მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს მერი არაბიძე შემორჩა

AutoSharing Option
24 მარტს სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მერვედფინალის განმეორებითი პაექრობები გაიმართა. მერი არაბიძე ლიტველ ევროპის ექსჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს მეორე კლასიკურ პარტიაშიც დაუზავდა. ანგარიშია 1:1. მათ შორის უძლიერესის ვინაობას 25 მარტს ტაიბრეიკები დაასახელებს.

სამწუხაროდ, შეჯიბრებას გამოეთიშნენ საქართველოს ნაკრების წევრები - ბელა ხოტენაშვილი და ლელა ჯავახიშვილი. ხოტენაშვილი პირველ ტურში ჩინელ ჟაო სიუესთან დამარცხდა, 24 მარტს კი მეტოქეს დაუზავდა და ორპარტიანი მინი-მატჩი 0,5:1,5 დათმო.

ასეთივე ანგარიშით დასრულდა ჯავახიშვილისა და უკრაინელი ანა მუზიჩკის პაექრობა. შავებით ქართველი დიდოსტატი მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა, თეთრებით კი დამარცხდა და
ჩემპიონატს დაემშვიდობა.

მერვედფინალის დანარჩენი პაექრობები ასე დასრულდა: ალისა გალიამოვა (რუსეთი)-ჰამფი კონერუ (ინდოეთი) 0:2, ნატალია პოგონინა (რუსეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი) 1:1, ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი)-ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) 1:1, მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) 1,5:0,5, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი) 0.5:1.5.

ორი კლასიკური პარტიის შემდეგ სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა. ამ წყვილებში მეტოქეები 25 მარტს ტაიბრეიკებს ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული