ლიდერი შეიცვალა

AutoSharing Option
ჩრდილოეთ ამერიკის სამთო კურორტებზე გამართული რამდენიმე ეტაპის შემდეგ, სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშებამ ისევ ევროპაში გადაინაცვლა.

იტალიის ქალაქ ალტა ბადიაში მამაკაცებმა სპეციალურ სლალომში გაარკვიეს ურთიერთობა და ამ ეტაპის შემდეგ შეიცვალა ლიდერი საერთო ჩათვლაში.

ძირითადი ბრძოლა ოთხ მოთხილამურეს შორის გაიმართა. მათ შორის იყო ამ დისციპლინაში ოლიმპიური ჩემპიონი, იტალიელი ჯულიანო რაცოლი, რომელსაც წინა დღეს 27 წელი შეუსრულდა. მასპინძელ მოთხილამურეს პირველი ცდა არ გამოუვიდა, სამაგიეროდ, მეორეში ტრასა უშეცდომოდ გაიარა და მეორე შედეგი აჩვენა.

პირველი ცდის შემდეგ მეორე იყო მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი, ცნობილი
ხორვატი ივიცა კოსტელიჩი, რომელიც გამარჯვების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, მაგრამ რაცოლისგან განსხვავებით, კოსტელიჩს მეორე ცდა არ გამოუვიდა და პოდიუმზე ასვლის შანსი დაკარგა. მან მესამე ადგილი გერმანელ ფელიქს ნოიროიტერს დაუთმო.

ეტაპის გამარჯვებულის ბედი ავსტრიელი მარსელ ჰირშერის დაშვების შემდეგ გაირკვა. ამ მოთხილამურემ ორი კვირის წინ, კოლორადოში მოიგო გიგანტური სლალომი, ახლა კი ალტა ბადიაში იმარჯვა. ავსტრიელმა ორივე ცდა შესანიშნავად შეასრულა და დიდი უპირატესობით აჯობა მეორე ადგილზე გასულ რაცოლის, სხვაობა ამ მოთხილამურეებს შორის 56 მეასედ წამს შეადგენდა.

ამ მოგებით ჰირშერმა საერთო ჩათვლაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა - მან ცხრა ქულით გაუსწრო აწ უკვე ყოფილ ლიდერს აქსელ ლუნდ სვინდალს. ნორვეგიელმა ჩააგდო ეს ეტაპი - პირველი ცდის შემდეგ 44-ე ადგილი დაიკავა და მეორე ცდაზე დაშვების უფლება ვერ მიიღო.

მსოფლიოს თასის გათამაშება ოთხშაბათს ავსტრიის კურორტ ფლახაუში გაგრძელდება, სადაც ასევე სლალომის სტარტია დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული