ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მორიგ ტიტულთან

AutoSharing Option
ფოტოზე: ხინჩეგაშვილს დღეს შანსი ეძლევა, ინდურ ლიგაში იმ ერთადერთი წაგებისთვის რევანში აუღოს სანდეეპ ტომარს
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
(57) და მისი "პენჯაბ როიალსი" ინდოეთის საკლუბო ლიგის ფინალში გავიდნენ და დღეს, 19 იანვარს ჩემპიონობისთვის დაუმარცხებელ "ჰარიანა ჰამერსს" შეხვდებიან.

გუშინ პენჯაბელებმა დაძაბულ ნახევარფინალში 5:4 დაამარცხეს "მუმბაი მაჰარატხი" და ახლოს არიან საბოლოო გამარჯვებასთან.

საბედნიეროდ, მოიგო ხინჩეგაშვილმაც - კაპიტანმა ამჯერადაც ღირსეულად უკაპიტნა თავის კლუბს და ჩვენმა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მიმდინარე გათამაშებაში უკვე მეორედ აჯობა ინდოელ რაჰულ ავარეს, ამჯერად - 12:5.

ეს გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპზეც
შეხვდნენ ერთმანეთს და პენჯაბელებმა მაშინაც იმარჯვეს, ოღონდ 4:3, ხოლო ხინჩეგაშვილმა ავარე დაამარცხა. გორელ ფალავანს ახლა ინდოეთის პრო-ლიგაში ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოგება დაუგროვდა. რომ არა დასანანი წაგება წინა ტურში, უდანაკარგო შედეგი ექნებოდა.

გუშინდელ ნახევარფინალში ისევ მოიგო ხინჩეგაშვილის თანაკლუბელმა, ქალთა შორის ნიგერიელმა მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანმა ოდუნაიო ფოლასადე ადეკუოროემ (53) - მასპინძელ ლალიტა სერავატს 16:0 აჯობა. აღსანიშნავია, რომ აფრიკელი ქალბატონი ზედიზედ მეორე სეზონია, ინდოეთის ლიგაში დაუმარცხებელია. პენჯაბელთაგან იმარჯვა რუსთა ციმბირელმა ილიას ბეკბულატოვმა (65) - 17:0 ინდოელ ვიკაშთან, და ასევე ინდუსმა ქალმა ნირმალა დევიმ (48), ვინც 2:2-ზე აჯობა კოლუმბიელ პან-ამერიკული თამაშების მესამეპრიზიორ კაროლინა კასტილიო იდალგოს. ასევე ფრეზე - 8:8-ზე მოიგო ინდოელმა პანკაჯ რანამაც (70) თანამემამულე პრიტამთან.

ამდენად, დღეს პრო-ლიგის ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს "პენჯაბ როიალსი" და "ჰარიანა ჰამერსი" დაუპირისპირდებიან. ხინჩეგაშვილს შანსი ეძლევა, ინდურ ლიგაში იმ ერთადერთი წაგებისთვის რევანში აუღოს მეტოქის წევრ სანდეეპ ტომარს - ჩვენებური წინა ტურში სწორედ მასთან დამარცხდა. შემადგენლობითაც "ჰარიანა" უფრო ტიტულოვანი ჩანს - რუსთა დაღესტნელი მსოფლიოს ჩემპიონები, მაგომედ ყურბანალიევი (70) და აბდუსალამ გადისოვი (97), ქალებში ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსნები, ტუნისელი მარვა ამრი (58) და შვედი სოფია მატსონი (53), დანარჩენ წონებში კი უტიტულო ინდოელები ჰყავთ.

ცხადია, პენჯაბელთა ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხინჩეგაშვილია, თუმცა მათ შემადგენლობაშია ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი და რიოს თამაშების ფინალისტი ტოგრულ ასგაროვი და ზემოხსენებული ბეკბულატოვი (ორივე - 65), იგივე ნიგერიელი ადეკუოროე და ბელორუსი მსოფლიოს მედალოსანი, ევროპის ჩემპიონი ვასილისა მარზალიუკი (75). ამდენად, "პენჯაბს" ფინალში გამარჯვების რეალური შანსი აქვს, თუმცა დაველოდოთ დღევანდელ შეხვედრას.

ხინჩეგაშვილს პრო-ლიგის ტოპ-ხუთეულში შესასვლელად ვერც ამ მოგებამ უშველა. იქ ასევე არ არის ასევე წაუგებელი ადეკუოროე. წაუგებელთაგან იქ გადისოვი და კანადელი ოლიმპური ჩემპიონი ქალი ერიკა ვიბე (75) შედიან, თუმცა ხუთეულს 9.8 კოეფიციენტით ამრი ლიდერობს. 9.4 აქვს ყურბანალიევს, 9.2 - აზერბაიჯანელთა ოლიმპიურ პრიზიორ ჯაბრაილ ჰასანოვს (74). გადისოვის ანგარიშზე 8.5-ია, 5.2 კი ვიბეს აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული