ქართველი მოჭადრაკე ქალები დღეს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვლენ

AutoSharing Option
16 მარტს სოჭში მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი საზეიმოდ გაიხსნა, რომელშიც პლანეტის 64 უძლიერესი დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩემპიონის გვირგვინისთვის იბრძოლებს.

ოქროს მაძიებელთა შორის არ იქნება ტიტულის ამჟამინდელი მფლობელი ჰოუ იფანი (ჩინეთი), რომელმაც ტურნირში მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც ნებაყოფლობით გვირგვინის დათმობას ნიშნავს.

ჩინელი დიდოსტატი უკმაყოფილოა ქალებში მსოფლიოს ჩემპიონობისთვის პაექრობის ორგვარი სისტემით: ნოკაუტ-სისტემა და გრან პრი + მატჩი. ძნელია, ჰოუ იფანს არ დაეთანხმო - ქალთა მსოფლიოს ჩემპიონობის მოსაპოვებლად, მართლაც, ბევრი რამ ჩახლართული და გაუმართლებელია, თუნდაც ნოკაუტ-სისტემა, სადაც ძლიერებზე მეტად ქუდბედიანებს უმართლებთ, მაგრამ
ეს ფიდეს პრობლემაა და ადრე თუ გვიან, ალბათ, თავსაც დაადგამს. ჩვენ კი სოჭს დავუბრუნდეთ.

რუსეთის ამ ზღვისპირა ქალაქში, სადაც მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია) ჩემპიონის ტიტული დაიცვა ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) პაექრობისას, როგორც ვთქვით, 64 მანდილოსანი ჩავიდა. მათ შორის ექვსი ქართველი დიდოსტატია.

პირველ ხუთ რაუნდში მეტოქეები ორ-ორი კლასიკური პარტიით დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ორთაბრძოლის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკები გამოავლენს. ჯერ ორი სწრაფი პარტია (25 წუთს + 10 წამი ყოველ სვლაზე) გაიმართება. თუ ესეც არ ეყო უძლიერესის გამოვლენას, მეტოქეები ორ ათ-ათწუთიან პარტიას ითამაშებენ 10-10 წამის დამატებით. საჭიროების შემთხვევაში, ორ-ორი ხუთწუთიანი ბლიცი და "არმაგედონი" (ყაიმი შავების სასარგებლოდ) დაინიშნება. ფინალისტები ოთხ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ.

შეჯიბრებაში მონაწილეობენ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები: ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) და ანტოანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი), მსოფლიოს ჩემპიონი ანა უშენინა (უკრაინა), ორ-ორგზის ევროპის ჩემპიონები - ტატიანა კოსინცევა, ვალენტინა გუნინა (ორივე - რუსეთი) და პია კრამლინგი (შვედეთი), სხვადასხვა წელს ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებულები - ნატალია ჟუკოვა (უკრაინა), ეკატერინა ატალიკი (თურქეთი), ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა), ჰოანგ თან თრანგი (უნგრეთი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ჰამფი კონერუ (ინდოეთი), რომ არაფერი ვთქვათ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონებსა და პირად პირველობაში ევროპისა და აზიის პრიზიორებზე.

უკვე გაიმართა წილისყრა. პირველ რაუნდში ქართველთაგან ნინო ხურციძე ეკატერინა კოვალევსკაიას (რუსეთი) დაუპირისპირდება, მერი არაბიძე ელიზაბეტ პეტცს (გერმანია) შეხვდება, ევროპის ორგზის პრიზიორი სალომე მელია ინდონეზიელ ირინე კარიშმა სუკანდართან გაარკვევს ურთიერთობას, ბელა ხოტენაშვილი კუბრა ოზთურქს (თურქეთი) გამოცდის.

ერთი მეთექვსმეტდფინალისტი აუცილებლად რომ გვეყოლება, ეს ამთავითვე ცნობილია, რადგან ასპარეზობის სტარტზე ერთმანეთის პირისპირ ლელა ჯავახიშვილი და სოფიო გურამიშვილი დადგებიან.

პირველი რაუნდის პირველი პარტია 17 მარტს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ფანტაზიები გაქვს,საიდან?იფანი გამარჯვებულს ხვდება,დაიმახსოვრე!
sano
14:45 17-03-2015
0

სიახლეები პოპულარული