ნორვეგიამ კრახით დაიწყო

AutoSharing Option
ბიატლონში სეზონი ტრადიციულად შვედეთის ქალაქ ოსტერსუნდში გაიხსნა. მამაკაცებმა 20-კილომეტრიან ინდივიდუალურ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც ჩანს, წელს მსოფლიოს თასზე დიდი მიზნები აქვს ფრანგ მარტენ ფურკადს. მან პირველივე რბოლაში დაამტკიცა, რომ ამ მომენტისთვის ის სხვებზე უკეთ არის მომზადებული ახალი სეზონისთვის. სისწრაფის მიხედვით ფურკადისთვის კონკურენციის გაწევა მხოლოდ ლარს ბერგერმა შეძლო, თუმცა მანაც წააგო ათი წამი მომავალ გამარჯვებულთან. ფურკადმა სროლისას მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია საფრანგეთის ნაკრების ლიდერისთვის მოეპოვებინა ლამაზი და ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება. დღეს სპრინტის სტარტზე ფურკადი ლიდერის ყვითელი
მაისურით გავა.

მოკლედ, რბოლაში ინტრიგა მხოლოდ პოდიუმისთვის ბრძოლას ჰქონდა. მოულოდნელად გაირკვა, რომ ტოპ-სამეულში მოხვედრაზე პრეტენზიას აცხადებდა გერმანელი სიმონ შემპი, რომელიც ბიატლონში ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნდა. სხვათა შორის შარშან შემპის კარიერის გაგრძელებაც კი დადგა საფრთხის წინაშე. გერმანელმა თავისი კლასი დაამტკიცა და სასტარტო ეტაპზე მესამე ადგილი დაიკავა. მან სულ მცირედით წააგო ჩეხ მიხალ შლეზინგრთან და სულ ცოტა მოუგო ავსტრიელ დომინიკ ლანდერტინგერს.

რბოლა ჩააგდო ნორვეგიის ძლიერმა ნაკრებმა. ამ გუნდში საუკეთესო იყო რუნე ბრატსვენი, რომელმაც დიდი ხანია პერსპექტიულ ბიატლონისტად მიიჩნევენ, მაგრამ ნორვეგიის გუნდში მოხვედრა იოლი საქმე არ არის. ძალიან ცუდად გამოვიდნენ ნორვეგიელთა ლიდერები - ბრატსვენის გარდა, არც ერთი მათგანი არ შესულა საუკეთესო ოცეულში. არადა, დისტანციაზე იყვნენ ოლე ეინარ ბიორნდალენი, ემილ ჰეგლე სვენდსენი და მსოფლიოს თასის მოქმედი მფლობელი ტერიე ბოე. ბრატსვენმა კი საკმაოდ მაღალი მეშვიდე ადგილი დაიკავა.

20 კმ. კაცები
1. მარტენ ფურკადი (საფ) 53:29.8 (1); 2. მიხალ შლეზინგრი (ჩეხეთი) - +1:54.3 (1); 3. სიმონ შემპი (გერ) - +1:54.5 (1); 4. დომინიკ ლანდერტინგერი (ავსტრია) - +1:57.4 (2); 5. ევგენი უსტიუგოვი (რუს) - +2:39.4 (2); 6. კრისტოფ ზუმანი (ავსტრია) - +2:39.6 (2)...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული