საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ძიგორო კანოს მემორიალზე აღარ გამოვა

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრებს გეგმები შეეცვალა - ჩვენები 2-4 დეკემბერს ტოკიოში, ძიგორო კანოს სახელობის "დიდ მუზარადზე" აღარ გამოვლენ.

როგორც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი ცირეკიძემ გვითხრა, ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. ერთ-ერთი უმთავრესი საქართველოს ჩემპიონატია, რომელიც 26-27 ნოემბერს თბილისში ტარდება, ანუ ეს ორი შეჯიბრება დროში ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან.

თან ჩვენებს დეკემბერში, კანოს ტურნირის შემდეგ ევროპის საკლუბო თასი, "ოქროს ლიგა" ელოდებათ - ის 14 დეკემბერს გროზნოში ჩატარდება, სადაც ერთბაშად სამი ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ანუ ნაკრების, პრაქტიკულად, მთელი შემადგენლობა (ლიდერებიან-სათადარიგოებიანად) იქ იჭიდავებს.

დროის
უმცირეს მონაკვეთში ზედიზედ, ფაქტობრივად, შესვენებების გარეშე უწევდათ შეჯიბრებებში გამოსვლა, რასაც აკლიმატიზაცია და იაპონიაში გადაფრენა ემატებოდა. ამიტომ თავად სპორტსმენებთანაც გაიარეს კონსულტაცია და საბოლოოდ მივიდნენ იმ აზრამდე, რომ იაპონიაში არ წასულიყვნენ.

ცხადი იყო, ამ სამიდან რომელიღაცა სტარტი უნდა გამოეტოვებინათ, კანოს ტურნირი კი, თავისი ვადებიდან გამომდინარე, აქაც ყველაზე მისაღები ვარიანტი იყო. სხვა საკითხია, ამ დონის შეჯიბრების გამოტოვება (თან იქ მერე ერთობლივი ვარჯიშებიც ტარდება) წმინდა სპორტული კუთხით რომ დააკლდებათ ჩვენებს -იაპონიაში წრთობა ნებისმიერისთვის დიდი სკოლაა, მაგრამ ამ რეალობაში სხვა გამოსავალი არ ჩანდა. აქ ყველაზე ცუდად ქვეყნის ჩემპიონატია ჩასმული - აბა, საკლუბოზე გამოუსვლელობას არავინ გვაპატიებს და თან ეს ბიჭებსაც დააზარალებს ფინანსურად.

იმედია, მომავალში კალენდრის შედგენისას გაითვალისწინებენ მსგავს დეტალებს.

ამდენად, წლეულს ჩვენებს ორი შეჯიბრება დარჩათ - საქართველოს ჩემპიონატი და საკლუბო პირველობა. ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი, ვინ იჭიდავებს ან ვინ გამოტოვებს ქვეყნის პირველობას, თუმცა ცირეკიძის და მისი სამწვრთნელო შტაბის მკაცრი მიდგომაა, რომ უკლებლივ ყველა ლიდერმა იასპარეზოს.

ბუნებრივია, თუ ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა ექნება, შეღავათსაც გაუწევენ, მაგრამ შეჯიბრებიდან იოლად არავის გაათავისუფლებენ.

რაც შეეხება ევროპის საკლუბო პირველობას, როგორც გითხარით, იქ სამი ქართული კლუბი იჭიდავებს: "მებრძოლი", რომელიც ამ გათამაშების შარშანდელი გამარჯვებულია, "საგარეჯო" და "შევარდენი", რომლებმაც შარშან პირველ ლიგაში გამარჯვებით მოიპოვეს იქ გამოსვლის უფლება.

არადა, "ოქროს ლიგაში" სულ რვა კლუბია, თუმცა რუსებიც ჩვენსავით სამი გუნდით იქნებიან წარმოდგენილნი: სანკტ-პეტერბურგის "იავარა-ნევა", ნალჩიკის "გრინ ჰილი" და გროზნოს "ედელვაისი". დანარჩენებიდან ერთი პორტუგალიური "სპორტინგია", მეორე - გერმანული "აბენსბერგი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული