ქართველმა სამბისტებმა სოფიაში 13 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
ძიუდოისტების ჩანაცვლება სამბოში და პირიქით, ჩვეულებრივი მოვლენა რომ არის, სოფიაში სამბისტთა მსოფლიოს პირველობაზეც ვნახეთ და არამარტო ჩვენს გუნდში...

ოლიმპიურმა ძიუდომ რომ არ ჩაყლაპოს არაოლიმპიური სამბო და ამ უკანასკნელმაც თავისი თვითმყოფადობა შეინარჩუნოს, ამისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ფაქტი ერთია - კონკურენცია სამბოში გაიზარდა...

სოფიაში კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სამბოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ვასილი შესტაკოვის გაცვეთილი სიტყვები - სამბო აუცილებლად გახდება ოლიმპიური სპორტიო!

ჩვენ კი ვეჭვობთ, რომ სამბოს მამებს დღევანდელი პრივილეგირებული მდგომარეობის დაკარგვა მაინცდამაინც არ სურთ...

სოფიის "არმეეცის" სპორტის სასახლეში 26 ქვეყნის სამბისტებს შორის
ქართველმა ჭაბუკებმა გუნდური მეორე, ახალგაზრდებმა კი მესამე ადგილი მოიპოვეს (სულ 13 მედალი - 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 6 ბრინჯაო).

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ: ჭაბუკთა შორის ომარ ნიაზაშვილი (70 კგ. მწვრთნელი აკაკი ჩიმჩიური) და ახალგაზრდებში ამირან იანვარაშვილი (82 კგ. მწვრთნელი ნუგზარ მამულაშვილი). სხვათა შორის, ორივე მათგანმა წელს დუბლი შეასრულა, ისინი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები არიან.

ნიაზაშვილმა ჯერ რუმინელი მირს ჰოპი 7:0 დაამარცხა, შემდეგ რუსი სიჰან სედრაკიანი 3:1, აზერბაიჯანელი კალიგ ნიფტალიევი 2:1 და ფინალურ ორთაბრძოლაში ყირგიზ ჯამალბეკ ასილბეკულსაც 2:1 სძლია.

იანვარაშვილმა პირველ შეხვედრაში მოუგო უზბეკ იობეკ კაიროვს. შემდეგ ვადამდე დაამარცხა იაპონელი რუისიკუ ოდაგირი და მოლდოველი დორელ სკუარტა. ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველს, წარმოშობით ზემოგურჯაანელ გიორგი ქორელს დაუპირისპირდა და პირწმინდად აჯობა - 9:0.

შვიდი ფინალიდან ქართველებმა ხუთი წააგეს. ეს არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია. თუმცა ერთ ფინალზე განსაკუთრებით უნდა ითქვას, რადგან ამ შეხვედრაზე ლაპარაკობდა სოფიაში მყოფი სამბოს მთელი წარმომადგენლობა...

გორელმა უშანგი კოკაურმა (+100 კგ) უდანაკარგოდ გაიარა ფინალამდე და ისევე, როგორც ევროპის პირველობაზე (5-9 აპრილი, 2012 წ. ბუქარესტი), აქაც რუმინელ 195-კგ-იან დანიელ ნატეას დაუპირისპირდა.

ევროპის ფინალში და სოფიაშიც კოკაური 8:0-ს იგებდა ნატეასთან და ორივეგან წააგო... სოფიაში მაყურებლები გაოცდნენ, როცა ქართველმა სამბისტმა ჰაერში ბრუნზე აიტაცა და ორივე ბეჭით ოთხქულიანზე ბეჭებით დააგდო ხალიჩაზე თითქმის 200-კგ-იანი რუმინელი გიგანტი (კოკაური 115 კგ-ია).

ერთი სიტყვით, უშანგიმ თითქმის მოგებული შეხვედრა წააგო. ის უდავო ტალანტია, მაგრამ ტაქტიკურ მომზადებაში, რბილად რომ ვთქვათ, მოიკოჭლებს...

მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს ჭაბუკებში: ლევან კირკიტაშვილმა (65 კგ), უშანგი მარგიანმა (75 კგ) და ილია ოტიაშვილმა (87 კგ). ახალგაზრდებში: ირაკლი ლომიძემ (68 კგ) და უშანგი კოკაურმა (+100 კგ).

ბრინჯაო ჭაბუკებში: ირაკლი კუპატაძემ (48 კგ), გიორგი ნათათრალაშვილმა (56 კგ) და გიორგი ლაზუაშვილმა (+87 კგ).

ახალგაზრდებში: გივი ნადარეიშვილმა (52 კგ), მიხეილ ჩოხელმა (74 კგ) და თეიმურაზ ხაჩიძემ (90 კგ).

ბულგარეთის დედაქალაქში ჭაბუკებსა (1994-95 წწ. დაბ) და ახალგაზრდებს (1992-93 წწ. დაბ) შორის სამბისტთა მსოფლიოს პირველობის მთავარი მსაჯი იყო თბილისელი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ემინ რაში.

ეს საქართველოს სამბოს ერთგვარი დაფასებაა. თუმცა საერთაშორისო მსაჯები სამბოში ცოტა გვყავს და უფრო მეტი გვჭირდება...

რუსეთში მცხოვრები ქართველის, გიორგი ქორელის შესახებ ზემოთ ვთქვით. ამერიკის 10-კაციან გუნდში კი სულაც სამი ქართველი გამოდიოდა: გიორგი ფრანგიშვილი (82 კგ), მიხეილ ჭელიძე (81 კგ) და გიგა ღამბაშიძე (75 კგ).

ჭელიძე ბევრისთვის ნაცნობი ბერძნულ-რომაული სტილის თბილისელი მოჭიდავის, რაფაელ შათაშვილის შვილიშვილია. სამივე ქართველს აშშ-ში ზაზა ებელაშვილი და გიორგი შუბითიძე წვრთნის - ისინი თავიანთი ხარჯებით ჩავიდნენ ბულგარეთში...

გაისად სამბოს დაარსების 75 წლის იუბილეა. 2014 წელს კი თბილისში მსოფლიოს პირველობა გაიმართება ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის...

მსოფლიოს პირველობის პრიზიორები გუნდურში
ჭაბუკები: 1. რუსეთი - 40 ქულა, 2. საქართველო - 33 ქულა, 38 სომხეთი - 26 ქულა.
ახალგაზრდები: 1. რუსეთი - 45 ქულა, 2. ყაზახეთი - 35, 3. საქართველო - 27.

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთელი რა ეროვნებაა?:D
აწკა
11:07 18-10-2012
0

სიახლეები პოპულარული