პეტერ ზაიზენბახერი აზერბაიჯანის ნაკრებიდან გაუშვეს

AutoSharing Option
გამართლდა მოარული ხმები, რაზეც ცოტა ხნის წინ "ლელო" გაკვრით წერდა - ჩვენი ძველი ნაცნობი, ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

ორი დღის წინ იქაური ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, სპორტიდან სულ ახლახან წასულმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ელნურ მამადლიმ განაცხადა: "ჩვენ არ ვეთანხმებით პეტერ ზაიზენბახერს. შესაბამისად, მასთან ხელშეკრულება არ გაგრძელდება".

ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ზაიზენბახერი იქაურ ნაკრებში დაახლოებით ერთი წლის წინ დაინიშნა და პირველი, რაც გააკეთა, გუნდი
დან... მომავალი მსოფლიოს ჩემპიონ ელხან მამადოვის (100) მოკვეთა დააპირა, აქაოდა, გუნდს ვაახალგაზრდავებ და 30 წლის სპორტსმენი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად არ მჭირდებაო... არადა, ამ თითქოს "ბებერმა" მამადოვმა წონა შეიცვალა - 90-დან 100-ში ავიდა და ამ სიტყვებიდან 8 თვეში იმავე რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

საგულისხმოა, რომ მამადოვმაც გააცდინა ზაიზენბახერის მიერ დაგეგმილი რამდენიმე მოსამზადებელი ეტაპი, როგორც 2011-ში - ირაკლი ცირეკიძემ, ვინც მსოფლიოს მაშინდელ პირველობაზე ჩვენი გუნდის ერთადერთი მედალოსანი გახდა.

ზაიზენბახერის ქართულსა და აზერბაიჯანულ კარიერაში პარალელიზმის მომენტი სხვაც ბევრია. მაგალითად, ვერც ჩვენი იქაური კოლეგები მიხვდნენ, რატომ გამოატოვებინა მწვრთნელმა მათ ნაკრებს შარშან, ნოემბრის ბოლოს ტოკიოში გამართული ძიგორო კანოს მემორიალი, ან რატომ გამოვიდნენ თებერვლის დასაწყისში პარიზის "დიდ მუზარადზე" შესუსტებული შემადგენლობით... სამაგიეროდ, იცოცხლეთ, იქაურებიც თვეობით დაჰყავდა ერთობლივ შეკრებებზე იაპონიაში, რომელიც გამორჩეულად უყვარს ავსტრიელს.

მისი გადაწყვეტილებები იქაურებისთვის იმთავითვე უცხო იყო და იქაურ მედიაში ძალიან მალევე გაჩნდა მყვირალა სათაურები შეშფოთებული აქცენტებით.

ელნურ მამადლიმ ზაიზენბახერის ყველაზე რეალური შემცვლელიც დაასახელა - გაჯიაღა გაჯიახმედოვი. თურმე ამჟამად ყველაზე რეალური მისი კანდიდატურაა. მამადლის არ დაუსახელებია, სად გააგრძელებს კარიერას ავსტრიელი, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, ის უკვე მიიწვიეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.

არაბული სამყაროს ეს ლიდერი ქვეყანა ახლა იწყებს ძიუდოს განვითარებას და უკვე გვარიან სკანდალშიც გაეხვია, როცა ერთი წლის წინ მოლდოვის ლამის მთელი ეროვნული ნაკრები, ფაქტობრივად, იყიდა მწვრთნელ ვასილ კოლცასთან ერთად. თუმცა მაშინ ისინი დისკვალიფიკაციას გადაურჩნენ, რადგან, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს გარიგება მოლდოვური ფედერაციის თანხმობით მომხდარა, ოღონდ - ჩუმად, მოლდოვური სპორტის მესვეურთაგან დაფარულად.

ზაიზენბახერი მართლა თუ მიდის არაბეთში, ესე იგი, ისინი კოლცას უშვებენ თანამდებობიდან.

თუმცა ავსტრიელის უკან ჯერ კიდევ საქართველოში მუშაობისას გამოიკვეთა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის აჩრდილი. კულუარული ხმებით, სწორედ მან გაუხერხა აზერბაიჯანში მუშაობაც, სადაც ასევე გარანტირებული ჰქონდა მაღალი ხელფასი, ანუ თბილი სკამი...

დაგვეთანხმებით, ასეთი მფარველის მეშვეობით არც კოლცას გვერდზე გაწევა და საემიროებში, ფულის ამ ნამდვილ ორმოში მოხვედრაა ძნელი. მით უფრო, კოლცას საქმეები იქ მთლად კარგად ვერ წავიდა - მართალია, მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სოლიდურ ტურნირებში რამდენიმე მედალი კი მოიპოვა, მაგრამ დოპინგზე ჩავარდა მათი ლიდერი, ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი სერგიუ ტომა (81).

მთელ ამ ამბავში ჩვენთვის საინტერესო სხვა გარემოებაა - რატომ ვუთმინეთ ზაიზენბახერს იმდენი, როცა აზერბაიჯანელებმა სულ რაღაც ერთ წელიწადში მოარჯულეს? ნუთუ სახელმწიფოებრივი თუ საზოგადოებრივი მორალი იქ მეტად აქვთ განვითარებული? ერთიც საინტერესოა - აზერბაიჯანში წასვლის შემდეგ სწორედ ზაიზენბახერმა წაიყვანა ბაქოში ქართველ ძიუდოისტთა მთელი ჯგუფი, ევროპის ვიცე-ჩემპიონ ბეთქილ შუკვანის თავკაცობით.

არ ვიტყვი, რომ მას საქართველოს ნაკრებში არაფერი გაუკეთებია - ჩვენი ბიჭების ფიზიკური კონდიციები ნამდვილად აამაღლა, მაგრამ ამ ნაბიჯით ბოლო ტორი მაინც ჩამოგვკრა! იმათ გასაგონად, ვინც შუკვანთან დაკავშირებით გვიმტკიცებდა, ადამიანი თავის არჩევანში თავისუფალია და ვერსად წასვლას ვერ დაუშლიო, ერთსაც შევნიშნავთ: ვნახოთ, ზაიზენბახერი აზერბაიჯანელებსაც თუ გაუბედავს იმავეს და იქიდანაც თუ მოხვევს ხელს ადგილობრივ ფალავნებს არაბეთში გასალალად. მაშინ მართლაც ვიტყვი, რომ თურმე კაცის დაკავება არ შეიძლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კიდევ დიდხანს გააჩერეს. საინტერესოა ყოფილი ქართველები ეხლა აზერბაიჯანელობიდან თუ გადაიქცევიან არაბებად.
shalva73
12:30 18-02-2014
0

სიახლეები პოპულარული