ფავორიტებმა მოიგეს

AutoSharing Option
სამთო მოთხილამურეები ოკეანის გაღმა გადაბარგდნენ და მსოფლიოს თასის მეორე ეტაპი ჩრდილოეთ ამერიკის კურორტებზე ჩაატარეს.

კანადის ლეიკ-ლუისში მამაკაცებმა სწრაფდაშვებაში გაარკვიეს ურთიერთობა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა - პირველ და მესამე ადგილს შორის სხვაობა მხოლოდ 8 მეასედი წამი იყო!

პირველობისთვის ორმა შვეიცარიელმა - დიდი კუშმა და ბიტ ფოიზმა იბრძოლეს. შარშანდელი სეზონის შემდეგ კუში სერიოზულად ფიქრობდა კარიერის დასრულებას, მაგრამ გადაიფიქრა და ახლა იდეალური დაშვების წყალობით კარიერაში მსოფლიოს თასის მე-18 ეტაპი მოიგო. ცუდად არც ფოიზი გამოიყურებოდა, მაგრამ კუშმა მას გამოცდილების ხარჯზე
აჯობა. დიდიე 37 წლისაა, ფოიზი - 13 წლით უმცროსი.

მესამე გახდა ავსტრიელი ჰანეს რაიჰელტი, რომელსაც 45-ე სასტარტო ნომერი ჰქონდა, რაც თითქმის არ უტოვებდა სერიოზულ შანსს, მაგრამ ჰანესმა ფოიზთან მხოლოდ ორი მეასედი წამი წააგო, კუშთან - რვა.

შვეიცარიელებმა დუბლი შეასრულეს, ტოპ-ათეულში კი ავსტრიელების სიჭარბე შეინიშნებოდა. მოკლედ, სეზონი ლოგიკურად გაგრძელდა.
სწრაფდაშვება

კაცები
1. დიდიე კუში (შვეიც) - 1:47.28; 2. ბიტ ფოიზი (შვეიც) - +0.06; 3. ჰანეს რაიჰელტი (ავსტრია) - +0.08; 4. რომედ ბაუმანი (ავსტრია) - +0.35; 5. კლაუს კრელი (ავსტრია) - +0.47; 6. იოჰან კლერი (საფ) - +0.63; 6. ადრიენ ტეუ (საფ) - +0.63...

* * *
ასევე მეორე ეტაპი ჩაატარეს ქალებმა. ისინი ამერიკის კურორტ ასპენს სტუმრობდნენ და გიგანტურ სლალომში სცადეს ბედი.

როგორც გახსოვთ, პირველ ეტაპზე სპეციალურ სლალომში მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა ამერიკელმა ლინდსი ვონმა, რომელიც ამ დისციპლინაში არასოდეს ბრწყინავდა. მაგრამ ამჯერად ადგილობრივი პუბლიკის კერპმა ვერ შეძლო მაღალი შედეგის ჩვენება, თუმცა საერთო ჩათვლაში მისმა ძირითადმა კონკურენტმა და მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, გერმანელმა მარია რიშმა საერთოდ ვერ შეძლო ფინიშამდე მისვლა.

პირველი ცდის შემდეგ კონკურენტებზე საკმაოდ სერიოზული უპირატესობა მოიპოვა ავსტრიელმა ელიზაბეტ გიორგლმა, ხოლო გიგანტურ სლალომში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს თასის მცირე გლობუსის მფლობელი ვიქტორია რებენსბურგი მხოლოდ მეხუთე იყო. მაგრამ გერმანელს ბრწყინვალე მეორე ცდა გამოუვიდა, იოლად გავიდა პირველ პოზიციაზე და სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე რებენსბურგი მეორე იყო ფინიშზე.

მართალია, გიორგლმა პირველი ცდის შემდეგ მოპოვებული წამიანი უპირატესობა გაფლანგა, მაგრამ მაინც კმაყოფილი უნდა იყოს ამ ეტაპით. სამეულში მოხვდა ამერიკელი ჯულია მანკუზო, რომელმაც ისევ შესამჩნევად მოუმატა იმ სახეობაში, რომელმაც მას მსოფლიოს აღიარება მოუტანა.

გიგანტური სლალომი
ქალები
1. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - 2:11.25; 2. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +0.33; 3. ჯულია მანკუზო (აშშ) - +0.44; 4. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.50; 5. ლარა გუტი (შვეიც) - +0.81; 6. დენიზ კარბონი (იტა) - +0.89...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული