როცა თანაგუნდელებმა სიხარულით მეგობრულად გაინაწილეს.

დიდ შეჯიბრებებში გამოსვლის გამოცდილებაც აქვთ. 2011 წლის თებერვალში ჩეხეთში ბავშვთა ოლიმპიიურ ფესტივალში მონაწილეობდნენ. გამოვიდნენ ბავშვთა ცნობილ ,,პინოქიოსა" და ,,ტოპოლინოს" საერთაშორისო შეჯიბრებებში.

ინსბრუკში ორივე ჩვენებური სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში იასპარეზებს. ნიკუშა ამბობს, რომ გიგანტში უფრო ძლიერია, მაგრამ სპეციალური სლალომი მოსწონს, სუსანას კი ორივე ერთნაირად იზიდავს, თუმცა სპეცსლალომის ტრასაზე ზოგჯერ არ უმართლებს.

სოფიკო ხეთაგაშვილი ბაკურიანიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული