ძიუდოისტ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ტრაბზონში მოემზადება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი ახალგაზრდა ძიუდოისტი გოგონებიც ემზადებიან, რომლებიც ერთ კვირაში, 31 აგვისტოს, ტრაბზონში გაემგზავრებიან ერთობლივ შეკრებაზე.

მოგეხსენებათ, ჩვენებს დასკვნითი შეკრების გავლა ჰოლანდიაში სურდათ, თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ეს არ მოხერხდა და არჩევანი ისევ ძველ მისამართზე შეაჩერეს, სადაც ადრეც ხშირად ყოფილან სავარჯიშოდ ჩასულები.

თურქებს ვაჟი ძიუდოისტები უჭირთ, თორემ ქალთა ძიუდო გაცილებით მაღალ დონეზეა განვითარებული და ჩვენებს კარგი სპარინგები არ მოაკლდებათ. ისინიც სწორედ ამისთვის მიდიან იქ, თორემ ამ შეკრების გავლა საქართველოშიც შეიძლებოდა, მაგრამ აქ გუნდის ლიდერ მარიამ ჯანაშვილისთვის (52) სათანადო კონკურენტის პოვნა
უკვე ძალზე ძნელია.

ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ფინალისტი ჯანაშვილი სულ უფრო პროგრესირებს და წლეულს სხვა სიმაღლეზე ავიდა, კონკურენტები კი სათანადო ტემპით ვერ მისდევენ, რადგან მათი რაოდენობაც მეტისმეტად მცირეა, არჩევანიც არაა დიდი.

ამ წონაში ნინო მგელაძეც არის, ხოლო მზია ბებოშვილის მწყობრში ჩადგომის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება, თუმცა მას, როგორც ლიდერს და ეროვნული ნაკრების მიჯნაზე მისულს, მაინც მეტი სჭირდება. მასთან პაექრობა სხვებს კი წაადგებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თავად მისი განვითარება შევაფერხოთ. თან კარგი სპარინგები არც სხვებს აწყენთ და ამიტომ გადაწყვიტეს ტრაბზონში წასვლა, სადაც მათთან ერთად მხოლოდ თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები და ერთი ადგილობრივი კლუბიც იქნება.

გაისად იგეგმება, როგორმე გამოინახოს საშუალება, რომ ჯანაშვილი ინდივიდუალურად მაინც გაუშვან ჰოლანდიაში, ესტერ სტამთან სავარჯიშოდ, რომელიც ევროპაში აღიარებული კლუბის - "ჰაარლემ კენამიუს" წევრია. ეს თუ მოხერხდება, ჩვენი ლიდერის ოსტატობას ძალიან წაადგება, მაგრამ მთლად უკეთესი, მთლიანად გუნდს თუ გაუშვებენ იქ მოსამზადებლად.

ამასობაში გუნდს შეუერთდა მეორე ლიდერი, ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და ბავშვთა ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული მზია ბებოშვილი (52), ვინც წლეულს უკვე გადმოვიდა ახალგაზრდებში. მოგეხსენებათ, მან ფეხზე ოპერაცია გაიკეთა, რამაც რამდენიმე თვე გააცდენინა, ახლა კი უკვე შეუდგა სრული დატვირთვით ვარჯიშს და მწვრთნელ გია თენაძეს ჯანაშვილთან ერთად ისიც მიჰყავს ევროპის ჩემპიონატზე.

მწვრთნელმა სხვა წონებში საევროპოდ ადრე შეგულებულ გოგონებს ჭაბუკთა ნაკრებიდან ორიც დაუმატა - ევროპის წლევანდელი გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანი (57) და იმავე ტურნირის ფინალისტი სოფო სომხიშვილი (+70). ეს მომავალზე გათვლილი სტრატეგიული ნაბიჯია - მათ აქედანვე ამზადებს სამომავლო ბატალიებისთვის.

ამ ოთხეულის გარდა, ევროპის პირველობაზე სალომე მარგიანი (48) და ხატია ჯანაშვილიც (57) იქნებიან, თუმცა ტრაბზონში სპარინგებისთვის დამატებით კიდევ მიჰყავთ რამდენიმე სპორტსმენი: ნინო მგელაძე (52), თიკო რევაზიშვილი (57), ჭაბუკებში ევროპის შარშანდელი მესამეპრიზიორი მარიამ ჭანტურია (63, თუმცა შარშან მან ეს მედალი 57-ში მოიპოვა), მარიამ ცერცვაძე და სალომე მაყიშვილი (ორივე - +70).

ჩვენები ტრაბზონში 14 სექტემბრამდე ივარჯიშებენ და ევროპის ჩემპიონატზეც იქიდან გაფრინდებიან, რომელიც 16-17 სექტემბერს ესპანურ მალაგაში გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული