შანსი წაგებულებისთვის - ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ტარდება

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ თებერვალს, ძიუდოს აკადემიაში საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ტარდება, რომელსაც "წაგებულთა ჩემპიონატსაც" უწოდებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ის განკუთვნილია იმათთვის, ვინც ნოემბერში გამართულ საქართველოს ეროვნულ პირველობაზე მედალოსანთა შორის ვერ მოხვდა.

სამაგიეროდ, ამ ტურნირს ორმაგი და საკმაოდ საპასუხისმგებლო დატვირთვა აქვს: წაგებული ძიუდოისტები იღებენ შანსს, ისევ მოხვდნენ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, რაც საშუალებას მისცემთ, იასპარეზონ საერთაშორისო შეჯიბრებებში და დაკომპლექტდეს კლუბები საქართველოს საკლუბო პირველობისთვის.

მეორე დონის ჩემპიონატი პირველად შარშან ჩატარდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გაამართლა. მართალია, აქედან ეროვნულ ნაკრებში ვერავინ მოხვდა,
თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე რომ ეჭიდავა, მაგრამ საკლუბოსთან დაკავშირებული იმედები კი სრულად გაამართლა.

შეგახსენებთ, რომ ამ შეჯიბრების სამი მონაწილე დაემატება ეროვნული პირველობის მედალოსანთა ოთხეულს, მერე კი სპეციალური სქემით დაკომპლექტდება 7 კლუბი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს საკლუბო პირველობაში.

იმ ტურნირში ჭიდაობა საკმაოდ სარფიანი ვარიანტია, რადგან წარმატების შემთხვევაში სპორტსმენები პრემიებს იღებენ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სწორედ სათადარიგო ფალავნებისთვისაა, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, იასპარეზონ წამყვან საერთაშორისო შეჯიბრებაზე, სადაც გვარიანი საპრიზო ფონდია და ამით გამოიმუშაონ ფული.

დღევანდელ ჩემპიონატშიც არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ძიუდოისტი გამოვა, რომლებსაც ასაკობრივ გუნდებში დიდი წარმატებები მოუპოვებიათ, მათი უმეტესობა კი უკვე ეროვნული ნაკრების კანდიდატიცაა: ირაკლი კუპატაძე, ვანო ხუბაშვილი (ორივე - 60), გელა კელიხაშვილი (66), გიორგი კაციაშვილი, ბექა დონღვანი, ლევან გუგავა, გოგა ქევხიშვილი, ლუკა მაისურაძე (ხუთივე - 81), საბერძნეთიდან დაბრუნებული ვასილ ბალაბანაშვილი (90), ონისე სანებლიძე, დავით რამაზაშვილი (ორივე - 100), ნიკა სისვაძე, გიორგი ლაზუაშვილი, დავით რაზმაძე (სამივე - +100) და სხვები...

იქნებიან შედარებით უფროსებიც, რომლებიც შიდა კონკურენციაში გვარიან კონკურენციას ქმნიან: თენგიზ პაპოშვილი (73), ანზორ ხმიადაშვილი (73), თორნიკე ჯუღელი (90), რევაზ წულუკიძე (თუმცა ეს ადრე 100-ში გამოდიოდა), გიორგი ბოლოთაშვილი, გიორგი ქავთარაძე (სამივე - +100) და სხვები.

აქვე გეტყვით, რომ ამ ტურნირში არ გამოვლენ ნაკრების ის ლიდერები, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატშიც ისვენებდნენ: ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73), ზებედა რეხვიაშვილი (81), ბექა ღვინიაშვილი (90), ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვალერი ლიპარტელიანი (100), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი ადამ ოქრუაშვილი (+100).

ტურნირი ერთდღიანია, ყველა წონაში შეჯიბრებები დღესვე დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული