მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი: ბელა ხოტენაშვილი მეორე წრეში გავიდა

AutoSharing Option
სოჭში გრძელდება მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი ნოკაუტ-სისტემით, რომელშიც საქართველოს ექვსი წარმომადგენელი ჩაება.

18 მარტს მე-2 წრეში თამაშის უფლება მოიპოვა ბელა ხოტენაშვილმა. პირველ ტურში მან შავი ფიგურებით თურქ კუბრა ოზთურქს აჯობა, 18 მარტს კი თეთრებით ყაიმის მიღწევა არ გასჭირვებია, მინი-მატჩში გაიმარჯვა 1,5:0,5 და მეორე რაუნდში ჩინელ ჰუან ქიანსა და რუს ბაია კოვანოვას შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ორი დიდოსტატის დაპირისპირება კი კლასიკური პარტიებით ფრედ - 1:1 დამთავრდა. უძლიერესს დღეს ტაიბრეიკები დაასახელებს.

ლელა ჯავახიშვილმა ასპარეზობის პირველ დღეს თეთრი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილს მოუგო, მაგრამ
გუშინ, განმეორებით პაექრობაში შავი ფიგურებით 56-ე სვლაზე დანებდა მეტოქეს და ანგარიშშიც წონასწორობა აღდგა - 1:1.

მერი არაბიძისა და გერმანელ ელიზაბეტ პეტცის ორივე პარტია ყაიმით დასრულდა. ამდენად, აქაც ანგარიში თანაბარია - 1:1. 95 სვლა გათამაშდა ევროპის ორგზის პრიზიორ სალომე მელიას და ირინე ხარიშმა სუკანდარის გუშინდელ დრამატულ პარტიაში (პირველი შეხვედრა ყაიმით დასრულდა). მე-18 სვლისთვის ქართველი დიდოსტატის უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ორიოდე სვლაში უხეში შეცდომით მატჩის სადავეები მეტოქეს გადააბარა. 70-ე სვლიდან ორმხრივ ცაიტნოტში მელიამ კარგად გამოიყენა მეტოქის შეცდომები და კვლავ ხელთ იგდო ინიციატივა. 82-ე სვლაზე აშკარად მოსაგები პოზიციაც მიიღო, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო და საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა - 1:1. სამივე წყვილში გამარჯვებულს დღევანდელი ტაიბრეიკები გამოავლენს.

სამწუხაროდ, შეჯიბრებას გამოეთიშა ნინო ხურციძე. პირველ ტურში მან თეთრი ფიგურებით ეკატერინა კოვალევსკაიასთან (რუსეთი) წააგო, გუშინდელ პარტიაში კი მეტოქეები დაზავდნენ, რამაც ორი პარტიის ჯამში წარმატება ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მოუტანა...

პირველი წრის ორი ტურის შემდეგ მეორე რაუნდში გავიდნენ: ჰამფი კონერუ (ინდოეთი), ძიუ ვენძიუნი (ჩინეთი), ანა მუზიჩუკი (უკრაინა), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ალექსანდრა კოსტენიუკი, ვალენტინა გუნინა (ორივე - რუსეთი), ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), ბელა ხოტენაშვილი, პია კრამლინგი (შვედეთი), ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი), მარერო ლოპესი (კუბა), თან ჟონი (ჩინეთი), ანა უშენინა (უკრაინა), მარი სებაგი (საფრანგეთი), ირინა კრუში (აშშ), ქეთევან არახამია-გრანტი (ჰოლანდია).

ჩვენმა თანამემამულემ 2013 წლის ევროპის ჩემპიონი - უნგრელი ჰოანგ თან თრანგი დაამარცხა. ინა გაპონენკო (უკრაინა), ოლგა გირია (რუსეთი), ეკატერინა კოვალევსკაია, ნატალია პოგონინა (ორივე - რუსეთი) და თინჯი ლეი (ჩინეთი). დანარჩენ წყვილებში გამარჯვებულები დღეს გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული