ავთანდილ ჭრიკიშვილი: ნაკლებს არც 2014 წლისგან მოველი!

AutoSharing Option
ქართველი ძიუდოისტები ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ და ინდივიდუალური მედლებიც საკმარისად მოიხვეჭეს. თუმცა ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირად ჩათვლაშიც ისახელა თავი - სხვა პრესტიჟულ ტურნირებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ამის დასტურად ევროპის ჩემპიონობა და მსოფლიო პირველობის ვერცხლიც კმარა!

22 წლის ძიუდოისტი წლის საუკეთესო სპორტსმენად ჯერ ოლიმპიურმა კომიტეტმა, შემდეგ კი სპორტის სამინისტრომაც აღიარა.

საქართველოს 2013 წლის საუკეთესო სპორტსმენი "კვირის პალიტრის" სტუმარია:

- ამ აღიარებით ძალიან ბედნიერი ვარ! საკუთარ ქვეყანაში ამდენ უძლიერეს სპორტსმენში გამორჩევა ჩემთვის დიდი პატივია. როცა შრომა გიფასდება, მოტივაციაც გემატება, მეტის გაკეთების სურვილი
გიჩნდება! ვერ შეგპირდებით, რომ გაისად კიდევ უფრო მაგრად ვიჭიდავებ, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, ყოველი მომდევნო წელი ამაზე უკეთესი იყოს!

- შარშან წლის საუკეთესო სპორტსმენად 20 წლის ლაშა შავდათუაშვილი დაასახელეს, წელს - 22 წლის ავთანდილ ჭრიკიშვილი... სპორტი ასე ძალიან "გაახალგაზრდავდა"?
- გაახალგაზრდავებისა რა გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ წარმატებას პატარა ასაკიდანვე მივაღწიეთ. 2010-ში წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენის ტიტული დავიმსახურე, თუმცა მერე ჩავარდნა მქონდა. უფრო სწორად, უფროსებში გადასვლის შემდეგ ადაპტაციისთვის დრო დამჭირდა.

- ახალგაზრდულ ასაკში მოპოვებულ წარმატებას შენარჩუნებაც უნდა. პოპულარობა ხომ არ შეგცვლის?
- როგორიც ხარ, ისეთი უნდა დარჩე. თუ არა და, მხოლოდ უკეთესობისკენ უნდა შეიცვალო, უფრო შრომისმოყვარე და მონდომებული გახდე.

- 2013 წელს არაერთი გამარჯვება მოიპოვე. რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?
- რუსეთის ნაკრებთან გამარჯვება მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის ფინალში! ასეთი სიხარული არც ერთი პირადი ორთაბრძოლის დროს არ განმიცდია. მით უმეტეს, 0:2-ს ვაგებდით და გამარჯვება მაინც მოვახერხეთ. რაც უნდა ვამტკიცოთ, რომ სპორტსა და პოლიტიკას ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, რუსებთან მაინც განსაკუთრებული მოტივაციით ვჭიდაობთ.

- 0:2-ით ჩამორჩენის შემდეგ ფსიქოლოგიურად არ გაგიჭირდათ? დამარცხების უფლება ხომ აღარ გქონდათ...
- ასეთ დროს ნერვიულობა დამღუპველია. არადა, როგორი საქმეა, როცა შენი წაგება მთელი გუნდის დამარცხებას ნიშნავს? თუმცა ისე ვიყავით შემართულნი, ჩვენი მაინც გავიტანეთ!

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, თავად თუ დავუშვებ ტაქტიკურ შეცდომას, თორემ დღეს ჩემს წონაში კონკურენტი არ მყავსო. ზედმეტი თავდაჯერებულობა დათვურ სამსახურს ხომ არ გაგიწევს?
- ამას მხოლოდ შედეგებიდან გამომდინარე არ ვამბობ. ჩემს წონაში თითქმის ყველა ძლიერ ძიუდოისტთან მიჭიდავია, ერთმანეთის შესაძლებლობები კარგად ვიცით და... მართლაც, რა უნდა მოხდეს, რომელიმესთან რომ წავაგო?! სულ ფორმაში ვერ იქნები, მაგრამ 2013 წელი რომ გავიხსენოთ, მხოლოდ რამდენიმე წაგება მაქვს. არადა, ყველა დიდ ტურნირზე ვიჭიდავე და უმედლოდ ერთხელაც არ დავრჩენილვარ!

- იანვრის ბოლოს ტიუმენში ახალი ტურნირის პრემიერა იგეგმება - ევროპა აზიის წინააღმდეგ! ევროპის ნაკრებში სამი ქართველი მიგიწვიეს: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვალერი ლიპარტელიანი და ადამ ოქრუაშვილი!
- ევროპის ნაკრებში პირველ ნომრებად მიგვიწვიეს, რაც უდიდესი პატივი და ქართული ძიუდოს კიდევ ერთხელ აღიარებაა! დარწმუნებული ვარ, საქართველოს იქაც ვასახელებთ! აზიელებთან იანვრის ბოლოს ვიჭიდავებთ, თებერვლიდან კი ტრადიციული ტურნირები დაიწყება - პარიზის "დიდი სლემი", დიუსელდორფის ტურნირი და ა.შ. ნაკლებს არც 2014 წლისგან მოველი!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

იხილეთ სტატია სრულად

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული