ექვსი ქართველი ძიუდოისტი "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს

AutoSharing Option
ქართველ ძიუდოისტთა ექვსეული, მწვრთნელ გიორგი ბაინდუროვის ხელმძღვანელობით, გუშინ, 14 იანვარს, დილით ტუნისში გაფრინდა, სადაც 16-17 იანვარს "აფრიკის ღია კონტინენტურ თასზე" იასპარეზებს.

შედარებით დაბალი რანგის, თუმცა კი სალიცენზიო ქულების მომცემ ამ ტურნირში საჭიდაოდ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მხოლოდ იმ წონების ფალავნები გაუშვა, სადაც რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ლიცენზიები ჯერ კიდევ არ გაგვინაღდებია - 66 და 100 კილოგრამებისა.

ორივე წონაში 3-3 ფალავანი გვეყოლება. 66-ში - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე თათარაშვილი და ბექა შავდათუაშვილი, 100-ში - ალექსანდრე მსხალაძე, გურამ თუშიშვილი და ჯაბა მუმლაძე
(100). ამათგან შაბათს 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, 100-ისა - კვირას.

ამ ექვსეულიდან დღეისათვის ყველაზე უკეთესი რეიტინგი მარგველაშვილსა და მსხალაძეს აქვთ: პირველი ადგილმონაცვლეობის პრინციპით ჯერჯერობით შედის სალიცენზიო ზონაში, რასაც ვერ ვიტყვით მეორეზე. უზნაძე მათ უკვე არსებული ქულათა მარაგის შევსების შანსს აძლევს, სხვები კი გამოსაცდელად გაუშვა. იმათგან მუმლაძე საერთოდ პირველად იჭიდავებს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა სალიცენზიო შეჯიბრებებში გამოსვლის დიდი გამოცდილება არც შავდათუაშვილსა და თათარაშვილს გააჩნიათ.

"ღია კონტინენტურ თასებზე" სალიცენზიო ქულათა მარაგი დიდი არაა - ჩემპიონი სულ რაღაც 100 ქულას მიიღებს, თუმცა ახლა ჩვენთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს. თან ამ ქულებს თამაშებამდე დარჩენილ დროში არაფერი აღარ დააკლდება, არც განულდება და არც განახევრდება. ამასთან, ეს შეჯიბრება სპორტსმენებისთვის ძალიან კარგი გამოცდა იქნება. განსაკუთრებით - ახალგაზრდებისა და გამოუცდელებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ დიდ ასპარეზზე გასვლას.

ძირითადად,  ამ ორი წონის წარმომადგენლები იჭიდავებენ მომავალ უქმეებზე - 22-24 იანვარს ჰავანაში, ოღონდ ის "დიდი პრიზის" რანგის შეჯიბრებაა, სადაც, კონტინენტური თასების 4-კაციანი კვოტისგან განსხვავებით, წონაში მხოლოდ 2 კაცის დაყენება შეგვიძლია. ამიტომ იქ წასაყვანი გუნდი ტუნისური ტურნირის შემდეგ გამოცხადდება - ვნახოთ, ვინ გამოიჩენს თავს და ვინ დაიმსახურებს კასტროს კუნძულზე წასვლას.

საინტერესოა, მაშინ მიეცემა თუ არა ახალ წონაში - 100 კილოგრამში თავის გამოჩენის შანსი ბექა ღვინიაშვილს. ისე, ცოტა მოულოდნელია, ის ტუნისურ შემადგენლობაშიც რომ ვერ ვიხილეთ. ჩანს, უზნაძე თუშიშვილისა და საქართველოს ჩემპიონატზე თავგამოჩენილი მუმლაძის გამოსვლას ელოდება - თუ რომელიმემ აჩვენა, რომ ლიცენზიისთვის ბრძოლა შეუძლია, შეიძლება, ღვინიაშვილი არც გადაიყვანონ ახალ წონაში. თუმცა ეს მაინც ჩვენი ვარაუდია, ხოლო რას ფიქრობს უზნაძე, ამაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით.

ამასობაში თავად უზნაძე ბაკურიანში იმყოფება ნაკრების ძირითად ლიდერებთან ერთად, სადაც ფიზმომზადებისთვის განკუთვნილ საბაზო შეკრებას გადის. იქ მასთან, ძირითადად, ის ფალავნები იმყოფებიან, შარშან რომ უცვლელად შედიოდნენ ეროვნულ ნაკრებში. გამონაკლისი მხოლოდ ლუხუმ ჩხვიმიანი (60) და უშანგი მარგიანია (81) - ჩხვიმიანი ჯერჯერობით კიდევ არაა ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბებული; მარგიანმა შარშან კი იჭიდავა ევროპულ თამაშებზეც და მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო თანაგუნდელებს შეკრებაზე ვერ გაჰყვა, თბილისში დარჩა სამკურნალოდ.

ბაკურიანში ამირან პაპინაშვილი, (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (ორივე - +100) ემზადებიან, ანუ ისინი, რომლებმაც, ფაქტობრივად, გაინაღდეს ოლიმპიადის საგზურები.

მათთვის ახლა მთავარი ოლიმპიადისთვის მომზადებაა და ამიტომ გადიან შეკრებას ასე განცალკევებით. დანარჩენები თბილისში ვარჯიშობენ, მათ შორის - საქართველოს შარშანდელი პირველობის უკლებლივ ყველა მედალოსანი, რადგან ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა მათგანი თვის ბოლოს, 30-31 იანვარს სოფიაში იჭიდავებს "ევროპის ღია კონტინენტურ თასზე". მედალოსანთაგან იქ მხოლოდ 60-ში გამარჯვებული პაპინაშვილი არ იჭიდავებს და, შესაძლოა, არც ფინალისტი ჩხვიმიანი წავიდეს, თორემ სხვები ყველანი გამოვლენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული