სამი ქვეყნის მოჭიდავე - ინტერვიუ გიორგი კეტოევთან

AutoSharing Option
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი კეტოევი 31 წლის ასაკში დაუბრუნდა აქტიურ სპორტს და რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზეც იჭიდავებს. ის უკვე მესამე ქვეყნის მოჭიდავე გახდა: დაიბადა თბილისში, მერე გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც კეტოევი გახდა, ახლა კი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ სომხეთის სახელით გამოჩნდა ხალიჩაზე და ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა.

ალბათ, ჭიდაობის ქომაგთ შეხსენებაც არ სჭირდებათ, რომ კეტოევი გვარად ქეთიშვილია, ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელ ლაშა ქეთიშვილის უმცროსი ძმაა, ხოლო მისი მშობლები დღესაც თბილისში ცხოვრობენ. ისიც ორი ქვეყნის მოქალაქეა - თბილისსა და ვლადიკავკაზს შორის მუდმივ მიმოსვლაშია,
ხან აქეთაა, ხან - იქით.

ცხადია, კეტოევს დასაბრუნებლად საკმარისზე მეტი მოტივაცია ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულია, რაც აკლია მის კარიერას. არადა, 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონად ჩავიდა და უმთავრეს ფავორიტადაც მიიჩნეოდა, მაგრამ ოქროსკენ მიმავალი გზა რევაზ მინდორაშვილმა გადაუკეტა და თავად მოირგო საჩემპიონო გვირგვინი.

კეტოევს დუშეთში შევხვდით შეკრებაზე, სადაც სომხეთის ნაკრებიცაა ჩამოსული.

- სამწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნების მოტივაცია რა იყო?
- სიმართლე გითხრათ, ამდენი დასვენებითაც დავიღალე. როცა დიდხანს ვარჯიშობ სპორტში და მერე ანებებ თავს, ძნელია. ნებისმიერს მაინც მიუწევს გული ჭიდაობისკენ. დროთა განმავლობაში მეც გამიჩნდა მონატრების გრძნობა, მეც გამიწია გულმა ლეიბისკენ და ვიფიქრე, მოდი, ვცდი-მეთქი.

ჭიდაობა სიამოვნებას მანიჭებს და ვხალისობ ჩემთვის. ვგრძნობ, რომ შემიძლია ჭიდაობა. ალბათ, ისე ლიცენზიასაც ვერ მოვიპოვებდი. ორი ტურნირიც მოვიგე, თუმცა ახლა ვემზადები ოლიმპიადისთვის და იქ გამოჩნდება ყველაფერი. როგორც იტყვიან, ლეიბი აჩვენებს ყველაფერს.

- ოლიმპიური ჩემპიონობა არ ყოფილა მოტივაცია?
- ეს უმთავრესი მიზეზია. ჩემს კოლექციაში არაა ოლიმპიური ოქრო და მინდა, ეს დანაკლისი შევავსო. დღემდე მწყდება გული, მისი მოპოვება რომ ვერ შევძელი, მაგრამ ღმერთმა ასე ინება.

- ამ პაუზის დროს რას საქმიანობდით - სპორტში იყავით, ბიზნესში თუ რა სფეროში?
- სპორტში არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ჩემთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ არა დიდი შედეგებისთვის, მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობისთვის. სამსახურიც მქონდა და ბიზნესიც, ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ პროფესიონალურად ვარჯიში მხოლოდ 5-6 თვეა, რაც დავიწყე. ისევ ვლადიკავკაზში ვვარჯიშობ მარეკ თედეევთან და იმავე სამწვრთნელო შტაბთან. თან ცოლ-შვილიც ვლადიკავკაზში მყავს და იქ არც სპარინგ-პარტნიორების პრობლემა არაა.

- ალბათ, რუსეთის ნაკრებში დიდი კონკურენციის გამო არ გიცდიათ დაბრუნება...
- მთლად ასეც ვერ ვიტყვი - სხვა ქვეყანაში გადასვლის ვარიანტი რომ არ გამოსულიყო, რუსეთიდან ვაპირებდი ჭიდაობას. ყველა ვარიანტში უნდა მეცადა, თუმცა თავიდანვე სხვაგან გადასვლაზე ვფიქრობდი. ამიტომ არ გამოვჩნდი აქამდე, თორემ გაცილებით ადრე ვიჭიდავებდი.

- რუსებმა იოლად გაგიშვეს?
- იქ ყველა ნაცნობია, მათ შორის - ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბულათ თედეევიც, რომელმაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მიხეილ მამიაშვილს უთხრა და გამიშვეს. სომხეთში გადასასვლელად საბუთები ჩემმა ცოლისძმამ მომიგვარა და წავედი.

- ადაპტაცია არ გაგიჭირდათ? თუმცა ქართველები სომხეთის ნაკრებშიც დაგხვდნენ...
- არა, ადაპტაცია არ გამჭირვებია. მე სადაც უნდა წავიდე, იქაურობასთან შეგუება არ გამიჭირდება, ყველგან ვნახავ სამეგობროს.

- სომხეთში პირობები დამაკმაყოფილებელია? გიქმნიან ისეთ პირობებს, რაც დიდ მოჭიდავეს და დიდ სპორტს სჭირდება?
- ფინანსურად რუსეთს არ შეედრება, მაგრამ ნორმალურია. სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს ესენიც მაქსიმალურად კარგად გვიქმნიან. შეკრება იქნება თუ შეჯიბრება, დაფინანსების პრობლემა არაა. უკვე მესამე შეკრებას გავდივართ - ჯერ კისლოვოდსკში გვქონდა, მერე - თავად სომხეთში, ახლა კი დუშეთში ჩამოვედით. ბოლო შეკრებას ბრაზილიაში გავივლით.

საქართველოში ჭიდაობა ძალიან გაძლიერდა და მაგრად წამოიწია. მე როცა ვვარჯიშობდი, ჭაბუკებში საქართველოს ნაკრებშიც შევდიოდი, მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი სპარინგ-პარტნიორი, არ იყო ასეთი პირობები და ამდენი მოტივაცია. ახლა დიდი ყურადღება ექცევა და მაგარი ბიჭებიც არიან. საქართველო ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოს მასშტაბით.

- საქართველოსთან და აქაურებთან ახლო ურთიერთობა გაქვთ...
- ჩემი ოჯახი, სანათესაო აქ ცხოვრობს. აქ დიდი სამეგობრო მყავს. მშობლები და ძმა აქ ცხოვრობენ, ხშირად ჩამოვდივარ და ძალიან მსიამოვნებს აქ ყოფნა.

- თავის დროზე თუ შეიძლებოდა, არ წასულიყავით და დარჩენილიყავით საქართველოში?
- მაშინ ცუდი პირობები იყო საქართველოში, სპორტს ყურადღება არ ექცეოდა. ეს ის დროა, როცა ქვეყანაში არ იყო შუქი, წყალი, სხვა ელემენტარული პირობები. მამიდაჩემი ცხოვრობდა ორჯონიკიძეში და ვიფიქრე, ჩავალ, ვივარჯიშებ, ვნახავ-მეთქი. მართლაც ჩავედი. თავიდან, თითქოს დროებით, მაგრამ შემოვრჩი იქაურობას.

- საბოლოოდ სად აპირებთ საცხოვრებლად დარჩენას - დაბრუნდებით საქართველოში თუ იქ იცხოვრებთ?
- რა აზრი აქვს, მხოლოდ აქ ვიცხოვრებ თუ - მხოლოდ იქ? ახლა აქაც ვცხოვრობ და იქაც. ხან აქ ვარ, ხან - იქ. ვნახოთ, დრო როგორც მოიტანს...

- თქვენს ოჯახზეც გვითხარით...
- ჩემი მეუღლეც საქართველოშია დაბადებულ-გაზრდილი. ამჟამად ვლადიკავკაზში ვცხოვრობთ. ორი ბიჭი მყავს. ჯერ არ ჭიდაობენ, თუმცა, ალბათ, მალე დავაწყებინებ ვარჯიშს. შეიძლება, დიდი სპორტსმენები ვერ გახდნენ ან იქნებ კიდეც გახდნენ, მაგრამ მარტო შედეგები ხომ არაა მთავარი. ვაჟკაცობას, ადამიანურ ურთიერთობას ისწავლიან, ჯანმრთელობას შეინარჩუნებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს მაგარი იცით არ ქართველობს არ ქართველობსო!!!რატომ უნდა იქართველოს ოსია ერივნებით,ერთ დროს ალანიც ძაგოშვილი იყო მაგრამ ეხლა ძაგოევია.გაიგეთ რომ საქართვრლოში ვისაც გადაქართულებული გვარი აქვს ყველა როდია ეროვნებით ქართველი...
ბაჩი
21:55 21-02-2020
0
llcl, და თურქებს რას ერჩი? გამოდის, ნაბეთქილშუკვანარ ბექირ ოზლუსაც არ უგულშემატკივრებ :)? რუს–სომხებზე გეთანხმები
მერაბი
17:14 04-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული