მსოფლიოს ჩემპიონატის გამოხმაურება: ვინ დაინახა რიო ლას ვეგასიდან

AutoSharing Option
ფოტოზე: მსოფლიოს ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
ლას ვეგასში ჩატარებულ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენი გუნდები დიამეტრულად განსხვავებულად გამოვიდნენ - "თავისუფლებმა" თუ ჩემპიონობა, 3 მედალი და 4 ლიცენზია მოიპოვეს, ბერძენ-რომაელებმა ჩააგდეს შეჯიბრება - მხოლოდ ერთ ბრინჯაოს დასჯერდნენ და ულიცენზიოდ დარჩნენ.

არადა, ამ გუნდმა ივნისში ევროპული თამაშებიც საშინლად ჩაატარა. თუმცა მაშინ გაწბილების გვერდით მცირე იმედი მაინც იყო, რომ გააანალიზებდნენ შეცდომებს, გამოასწორებდნენ ხარვეზებს და გამოიტანდნენ სწორ დასკვნებს, რადგან მსოფლიოს ჩემპიონატზე წლეულს მედლებთან ერთად რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზურებიც თამაშდებოდა ანუ ორმაგი დატვირთვა ჰქონდა.

სამწუხაროდ, მომხდარიდან
ძალიან ცოტა დასკვნა გამოუტანიათ, რადგან დიდი პროგრესი ვერ დავინახეთ, შედეგად კი ნაკრები ულიცენზიოდ დარჩა. მართალია, არის მედალი - ლაშა გობაძე (80) მესამეზე გავიდა, რაც ნამდვილად დამსახურებაა სპორტსმენისთვის, მაგრამ არა ნაკრებისთვის, რომელსაც ბევრად მეტი შეუძლია და ასეთი მწირი მონაგარი არ ეკადრება.

სტატისტიკა ავიღოთ - 8 წევრიდან 5 პირველ-მეორე წრეშივე დაემშვიდობა ტურნირს. ესეც ამ ნაკრების სამწუხარო რეალობა გახდა - ადრე წონაში ცხრილის შუამდე მაინც თუ მიდიოდნენ, ახლა დასაწყისშივე აგებენ, ხშირად თითო შეხვედრის მოგებაც კი სანატრელი ხდება...

გასაგებია, რომ ამერიკაში აკლიმატიზაციამაც შეუშალათ ხელი, თუმცა ბოლო წლებს რომ ვუყურებთ, ნაკრებში სერიოზული ჩავარდნაა, რეალობა კი საშინლად მძიმე. ანუ ეს პრობლემები ძველია და მხოლოდ ამ ერთ ტურნირს ვერ დავაბრალებთ. ფედერაციამაც და საწვრთნელო საბჭომაც დროულად უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები, თორემ ოლიმპიადა კარს მოგვადგა, ჩვენ კი არათუ საგანგებო პროგრამით მზადება, ჯერ ლიცენზიები გვაქვს საძიებელი.

ბოლო წლებში ნანახიდან გამომდინარე, საგზურების მოპოვებაც კი გაგვიჭირდება, რადგან, როგორც გითხარით, ჩვენებს პირველი წრის გავლაც კი უჭირთ, ლიცენზიების მოსაპოვებლად კი სათანადო ტურნირებში კვარცხლბეკზე ასვლაა საჭირო.

კიდევ ვიმეორებთ - ფედერაციამაც და ნაკრების ხელმძღვანელობამაც დღე და ღამე უნდა გაასწორონ მუშაობაში, თორემ ეს გუნდი "სპორტული ტურიზმის" სიმბოლოდ იქცა და ეგაა.

"თავისუფლები" სრული გუნდით ოლიმპიადაზე?
როგორც გითხარით, ლას ვეგასში, მსოფლიოს ჩემპიონატზე "თავისუფლებმა" 3 მედალი და 4 ლიცენზია ირგუნეს, რაც ნამდვილად არაა ურიგო. თან ამ ჯილდოთა შორის არის უმთავრესი - ოქროს მედალი, რომელიც ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57) მოიპოვა. აქვე შეგახსენებთ სხვა მედალოსანთა ვინაობასაც - სანდრო ამინაშვილი (86) და გენო პეტრიაშვილი (125) მესამეზე გავიდნენ, ამ სამეულთან ერთად კი ოლიმპიადის ლიცენზია მეხუთეადგილოსანმა ელიზბარ ოდიკაძემაც (97) მოიპოვა.

არსებითად, ამ ნაკრებს ორი საგზური დარჩა საძიებელი - 65-სა და 74-ში, რაც ძნელი ამოცანა არაა. განსაკუთრებით - 74-ში, სადაც ევროპული თამაშების მესამე პრიზიორი ჯუმბერ ყველაშვილი გვყავს, მას კი ლიცენზიის მოპოვებაში ტრავმა თუ შეუშლის ხელს, თორემ მეტოქეები დიდად ვერ დააბრკოლებენ.

ცოტა რთულადაა საქმე 65-ში, სადაც ახალგაზრდა ალექსანდრე კენჭაძეს ჯერ გამოცდილება არ ჰყოფნის უფროსებთან საბრძოლველად, თუმცა წინ მთელი წელიწადია... დიდი შანსია, ეს გუნდი ოლიმპიადაზე სრულად დაკომპლექტებული წარსდგეს.

თუმცა ლას ვეგასში ამ ნაკრებსაც ბლომად პრობლემები გამოაჩნდა. მართალია, იმასაც ვითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე ნაკრებს აკლიმატიზაციის პრობლემა აწუხებდა. არადა, ამ საშიშროებას მწვრთნელები ნამდვილად ხედავდნენ და ადრე გეგმავდნენ ამერიკაში ჩასვლას ბოლო შეკრების ადგილზე გასავლელად, მაგრამ სავიზო პრობლემების გამო გეგმები ჩაეშალათ - მოგეხსენებათ, ამერიკულმა მხარემ ვიზების გაცემაზე "მარწუხებს" მკვეთრად მოუჭირა და, მაგალითად, უკრაინიდან მთავარი მწვრთნელი დატოვა სახლში, რუსეთიდან - მსოფლიოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სამსაჯო კომისიის შეფი...

ალბათ, აკლიმატიზაციის გაუვლელობის გამო იყო, რომ ნაკრებმა, მისმა ცალკეულმა მონაწილეებმა ევროპულ თამაშებზე ცოტა უფრო უკეთესი დონის ჭიდაობა აჩვენა. თუმცა სანამ ხარვეზებზე გადავალთ, მანამდე აუცილებლად უნდა ვთქვათ ხინჩეგაშვილზე, რომელმაც საუკეთესო ხარისხის, ძალიან გონივრული და გააზრებული ჭიდაობა გვაჩვენა.

კიდევ ერთხელ ხინჩეგაშვილზე
ბოლო პერიოდში ხშირად გვიხსენებია ძიუდოისტი ვალერი ლიპარტელიანი (90) თავისი საზრიანი ჭიდაობის გამო, ამიერიდან კი თუ ვინმეს შეიძლება, "ჭიდაობის პროფესორი" ვუწოდოთ, მათ შორის ვლადიმერ ხინჩეგაშვილიცაა.

დაკვირვებული ჭიდაობა მისთვის უცხო არც ადრე ყოფილა, თუმცა მაშინ აჩქარებაც ახასიათებდა, რამაც გვარიანად აზარალა, ახლა კი გამოცდილებაც საკმარისი დაუგროვდა და შესანიშნავად ანაწილებდა ენერგიას, ძალას, დროს, არც გაუმართლებლად რისკავდა, თავსაც მშვენივრად იცავდა და ძალიან იშვიათად ცდებოდა. ამასთან, მშვენიერი ჟინიანი, მიზანსწრაფული ხასიათი გამოავლინა, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობა გახდა. განსაკუთრებით - ფინალში, სადაც პირველად დადგა წაგების საფრთხის წინაშე, თუმცა ბოლომდე იბრძოლა და ჩემპიონობა გამოჰგლიჯა მეტოქესაც, ბედსაც, იღბალსაც, ყველას და ყველაფერს.

ჩვენში რაღაც მოდად იქცა წაგების მსაჯებზე გადაბრალება. კი, არბიტრები მართლაც ხშირად სცოდავენ, არცთუ იშვიათად ალალად გაკეთებულ ილეთსაც აუქმებენ, მაგრამ ხინჩეგაშვილმა დაამტკიცა - თუ შენს გასაკეთებელს ბოლომდე გააკეთებ, ვერავინ დაგჩაგრავს; ფანდს თუ გააკეთებ, მას არავინ წაგართმევს.

თავიდან, როცა შედარებით სუსტი მეტოქეები ჰყავდა, ხინჩეგაშვილის ეს ჭკვიანური ჭიდაობა იმდენად არც ჩანდა - მათთან არ სჭირდებოდა ზედმეტი დაძაბვა, მაგრამ მერე და მერე მთელი რესურსი ჩადო შეხვედრებში და თავისი ნიჭი სრულად გამოავლინა. ამ მხრივ რომელი პაექრობა გამოვარჩიოთ - ყაზახ არტააშ სანაასთან ჩატარებული მეოთხედფინალი, სადაც პოზიციის დაკარგვისთანავე წრის გარეთ მიიწევდა, რითაც შეტევასაც უშლიდა და, თან თუ რამე, მხოლოდ ქულა დაეკარგა, თუმცა რამდენჯერმე კონტრშეტევაც დაუპირისპირა და ქულებსაც გამორჩა;

ნახევარფინალში როგორ წარმატებით უბლოკავდა მაჯებს მონღოლ ბეკბაიარ ერდენებატს, და ეს მსოფლიოს მომავალი პრიზიორი როგორ პატარა ბავშვივით უსუსური გახადა...

მას ყველაფერში ეტყობოდა, რომ იმპულსურად და მოცემულ მომენტში შექმნილი ვითარების შესაბამისად კი არ მოქმედებდა ანუ იმის მიხედვით, რასაც შეხვედრა მოიტანდა, ან მეტოქის შეცდომას კი არ ელოდა, არამედ კონკრეტული გეგმა ჰქონდა, რასაც შეუცვლელად მიჰყვებოდა, თავად აკონტროლებდა და ქმნიდა სიტუაციას, კარნახობდა პაექრობის მიმდინარეობას. თუ სადმე ოდნავ მაინც გაექცეოდა სადავეები, ყველაფერს აკეთებდა მის დასაბრუნებლად და მიზანსაც აღწევდა.

თან კარგი მომზადებითაც გამოირჩეოდა ჩვენს გუნდში - ფიზიკურადაც გაუძლო საშეჯიბრო დატვირთვას, ჩოქბჯენშიც ძლიერად ჭიდაობდა და დგომშიც აკეთებდა ილეთებს, მონღოლს კი სიურპრიზიც შესთავაზა ძველი ფანდით, რომელიც ამ ტურნირზე სხვასთან არ გამოუყენებია...

ვისწავლოთ ჩოქბჯენი
თუმცა სასურველია, ჩოქბჯენში ჭიდაობა, იქიდან დატრიალება კიდევ უფრო დახვეწოს. ზოგადად, ეს უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთელ გუნდში ჩანს გამოსასწორებელი, როგორც - ფიზიკური მომზადება.

სამწუხაროდ, ამ ბოლო პარამეტრში კვლავაც არასახარბიელო მდგომარეობაა, ბევრი ადრევე იღლებოდა, უჭირდათ სუნთქვა, არ ჰყოფნიდათ ფიზიკური ძალა. ძირითადად სწორედ ამ კომპონენტით გვჯობნიან რუსები, აზერბაიჯანელები, თურქები, ირანელები და სხვები, თუმცა განსაკუთრებით პირველ ორთან იგრძნობა განსხვავება. ამ ჩემპიონატიდანაც არაერთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია, როცა ჩოქბჯენიდან დატრიალება მათი კოზირია.

ცხადია, ეს ელემენტი სხვებთანაც მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მაინც გამოერევათ ჩავარდნები, იმათთან კი მთელი გუნდი თანაბრად ძლიერადაა მომზადებული. იგრძნობა, რომ მათ ამაზე ბევრი აქვთ ნამუშევარი.

მერყეობა გვავნებს
ჩვენს გუნდში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა მერყეობა, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა მგონია, რაც, ვფიქრობ, ასევე არასათანადო ფიზმომზადებიდან მომდინარეობს - ყველაზე უკეთ სპორტსმენი გრძნობს, არის თუ არა მზად, და როცა არაა დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, ყოველთვის რიდით ჭიდაობს.

ეს მომენტი ჩვენებს განსაკუთრებით ისევ რუსებთან და აზერბაიჯანელებთან შეხვედრებში ეტყობათ. მაგალითად, ოდიკაძემ უფრო ბოლოს შეუტია რუს აბდუსალამ გადისოვს და დრო არ ეყო, თორემ თავიდანვე რომ მიძალებოდა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა.

ოდიკაძე აზერბაიჯანელ ხეტაგ გოზიუმოვს თუ უგებს, რატომ ვერ აჯობებს გადისოვს? ან იგივე გადისოვი ამერიკელთან თუ აგებს, რატომ არ შეიძლება, ჩვენც მოვუგოთ? ჩვენებურს თვით გოზიუმოვთანაც ეტყობოდა ერთგვარი სიფრთხილე - სპორტში ეს საჭირო თვისებაა (გაუმართლებელი არც რისკი ვარგა), მაგრამ არა გადამეტებული.

დაახლოებით იგივე შთაბეჭდილება დამრჩა ბექა ლომთაძეზეც (61) - ეს ქუთაისელი ბიჭი ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში შეამჩნიეს უცხოეთშიც კი, მაგრამ გვეჩვენება, რომ ზოგჯერ მეტოქესთან მიმართებაში სითამამე აკლია. ალბათ, უფრო მეტად უნდა ირწმუნოს, რომ ყველას დამარცხება შეუძლია. არადა, ძალიან ტექნიკურია, ლამაზად ჭიდაობს და გახსოვთ, როგორი ილეთები აკეთა პირველივე შეხვედრაში (მართალია, მეტოქე სუსტი იყო, მაგრამ დამუშავებაც ხომ უნდა).

ნიშანდობლივი მგონია მისი ორივე წაგება ლას ვეგასში - ორჯერვე ილეთზე თვითონ შედიოდა, მაგრამ კონტრზე დაიჭირეს... ვფიქრობთ, ექსტრემალურ სიტუაციებში უფრო სწრაფად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. დაახლოებით ამ კატეგორიაში გამყავს ოდიკაძის დაკარგული ქულებიც გოზიუმოვთან - იქაც თვითონ შედიოდა ილეთზე, მაგრამ მეტოქემ დაასწრო, დაეტაკა და გადააგდო.

ვგონებთ, სათანადო მუშაობით მწვრთნელებს ამ ხარვეზის გამოსწორებაც შეუძლიათ.

მწვრთნელებო, მიხედეთ პეტრიაშვილს!
თუმცა სამწვრთნელო შტაბთან ყველაზე მეტი პრეტენზია პეტრიაშვილთან მიმართებაში გვაქვს, რომელიც სპორტული კუთხით თითქოს ვეღარ ვითარდება. ყოველ შემთხვევაში, ლიდერებთან ბევრ მარტივ შეცდომას უშვებს.

გვესმის, რომ აკლიმატიზაცია ძნელად გადაიტანა, მაგრამ ჯერ კიდევ შარშან, ახალგაზრდულ მსოფლიოზე გამოსვლისას დავწერეთ, ერთფეროვნად ჭიდაობს, მხოლოდ ფეხში ხელით შესვლითო. სამწუხაროდ, ახლაც იგივე ვიხილეთ - ეს მართლაც ტალანტი სხვა ილეთს ვერ აკეთებს. თუმცა ამასაც ვერ ასრულებს ძველებური წარმატებით - ადრე თუ შორიდან სწრაფად შეუხტებოდა ფეხში, ახლა ასეთი შესვლა, მგონი, არც გვინახავს.

სადაა მისი ჯვარედინი მოვლებები, როცა გდებისთვის სხვადასხვა გაგრძელებას ირჩევდა, რატომ ვერ ატრიალებს ჩოქბჯენიდან მეტოქეებს, რატომ ვერ ჭიდაობს ფეხებიდან "ჯვარზე", როგორც ამჯერად მას მოუგო აზერბაიჯანელმა ჯამალედდინ მაგომედოვმა?

რატომ გაქრა მის ჭიდაობაში ეს კომპონენტები, როცა არათუ ძველის დავიწყებას, საოლიმპიადოდ ახალის დამატებას ველოდით? მით უფრო, წონითი კატეგორიის კვალობაზე სწრაფია, მოქნილი, მოძრავი, ხოლო ტექნიკა და მონაცემები ბუნებით მოდგამს. მაგომედოვს პეტრიაშვილიც და ჩვენი სხვა ფალავნებიც უკვე წლებია, პირწმინდად უგებდნენ, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ფიზიკურად ჩინებულადაა მომზადებული - ესეც ერთი კარგი მაგალითი ჩვენი მწვრთნელებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ირაკლი მადლობა შენ რომ ხარ ჭიდაობის ყველაზე კარგად მცოდნე ჟურნალისტი და აკეთებ ყოველთვის კარგ, ობიექტურ, დაღრმა ანალიზს რაც ძალიან გვჭირდება ხოლმე
mochidave
14:32 16-09-2015
0
ავტორ კარგი სტატია იყო ყველაფერი ნათლად და გასაგებად იყო წარმოჩენილი ყოჩაღ.ბერძნულ-რომაული მართლა გვივარდება რააა არადა ახალგაზრდება 4 ოქრო აიღეს
Irakli
19:33 15-09-2015
0

სიახლეები პოპულარული