ამჯერად გამოცდილებამ იძალა

AutoSharing Option
სამთო-სათხილამურო სპორტში მსოფლიოს თასის გათამაშება ამერიკის კურორტ ბივერ კრიკში გაგრძელდა, სადაც მამაკაცებმა ამ სეზონში მესამედ გაითამაშეს პირველობა გიგანტურ სლალომში.

წელს ამ დისციპლინაში მოულოდნელ პროგრესს მიაღწია 20 წლის ფრანგმა ალექსის პინტურომ, რომელიც ერთხელ უკვე ვიხილეთ პოდიუმზე და ამჯერადაც ჰქონდა სამეულში მოხვედრის რეალური შანსი. პირველი ცდის შემდეგ მან ლიდერობა იგდო ხელთ და ფავორიტის სტატუსიც მოიპოვა.

მაგრამ მეორე ცდის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პინტურომ ტრასაზე უმნიშვნელო შეცდომა დაუშვა, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფრანგი პოდიუმის მიღმა დარჩენილიყო.

მეორე ცდა ყველაზე კარგად გამოცდილ ამერიკელ
ტედ ლიჯეტის გამოუვიდა. ის ერთადერთი იყო, ვინც იმ დღეს წუთსა და 20 წამზე ნაკლები დრო აჩვენა და ამის წყალობით, ორი ცდის ჯამში პირველობა მოიპოვა.

ლიჯეტი ფავორიტთაგან ერთადერთი იყო, ვინც ეს სტატუსი დაამტკიცა. სხვა გამოცდილი მოთხილამურეები ექვსეულშიც ვერ ვიხილეთ. სამაგიეროდ, გაიბრწყინეს ახალგაზრდებმა - ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი მეორე იყო ორი ცდის ჯამში, მესამეზე კი 23 წლის ავსტრიელი მარსელ ჰირშერი გავიდა, რომელმაც სამი დღის წინ ზუსტად ეს დისციპლინა მოიგო.

მსოფლიო თასის საერთო ჩათვლაში ლიჯეტიმ მეორე ადგილზე გადაინაცვლა - ამერიკელი 45 ქულით ჩამორჩება პირველ ადგილზე მყოფ ნორვეგიელს აქსელ ლუნდ სვინდალს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული