ბათუმის "ნონა" ევროპის საკლუბო თასის მფლობელია

AutoSharing Option
მოჭადრაკეთა ევროპის საკლუბო თასზე ბათუმის "ნონამ" ქალთა შორის 2014-15 წლებში პირველი ადგილები დაიკავა, შარშან ვერცხლს ("მონტე კარლომ" გაუსწრო) დასჯერდა, ახლა კი, თასის 22-ე გათამაშებაში ზღვისპირელებმა 14 შესაძლებლობიდან 11 გუნდური ქულა მოაგროვეს და ტიტული დაიბრუნეს.

გასულ უქმეებზე შვეიცარიული სისტემით შეჯიბრების ბოლო ორი ტურის პაექრობები გაიმართა.

მეექვსე ტურში "ნონამ" რუსულ "ლეჯესის" 3:1 აჯობა: ნანა ძაგნიძემ პირველ დაფაზე შავი ფიგურებით ალინა კაშლინსკაიას მოუგო, ნინო ბაციაშვილმ, ასევე შავებით მესამე დაფაზე დარია ვოიტს სძლია, ხოლო ჰარიკა დრონავალი და ბელა ხოტენაშვილი, შესაბამისად, ეკატერინა კოვალევსკაიას და ანასტასია
სავინას დაუზავდნენ.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დასრულდა: "იუგრა" (რუსეთი) -"ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი) 2:2, "ბოსა ნოვა" (ბელორუსი)-"ანატოლია" (თურქეთი) 3:1, "სტუდენტეს მედიცინა" (რუმინეთი) -"აეგენი" (თურქეთი) 4:0, "ფილიდორი" (საფრანგეთი) -"ბეერ შევა" (ისრაელი) 2:2, "მარმარა" (თურქეთი) -"მედიტერანიანი" (თურქეთი) 4:0.

ბოლო, მე-7 ტურში ბათუმელები რუმინელებს დაუზავდნენ: "ნონა"-"სტუდენტეს მედიცინა" 2:2 (ნანა ძაგნიძე-ელიზაბეტ პეტცი 0.5:0.5, ჰარიკა დრონავალი-მიხაელა სანდუ 0.5:0.5, ნინო ბაციაშვილი-ელენა კოსმა 0:1, ბელა ხოტენაშვილი-ანჟელა დრაგომირესკუ 1:0); მართალია, აზერბაიჯანის "ოდლარ იურდუმ" ბოლო ტურში მასპინძელთა "მარმარა" დაამარცხა 2.5:1.5 და, "ნონას" მსგავსად, 11 გუნდურ ქულას მოუყარა თავი, მაგრამ აზერბაიჯანელები ზღვისპირელებს დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩნენ და ვერცხლის მედალს დაყაბულდნენ.

"ბოსა ნოვამ" და "იუგრამ" ფინიშზე, შესაბამისად, "ფილიდორი" და "მედიტერანიანი" დაჯაბნეს (4:0, 4:0) და 10-10 ქულა მოაგროვეს. უკეთესი კოეფიციენტით ბრინჯაოს მედალი ბელორუსებს ერგოთ. დანარჩენი ორი შეხვედრის შედეგები: "ბეერ შევა"-"ლეჯესი" 1:3, "აეგენი"-"ანატოლია" 1:3.

საბოლოო მდგომარეობა: "ნონა" (ბათუმი) - 11, "ოდლარ იურდუ" (აზერბაიჯანი) - 11, "ბოსა ნოვა" (ბელორუსი) - 10, "იუგრა" (რუსეთი) - 10, "ლეჯესი" (რუსეთი) - 8, "სტუდენტეს მედიცინა" (რუმინეთი) - 8, "ანატოლია" (თურქეთი) - 8, "მარმარა" (თურქეთი) - 6, "ბეერ შევა" (ისრაელი) - 5, "ფილიდორი" (საფრანგეთი) - 5, "აეგენი" (თურქეთი) - 2, "მედიტერანიანი" (თურქეთი) - 0 ქულა.

ევროპის თასის მოპოვებაში დაფების მიხედვით "ნონას" (დელეგაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭანტურია, კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე, მწვრთნელები - დავით ჯოჯუა და ხვიჩა სუპატაშვილი) წევრთა პირადი წვლილი ასეთია: ნანა ძაგნიძე - 5 (7 პარტიიდან), ჰარიკა დრონავალი - 3 (6), ნინო ბაციაშვილი - 4.5 (6), ბელა ხოტენაშვილი - 4 (6), სალომე მელია - 1 (3). პირველ და მესამე დაფებზე ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა ოქროს მედლები დაიმსახურეს, მე-4 დაფაზე ბელა ხოტენაშვილს ბრინჯაო ხვდა.

ვაჟთა თასის 33-ე გათამაშებაში პირველი ადგილი "ოდლარ იურდუმ" (აზერბაიჯანი) მოიგო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს ის ინდოელიაა ნანა რო გამოტიშა მსოფლიოდაან/მარტო ამის გამო არ მოვიწვევდი ქართულ კლუბში მარა იტყვიან ეხლა სპორტიაო.მის მაგივრად ქართველი რო ეთამაშებინათ არაა/ ეხლა ბოლო პარტია კი დაიჭირა და გადაარჩინა ქართველები მარა არ ითამაშა მთელი ძალით.მერე დაჯდება ინდოეთის სახელით და დაგვამატცხებს.არავინ გყავტ ახალგაზრდა ქართველი რომ ცაგესვათ გუნდში.აზერებმა როგორ უნდა გაჯობონ((((
aleqsandre
10:52 18-10-2017
1
ეს გუნდი ბათუმის კი არ არის არამედ არის ჩვენი ოლიმპიური ნაკრები,რომელიც გაზლიერებული იყო ინდოეთის ოლიმპიური ნაკრების პირველი ნომრით.
giorgi
17:18 17-10-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული