ქართველმა სამბისტებმა სოფიაში 13 მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სოფიაში დასრულებულ ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში წარმატებით გამოვიდნენ ჩვენი გუნდები, რომლებმაც ჯამში 13 მედალი მოიპოვეს - 2 ოქრო, 4 ვერცხლი და 7 ბრინჯაო.

მონაგარს ასაკობრივად თუ დავახარისხებთ, ოდნავ უფრო წარმატებით ჭაბუკებმა იასპარეზეს, რომლებმაც ერთი ჯილდოთი აჯობეს ახალგაზრდებს. მათ წილად 7 მედალია - 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო. ჭაბუკთა შორის ყველაზე უკეთ ომარ ნიაზაშვილმა (70) იჭიდავა, ვინაიდან მთელი ტურნირი დაუმარცხებლად გაიარა, ფინალში ყირგიზ ჯამალბეკ ასილბეკსაც აჯობა და ჩემპიონი გახდა.

ეს ამბავი 14 ოქტომბერს მოხდა და იმ დღესვე
ჩვენებს კიდევ შეეძლოთ ანალოგიური წარმატების მოპოვება - ფინალში ილია ოტიაშვილიც (87) გავიდა, მაგრამ ყაზახ ნიკიტა აზაროვთან დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა. 13 ოქტომბერს ჩემპიონობის მოპოვების შანსი ლევან კირკიტაშვილმაც (65) დაკარგა, რადგან ფინალი რუს რამაზან კოძოკოვთან წააგო. ჭაბუკთაგან ბრინჯაოს პრიზიორები ირაკლი კუპატაძე (48), გიორგი ნათათრალიშვილი (56), უშანგი მარგიანი (75) და გიორგი ლაზუაშვილი (+87) გახდნენ.

ახალგაზრდების 6 მედალი ხარისხობრივად ასეა განაწილებული: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. როგორც ვხედავთ, ამათაც 3 ფინალი იჭიდავეს, თუმცა ერთ ოქროს გამორჩნენ. როგორც 13 ოქტომბერს უკვე გაუწყეთ, ეს ამირან იანვარაშვილმა (82) შეძლო, რომელმაც ფინალში რუსი გიორგი კორელი დაჯაბნა. 13-ში ორი ქართველი გავიდა ფინალში - ირაკლი ლომიძე (68) და უშანგი კოკაური (100), მაგრამ პირველი რუს ილია ილიასოვთან, მეორე კი რუმინელ დანიელ ნეტიასთან დამარცხდა. ახალგაზრდებში ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა (52), თეიმურაზ ხაჩიძემ (90) და მიხეილ ჩოხელმა (74) მოიპოვეს. გუნდურ ჩათვლაში ჭაბუკები მეორეზე გავიდნენ, ახალგაზრდები - მესამეზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული