ბელა ხოტენაშვილი გიბრალტარის ტურნირში უპრიზოდ დარჩა

AutoSharing Option
4 თებერვალს, გიბრალტარში დამთავრდა მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც ქართველი დიდოსტატი ბელა ხოტენაშვილიც მონაწილეობდა. ბოლო, მეათე ტურში იგი ჰოლანდიელ ქსანდერ ვემერსთან დამარცხდა და 5.5 ქულით 87-ე ადგილი დაიკავა.

ქალებში 7 ქულით პირველი ადგილი (15.000 გირვანქა) ანა მუზიჩუკმა (უკრაინა) დაიკავა, 6.5-6.5 ქულით მეორე-მესამე ადგილებზე ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) და თან ჟონი (ჩინეთი) გავიდნენ.

მთავარი პრიზი (20.000 გირვანქა) ამერიკელმა ჰიკარუ ნაკამურამ მოიპოვა. ბოლო ტურის წინ რვა მოჭადრაკე 7-7 ქულით ლიდერობდა. მე-10 ტურში მათგან მხოლოდ ორმა გაიმარჯვა - ნაკამურამ დავიდ ანტონი (ესპანეთი) დაამარცხა, მაქსიმ
ვაშიე-ლაგრავმა (საფრანგეთი) სებასტიან მაზეს (საფრანგეთი) აჯობა.

ნაკამურასა და ვაშიე-ლაგრავს შორის უძლიერესის გამოსავლენად დაინიშნა დამატებითი პარტიები: ორი 10-წუთიანი შეხვედრა (ყოველ სვლაზე 5-5 წამის დამატებით) ფრედ დამთავრდა, ორი 3-წუთიანი ბლიცი (2-2 წამის დამატებით) ნაკამურამ მოიგო.

მეორე ადგილზე ვაშიე-ლაგრავი გავიდა. 7.5-7.5 ქულით მესამე-მეოთხე ადგილები ეტიენ ბაკრომ (საფრანგეთი) და სეტურამანმა (ინდოეთი) გაინაწილეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ ნანამ და ნინომ მაინც აჩვენონ შედეგი თეირანში,წარმატებები მათ
moWadrake
15:48 06-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული