ქართულმა გუნდებმა ირანში "ტახტის თასზე" გამოსვლა გამარჯვებით დაიწყეს

AutoSharing Option
19 იანვარს ირანის ქალაქ მაშადში დაიწყო ოლიმპიურ ჩემპიონ "გოლამრეზა ტახტის თასის" გათამაშება თავისუფალსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობებში, რომელიც წლეულს შეცვლილი ფორმატით, გუნდური პრინციპით ტარდება. მასში წარმატებით ჩაებნენ ჩვენი გუნდები - სასტარტო შეხვედრა ორივემ მოიგო, იმის მიუხედავად, რომ ირანში შესუსტებული შემადგენლობებით ჭიდაობენ.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ქვეჯგუფში ირანის ერთ-ერთ ნაკრებთან (მასპინძლები რამდენიმე გუნდით გამოდიან) და ბელორუსთან ერთად მოხვდა, "ბერძენ-რომაელებს" კი მეტოქედ ირანის ხორასნის პროვინციის გუნდი და ერაყი ერგოთ.

"თავისუფლებმა" პირველი შეხვედრა ბელორუსთან გამართეს და დიდი აღმავლობით ჩაატარეს - 7:1 მოუგეს. არადა, ბელორუსები
ლამის ოპტიმალური შემადგენლობით არიან ირანში ჩასულები, თუმცა ჩვენმა სათადარიგოებმა მათგან ქვა-ქვაზე არ დატოვეს. განსაკუთრებით გამოვარჩევთ ახალგაზრდა ავთანდილ კენჭაძის (74) წარმატებას ბევრად გამოცდილ აზამატ ნურიკაუსთან - 6:2. საყურადღებოა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ბექა ლომთაძის (61) მოგებაც ასადულა ლაჩინოვთან: 6:0, სხვა ქართველებს კი ასე ძლიერი კონკურენტები არ ჰყავდათ.

"ბერძენ-რომაელებმა" პირველი ორთაბრძოლა ხორასნელებთან ჩაატარეს და 4:3 მოიგეს. ხორასნელები თავიდან 2:0 დაწინაურდნენ, რადგან რამაზ სურმანიძე (59) და თორნიკე ჯანგავაძე (66) დამარცხდნენ, თუმცა შემდეგ ანტონ მამაგეიშვილმა (71) და ილია გულბათაშვილმა (75) მოიგეს. დარჩენილ შეხვედრებში ჩვენგან მხოლოდ თორნიკე ძამაშვილი (80) დამარცხდა, გიორგი ცირეკიძემ (85), მათე სოფაძემ (98) და ლევან არაბულმა (130) კი გაიმარჯვეს და საბოლოო წარმატებაც დაიბევეს.

ამ ჯგუფში გუშინვე ხორასნელებმა უსუსტეს ერაყს 6:2 მოუგეს. ახლა ჩვენებს სწორედ ერაყელებთან დარჩათ ქვეჯგუფის ბოლო შეხვედრა ჩასატარებელი და დიდი ალბათობით, ნახევარფინალის საგზურსაც გაინაღდებენ, ანუ ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავლენ.

გუშინვე მეორე ორთაბრძოლა ჩაატარეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც და ისევ მოიგეს. მათ ამჯერად ირანის "ჯავანინი" დაჯაბნეს: 6:2. ჩვენებურთაგან მოიგეს ოთარ გოგავამ (57), ბექა ლომთაძემ (61), ზურაბ იაკობაშვილმა (65), დავით ხუციშვილმა (86) და გიორგი მეშვილდიშვილმა (125).

ამ უქმეებზე კი მოსკოვში ჩვენი "ბერძენ-რომაელთა" ნაკრებიც გაემგზავრება, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ იჭიდავებს ივან პოდუბნის მემორიალში. შემადგენლობა დღეს დაზუსტდება იმის მიხედვით, ვის მისცემენ რუსეთის ვიზას, ისე კი, იქ წასაყვანი ხალხის წინასწარი სია უკვე გაცნობეთ. ოღონდ იმ სიას ორი კაცი ემატება - მინდია წულუკიძე (74) და ვლადიმერ გეგეშიძე (85). ამათ გარდა, სიაში შედიან გიორგი დავითაია (66), საჩინო დავითაია (71), გიორგი დათუნაშვილი (75), ზურაბ დათუნაშვილი, ნიკოლოზ კელასოვი (ორივე - 80), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130).

ტახტის თასი
თავისუფალი ჭიდაობა.
საქართველო - ბელორუსი 7:1
57 კგ. ოთარ გოგავა - ძიმჩუკ რინჩინაუ 11:0
61 კგ. ბექა ლომთაძე - ასადულა ლაჩინოვი 6:0
65 კგ. ზურაბ იაკობაშვილი - ვიქტორ სერადა 7:1
70 კგ. გიორგი სანოძე - მეტოქე არ გამოუცხადდა
74 კგ. ავთანდილ კენჭაძე - აზამატ ნურიკაუ 6:2
86 კგ. სანდრო ამინაშვილი - რასულ ტიხაევი 7:1
97 კგ. მამუკა კორძაია - ადლან თასოევი 3:6
125 კგ. გიორგი მეშვილდიშვილი - ვადიმ შვედოვი 10:0

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
საქართველო - ხორასანი 4:3
59 კგ. რამაზ სურმანიძე - ომიდ გადერი 10:14
66 კგ. თორნიკე ჯანგავაძე - ჰასან მოჰამედ ჰოსეინი - 0:7
71 კგ. ანტონ მამაგეიშვილი - ალირეზა ეფტეკჰარი 9:0
75 კგ. ილია გულბათაშვილი - აბოლფაზ საჰებკარი 5:1
80 კგ. თორნიკე ძიმისტარაშვილი - კეივან რეზაე 0:8
85 კგ. გიორგი ცირეკიძე - იმან ანსარი 5:1
98 კგ. მათე სოფაძე - ვაჰიდ დადკაჰი 2:0
130 კგ. ლევან არაბული - საჯად მოუსავი 8:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული