მერი არაბიძე მსოფლიოს 8 საუკეთესო ქალ მოჭადრაკეთა შორისაა

AutoSharing Option
სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა დიდოსტატმა მერი არაბიძემ 25 მარტს ლიტველი ვიქტორია ჩმილიტე დაამარცხა და მსოფლიოს რვა მოჭადრაკეს შორის დაიმკვიდრა ადგილი.

ბალტიისპირელი დიდოსტატი ევროპის ჩემპიონატების 2011 წლის გამარჯვებული და სამგზის (2003, 2008, 2010) ვერცხლისპრიზიორია.

მსოფლიო კლასიფიკაციაში ამჟამად 2530 პუნქტით მეშვიდე ადგილზეა. 21 წლის არაბიძეს, რომელმაც ჭადრაკის თამაში ანზორ მაჩიტიძესთან დაიწყო, ბოლო რამდენიმე წელიწადია, ალექსანდრე არსენიძე (იგი სოჭში თან ახლავს შეგირდს) ავარჯიშებს, თანატოლებში საქართველოს მრავალგზის გამარჯვებული, ევროპისა და მსოფლიოს პირველობების სამ-სამგზის ჩემპიონი და შვიდგზის ვერცხლისპრიზიორია. საქართველოს 2012 წლის ქალთა ჩემპიონატში
ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მსოფლიო რეიტინგში 2374 პუნქტით 94-ე ადგილზეა.

მერვედფინალის პირველ კლასიკურ პარტიაში არაბიძემ თეთრებით ჩმილიტესთან პაექრობისას მიტელშპილში მოსაგები პოზიცია მიიღო, მაგრამ უპირატესობის ბოლომდე რეალიზება ვერ შეძლო.

მეორე პარტიაც ყაიმით დასრულდა. 25 მარტს ტაიბრეიკების პირველი 25-წუთიანი შეხვედრა მერიმ შავი ფიგურებით ეტლების ენდშპილში 43-ე სვლაზე მოიგო, თეთრებით კი დაძაბული ორთაბრძოლის 101-ე სვლაზე დაუზავდა მეტოქეს, საბოლოოდ გაიმარჯვა 2,5:1,5 და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოელ დიდოსტატ ჰარიკა დრონავალის დაუპირისპირდება.

აზიელი მოჭადრაკე კლასიფიკაციაში 2492 პუნქტით მე-16 საფეხურზეა, 20-წლიანებში მსოფლიოს ჩემპიონმა 2012 წელს ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატში ნოკაუტ-სისტემით ნახევარფინალს უწია, სადაც მსოფლიოს და ევროპის ბულგარელ ჩემპიონ ანტოანეტა სტეფანოვასთან დამარცხდა.

25 მარტს ინდოელმა მსოფლიოს და ევროპის რუსი ჩემპიონი ალექსანდრა კოსტენიუკი ჩამოიშორა გზიდან - 2.5:1.5. ნატალია პოგონინამ (რუსეთი) მარი სებაგს საფრანგეთი) აჯობა - 3:1.

26 მარტს, მე-4 რაუნდის პირველ ტურში ითამაშებენ: მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2526)-ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2581), ნატალია პოგონინა (რუსეთი, 2456)-ჟაო სიუე (ჩინეთი, 2527), პია კრამლინგი (შვედეთი, 2495)-ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2552), მერი არაბიძე (2374)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი, 2492).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული