თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [გაგრძელება]

AutoSharing Option
გაგრძელება. დასაწყისი წინა ნომერში
თავისუფალი ჭიდაობა. მეტოქე: რუსული სკანდალი ქართული აქცენტით [VIDEO]


უხმაურო სკანდალი ფინალში
თუმცა სკანდალი არც ამით დასრულებულა, ეპიცენტრში კი ისევ ვიქტორ ლებედევი აღმოჩნდა, ამჯერად ფინალში ბოგომაევთან. ეს შეხვედრა ნამდვილად არ იყო დიდად თვალსასეირო, ბოგომაევს კი ორჯერ ჩაურთეს 30-წამიანი საჯარიმო დრო. პირველად იქნებ იმდენად არც იყო საკამათო და აკი ბურისტმა ქულაც აიღო, მაგრამ მეორედ, შეხვედრის მიწურულს, ნამდვილად არ იმსახურებდა სასჯელს. ლებედევმა ამჯერად დაიცვა თავი და ანგარიშიც გაათანაბრა, რაც მის გამარჯვებას ნიშნავდა.

პირველისგან განსხვავებით, ამ შეხვედრას მასობრივი ჩხუბი არ მოჰყოლია,
თუმცა მოგვიანებით გამარჯვებულად ორივე ფინალისტი გამოაცხადეს, სოციალურ ქსელებში კი ამ ტურნირს "ლებედევის სახელობის" უწოდეს.

ამ სკანდალმა მთელ მსოფლიოში რომ დიდი ყურადღება მიიქცია, ერთი მაგალითიდანაც ჩანს: მომხდარს ამერიკიდან ოლიმპიური ჩემპიონი ჯორდან ბაროუზი (74) გამოეხმაურა, რომელმაც ლებედევი გაკენწლა, მთელი შეხვედრა არაფერი გაუკეთებია, რა უნდა იჭიდაოსო.

სამაგიეროდ, დაღესტნელებს დაუწუნეს პროტესტის ფორმა, ასეთი ნაბიჯი დააზიანებს საერთო საქმესო.

ჩემპიონატმა განსაკუთრებით მახოვი მოისაკლისა, ის ვითარების მძევალი გახდაო, თუმცა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამბულათ თედეევმა ასეთი აზრი ზოგადად, დაღესტნის ნაკრებზე დააფიქსირა.

ამასთან, როგორც ოფიციალური განცხადებებით ირკვევა, საჭიდაოდ გასვლა გადისოვისთვის პირადად რუსეთის სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოს უთხოვია, მაგრამ ამაოდ. საქმეში პოლიტიკოსებიც ჩაერთვნენ - დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურს, ახლო წარსულის ცნობილ მოჭიდავე რამაზან აბდულატიპოვს იაკუტიის მეთაურისთვისაც კი გაუგზავნია წერილი, მაგრამ სკანდალური ვითარება ამან ოდნავადაც ვერ შეარბილა.

მახოვის განცხადება
მოგვიანებით საგანგებო განცხადება გაავრცელა მახოვმა, როგორც გუნდის კაპიტანმა, სადაც ხაზი გაუსვა, რომ მათთვის მთავარი ოლიმპიადისთვის მომზადება იყო და ამიტომ ქვეყნის ჩემპიონატს მობილიზებულნი შეხვდნენ. მან ასევე ხაზი გაუსვა გუნდში არსებულ მეგობრულ ატმოსფეროს, მოჭიდავეები ერთ დარბაზში, ერთ მაგიდასთან ვსხედვართ და ლუკმას ვუნაწილებთ ერთმანეთსო.

მისი მთავარი კითხვებია, რატომ არ მოჰყვა რეაგირება აბდულატიპოვისა და მუტკოს მოწოდებებს სამართლიანობის აღდგენის შესახებ... ეს კითხვა ყველა აინტერესებს, თუმცა ჩვენთვის საყურადღებო სხვა გარემოებაცაა: როცა იქნება, კონფლიქტი ჩაცხრება, მაგრამ მომხდარი ნამდვილად შეაფერხებს ოლიმპიადისთვის გუნდის მზადებას.

ძალიან საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები 57 კილოგრამში და ვის დააყენებენ იქ რუსები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ადრე დაწერილს: სადღეისო მდგომარეობით, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მომგები არც ერთი იქაური არ მგონია, მაგრამ ლებედევი ყველაზე არასასურველად მიმაჩნია ფულიანი სიმამრის გამო, რასაც რუსთა გავლენებიც ემატება...

ვფიქრობ, ბოგომაევის წასვლა ჩვენთვის ბევრად უკეთესი იქნება.

თედეევმა გადისოვი ჩამოწერა?
თუმცა საკითხავია, მომხდარის შემდეგ რას იზამს თედეევი და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. გითხარით, რომ რუსეთის ჩემპიონატი საოლიმპიადოდ მთავარი შესარჩევია, თუმცა დაღესტნელთა პროტესტის გამო შერჩევა-დაკვირვების საშუალება არც მიეცა.

საკითხავია, მისცემს თუ არა კიდევ შანსს დაღესტნელებს? რუსულ პრესასთან საუბარში მან განაცხადა, ოლიმპიურ ნაკრებში ადგილი დაბევებული მხოლოდ აბდულრაშიდ სადულაევს (86) აქვს, სხვა წონებში კი ძლიერები წავლენო.

მსოფლიოს ბოლო ორი ევროპისა და მსოფლიოს პირველობების მომგები სადულაევი ამჯერად გათავისუფლებული იყო, მაგრამ ისიც დაღესტნელია და მის თანაგუნდელებს შანსი თუ არ მისცეს, ვაიდა, თავადაც გაიფიცა? თუმცა თედეევის ამ განცხადების გვერდით მედიაში გაჩნდა მისი მეორე ნათქვამი გადისოვთან დაკავშირებით, ის უკვე გამოეთიშა ოლიმპიადისთვის კონკურენციასო. ნიშნავს ეს თუ არა, რომ გაფიცულ დაღესტნელებს შანსს არ აძლევს?

ეროვნებით ოს თედეევსა და დაღესტნელებს ერთმანეთი გულზე არასოდეს ეხატებოდათ და იქნებ შური მართლაც იძიოს, თუმცა ეგებ გადისოვს ობიექტური მიზეზითაც შეელია: ათლეტმა არც ისე დიდი ხნის წინ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ფორსირებულად გაიარა სარეაბილიტაციო პერიოდი. შესაძლოა, ის არცაა ფორმაში, თუმცა 97-ში მწვრთნელს ისეთი კოზირი აქვს, ეგებ, გადისოვი არც დასჭირდეს: ჟღალწვერა ჩეჩენი ანზორ ბოლტუკაევი, ვისაც რუსეთის პირველობის ფინალში ერთი წუთიც არ დასჭირვებია ლეგენდარული ჰაჯიმურატ გაცალოვის დასამარცხებლად.

შეიძლება ითქვას, გაანადგურა ეს ლეგენდა-კაცი: როგორც კი შეუვარდა წელში, იოლად გადააგდო. გაცალოვმა კონტრშეტევით ზურგს უკან გადაგდება კი სცადა, მაგრამ ბოლტუკაევმა დაუხურა, მერე კი ფეხებით "ჯვარზე" დაიჭირა და ციბრუტივით ატრიალა წინ და უკან, ვიდრე ანგარიში 10:0 არ გახდა...

სადულაევის შემდეგ ჩეჩენი მეორე "შეუჩერებელი ტანკია" თედეევის გუნდში. ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის სპეცრაზმში გამოწრთობილი ბოლტუკაევი ფიზიკურად არანორმალურად ძლიერია, რაც იარიგინის ტურნირზეც დაადასტურა, სადაც ამერიკელთა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონები პანტაპუნტით მიყარ-მოყარა.

შეხვდება მახოვი პეტრიაშვილს?
ამასობაში კი მინიშნებაც არსად გაკეთებულა თავად მახოვის მომავალთან დაკავშირებით... არადა, 57 კილოგრამის შემდეგ მძიმე წონა ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა, სადაც გენო პეტრიაშვილი ფავორიტთა შორისაა.

ამჯერად რუსეთის ჩემპიონი კრასნოიარსკში, მოდოსიანთან მოვარჯიშე დაღესტნელი მუხამაგაზი მაგომედოვი გახდა, თუმცა ამ წონის ლიდერი მაინც მახოვია.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და ვის გახდება ჩვენებურთა მეტოქე.

P.S. გუშინ რუსულ მედიაში გავრცელდა ლებედევის განცხადება, რომ ის უარს ამბობს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობაზე.

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში თედეევი ოლიმპიადაზე ალექსანდრ ბოგომაევს წაიყვანს. მით უფრო, რომ მან რუსეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში ოთარსულთანოვსაც დამაჯერებლად მოუგო, 9:1.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისევ "ჩეჩნეთის პრეზიდენტის კადიროვის სპეცრაზმში გამოწრთობილი"- რა " მოურჩენელი ჭირი" გჭირთ?! საქართველოს მოძულე კადიროვის მეხოტბეობა? სპეციალურად წერთ, რომ ... ჰოდა, რეაქციაც ადექვატურია და გარწმუნებთ, არასახარბიელო(რბილად ნათქვამია) და არაერთი ყოფილი მოჭიდავისა და თქვენი მკითხველისგან
!!!!!!!!!!!!! რედაქციას, "ცენზორს" და ...
15:12 01-06-2016
0

სიახლეები პოპულარული