ვონი უკონკურენციოდაა

AutoSharing Option
ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გრძელდება სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის მორიგი ეტაპი. ამჯერად ტრასა ქალებს დაეთმოთ, რომლებმაც სუპერ-გიგანტში გაითამაშეს პირველობა.

როგორც ყოველთვის ამ ჩქაროსნულ დისციპლინაში ფავორიტი ამერიკელი ლინდსი ვონია, რომელიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში შევიდა. ერთი კვირის წინ, ვონმა კანადის კურორტ ლეიკ ლუისში ორჯერ მოიგო სწრაფდაშვება და ერთხელ სუპერგიგანტი, ახლა კი ზედიზედ მეოთხე სტარტზე მოიპოვა გამარჯვება.

ვონმა დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის საუკეთესოდ არის მზად სეზონისთვის. ლინდსიმ ტრასა წუთსა და 10,68 წამი გაიარა და დიდი უპირატესობით აჯობა უახლოეს მდევარს, შვეიცარიელ ფაბიენ სუტერს.
სხვაობა ამ ორ სპორტსმენს შორის 37 მეასედი წამი იყო.

ვონის კიდევ ერთი კონკურენტი იყო ავსტრიელი ანა ფენინგერი, რომელიც ამერიკელის შემდეგ გავიდა სტარტზე. ეს მოთხილამურეც კარგ ფორმაში იმყოფება, მაგრამ ამჯერად ვერაფერი მოუხერხა ლინდსის დროს. დისტანციის პირველ ნახევარზე ფენინგერმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და საშუალედო ფინიშზე მეათე ადგილზე იყო, მაგრამ შემდეგ მოუმატა, რისი წყალობითაც პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო.

ვონმა კარიერაში მსოფლიოს თასის 46-ე ეტაპი მოიგო და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ავსტრიელ რენატე გიოჩლს. ახლა ეს მოთხილამურეები ყველა დროის სიაში მესამე ადგილს იყოფენ. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებათა ასეთი მდიდარი კოლექციის მიუხედავად, ვონმა პირველად გაიმარჯვა ბივერ კრიკის ტრასაზე.

რაც შეეხება მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლას, ლინდსი ვონი უკვე 136 ქულით დაშორდა უახლოეს მდევარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული