მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრძოლას სამი ქართველი განაგრძობს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე სოჭში, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ნოკაუტ-სისტემით ტარდება, მეორე წრის შეხვედრები გაიმართა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ოთხი ქართველი დიდოსტატი იბრძოდა.

პირველი ტურის კლასიკური პარტიები ჩვენმა მანდილოსნებმა ყაიმით დაასრულეს. მეორე ტურში შესანიშნავად ითამაშა მერი არაბიძემ, რომელმაც შავი ფიგურებით 34-ე სვლაზე დაამარცხა კუბელი მარერო ლოპესი და მერვედფინალში გავიდა, სადაც რუსი ეკატერინა კოვალევსკაიას მძლეველ (1.5:0.5) ლიტველ ევროპის ჩემპიონ ვიქტორია ჩმილიტეს შეხვდება.

წარმატებას მიაღწია ლელა ჯავახიშვილმაც. მე-2 წრის მე-2 ტურში იგი თეთრებით ეთამაშებოდა ჩინელ თან ჟონს. 49 სვლის განმავლობაში უპირატესობას ჩვენებური ფლობდა, მაგრამ
50-ე სვლაზე დაშვებული შეცდომით მატჩის სადავეები მეტოქეს გადააბარა. აზიელმა ვერ შეირგო საჩუქარი: პირიქით - 52-ე და 54-ე სვლებზე მიუტევებელი შეცდომებით საშამათო პოზიცია მიიღო და 55-ე სვლაზე საათი გააჩერა. ჯავახიშვილმაც ორი მატჩის ჯამში 1.5:0.5 გაიმარჯვა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი დიდოსტატი აქ უკრაინელ ანა მუზიჩუკთან გაარკვევს ურთიერთობას. ამ უკანასკნელმა რუსი ალექსანდრა გორიაჩკინა ჩამოიშორა გზიდან - 1.5:0.5.

ძლიერი ჩინელი დიდოსტატი ჟაო სიუე ჰყავდა მეტოქედ სალომე მელიას, რომელსაც თეთრი ფიგურებით დაუზავდა, მაგრამ შავებით სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია, დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა. ორი კლასიკური პარტია ბელა ხოტენაშვილსა და ჰუან ძიანს (ჩინეთი) შორის ყაიმით დასრულდა - პირველი 33-ე, მეორე კი მე-13 სვლაზე.

22 მარტს მათ შორის უძლიერესი რაპიდს უნდა დაესახელებინა, მაგრამ 25-25 და 10-10-წუთიან პარტიებში (ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) მეტოქეებმა უპირატესობას ვერ მიაღწიეს. დაინიშნა ორი ხუთ-ხუთწუთიანი პარტია (ყოველ სვლაზე 3-3 წამის დამატებით). ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით გაიმარჯვა, თეთრებით ყაიმს მიაღწია და მესამე წრეში მელიას მძლეველ ჩინელთან - ჟაო სიუესთან (ცხრა ჩინელიდან მხოლოდ ის შემორჩა შეჯიბრებას) გაარკვევს ურთიერთობას.

22 მარტს, ხოტენაშვილი-ძიანის გარდა, რაპიდებში კიდევ ხუთი წყვილი დაუპირისპირდა ერთმანეთს. ევროპულ დროზე გადასვლასთან დაკავშირებით, დაზარალდა უკრაინელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ანა უშენინა, რომელმაც რაპიდის პირველ პარტიაზე დააგვიანა და ფრანგ მარი სებაგთან წაგება ჩაეთვალა. მეორე პარტიაში კი მეტოქეები დაზავდნენ. მედლისთვის ბრძოლას ფრანგი განაგრძობს.

ამდენად, მერვედფინალის პირველ ტურში, 23 მარტს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: ჰამპი კონერუ (ინდოეთი)-ალისა გალიამოვა (რუსეთი), მარია მუზიჩუკი (უკრაინა)-ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა)-მერი არაბიძე, ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი)-ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), ნატალია პოგონინა (რუსეთი)-მარი სებაგი (საფრანგეთი), ჟაო სიუე (ჩინეთი)-ბელა ხოტენაშვილი, ანა მუზიჩუკი (უკრაინა)-ლელა ჯავახიშვილი, ვალენტინა გუნინა (რუსეთი)-პია კრამლინგი (შვედეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული