მაგდალენამ მოგება დაიწყო

AutoSharing Option
შვედეთის ოსტენსუნდში მსოფლიოს თასის ეტაპი მამაკაცებსა და ქალებს შორის სპრინტით გაგრძელდა და ადგილობრივი პუბლიკის გასახარად, კაცებს შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვა შვედმა კარლ იოჰან ბერგმანმა.

ეს უკანასკნელი ყოველთვის კარგად დარბოდა სპრინტს და კარგ გუნდურ მებრძოლადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ამჯერად, ბერგმანმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, როცა მოკლე მანძილისთვის საკმაოდ კომფორტული უპირატესობით ჩამოიტოვა უკან მთავარი კონკურენტი ტეირიე ბოე. ამ ნორვეგიელს სროლისას არც ერთი შეცდომა არ დაუშვია და ასეთ პირობებში მისი დამარცხება ძალიან რთულია, მაგრამ შვედმა შეძლო ამის გაკეთება.

წინა დღეს ინდივიდუალური რბოლის გამარჯვებულმა მარტენ ფურკადმა
ვერ შეინარჩუნა სასტარტო უპირატესობა და მეოთხე ადგილი დაიკავა. კიდევ ერთი სენსაცია გახდა ამერიკელი ლოველ ბეილი - მან მეხუთე პოზიცია მოიპოვა. აღვნიშნავთ ანდრეას ბირნბახერის მეექვსე ადგილს, აგრეთვე ბევრისთვის უცნობი ავსტრიელის სვენ გროსეგერის მეათე პოზიციას.

სრული კრახი განიცადა რუსეთის ნაკრებმა. ამ გუნდის მხოლოდ ერთი ბიატლონისტი მოხვდა ქულათა ზონაში - ანტონ შიპულინმა 30-ე ადგილი დაიკავა.

*  *  *
კაცებისგან განსხვავებით, სავსებით ლოგიკური შედეგი მივიღეთ ქალების სპრინტში - გერმანელმა მაგდალენა ნოიერმა ფინიშზე ორი მეათედი წამი მოუგო ნორვეგიელ ტურა ბერგერს.

ამ კონკრეტული მომენტისთვის ამ ბიატლონისტთა მზადების დონე სხვადასხვა სიმაღლეზეა. ნოიერი იშვიათად იწყებს სეზონს სწრაფად და დღესაც ჯერჯერობით არ არის საუკეთესო ფორმაში. ბერგერმა კი ორი კვირის წინ, სათხილამურო რბოლაში მსოფლიოს თასის ეტაპზე მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც მისი მომზადების მაღალ დონეზე მეტყველებს.

მიუხედავად ამისა, გერმანელმა მაინც დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი. ნოიერმაც და ბერგერმაც თითო შეცდომა დაუშვეს სასროლეთზე და საბოლოოდ, ფინიშზე მათ შორის მხოლოდ ორი მეათედი წამი იყო სხვაობა. მესამე ადგილი დაიკავა კაისა მაკარაინენმა, რომელმაც სროლისას ორჯერ ააცილა. აღვნიშნავთ ძალიან სწრაფი სინოვე სოლემდალის მეოთხე ადგილს. ეს ნორვეგიელი თანდათან შედის ქალთა ბიატლონის ელიტაში.

ერთადერთი ბიატლონისტი ათეულში, რომელმაც უშეცდომოდ ისროლა, ფრანგი მარი ლორ ბრიუნე იყო, მაგრამ ტრასაზე მისი ტემპი მხოლოდ ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვებულთან ბელარუს დარია დორმაჩოვასთან მეოთხე ადგილის გასაყოფად აღმოჩნდა საკმარისი.
სპრინტი

კაცები

1. კარლ იოჰან ბერგმანი (შვედ) - 24:22,5 (0); 2. ტერიე ბოე (ნორ) - +7,5 (0); 3. ემილ ჰეგლე სვენდსენი (ნორ) - +13,0 (1); 4. მარტენ ფურკადი (საფ) - +16,4 (1); 5. ლოუელ ბეილი (აშშ) - +22,4 (0); 6. ანდრეას ბირნბახერი (გერ) - +40,7 (0)...

ქალები
1. მაგდალენა ნოიერი (გერ) - 22:01.7 (1); 2. ტურა ბერგერი (ნორ) - +0.2 (1); 3. კაისა მაკარაინენი (ფინ) - +15.2 (2); 4. სინოვე სოლემდალი (ნორ) - +19.2 (2); 5. დარია დორმაჩოვა (ბლრ) - +24.6 (1); 5. მარი ლორ ბრიუნე (საფ) - +24.6 (0)...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული