დაგვიანებული სასჯელი

AutoSharing Option
ავსტრიელი მოთხილამურე კრისტიან ჰოფმანი, რომელიც 2002 წლის ზამთრის თამაშების ჩემპიონია, ექვსი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღების გამო.

ჰოფმანი დაადანაშაულეს იმაში, რომ 2003-06 წლებში ის აკრძალულ პრეპარატს იყენებდა, თუმცა მას ვერც ერთი დადებითი დოპინგ-სინჯი ვერ აღმოუჩინეს, - წერს სააგენტო "როიტერი".

ავსტრიის ანტისადოპინგო სააგენტოს სადისციპლინო კომიტეტის წევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ჰოფმანი სისხლს აბარებდა ვენის ლაბორატორიაში, იქ მას "ამდიდრებდნენ", შემდეგ კი ტურნირის წინ უკან უსხამდნენ სპორტსმენს.

ანტისადოპინგო სააგენტომ დაამტკიცა, რომ მოთხილამურე კავშირში იყო ველომრბოლებთან - ბერნარდ კოლთან და მიკაელ რასმუსენთან,
რომლებიც დოპინგის
მიღებაში გამოიჭირეს. 2009 წელს ჰოფმანს პირობითი დისკვალიფიკაცია მისცეს, რის შემდეგაც ავსტრიელმა კარიერა დაასრულა. თავად სპორტსმენი, რომელსაც 25 დეკემბერს 37 წელი უსრულდება, ყოველთვის უარყოფდა ყველანაირ ბრალდებას.

2002 წელს სოლტ-ლეიკ-სიტის ოლიმპიადაზე ჰოფმანმა მეორე ადგილი დაიკავა 30-კილომეტრიან დისტანციაზე. მაგრამ მალე ამ რბოლაში პირველ ადგილზე გასული ესპანელი იოჰან მიულეგი აკრძალული პრეპარატის (დარბოპოეტინი) მიღებაში ამხილეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს, რომელიც სწორედ ჰოფმანს გადაეცა.

გარდა ამისა, ავსტრიელი ბრინჯაოს პრიზიორი იყო 50-კილომეტრიან დისტანციაზე 1998 წელს ნაგანოს ოლიმპიურ თამაშებზე, აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1999 წელს ესტაფეტაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული