ნანა ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ფიდეს გადაწყვეტილებით, მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი 16 მარტიდან 7 აპრილამდე სოჭში გაიმართება. მედლებისთვის ნოკაუტ-სისტემით 64 მანდილოსანი დაუპირისპირდება ერთმანეთს. მოასპარეზეთა შორის არ იქნება მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი), რომელმაც ოფიციალურად განაცხადა უარი ტურნირში მონაწილეობაზე.

საქართველოს სპორტულ ღირსებას ექვსი დიდოსტატი დაიცავს: ბელა ხოტენაშვილი (2513), ლელა ჯავახიშვილი (2481), სალომე მელია (2459), ნინო ხურციძე (2457), მერი არაბიძე (2374) და სოფიკო გურამიშვილი (2367). შეჯიბრებაზე ვერ გაემგზავრება საქართველოს მოჭადრაკე ქალთა ლიდერი ნანა ძაგნიძე, რომელიც მეორე შვილს ელოდება.

მეტოქეები უკვე დაწყვილდნენ: ხურციძე რუს ეკატერინა კოვალევსკაიას (2438)
გაუწევს მეტოქეობას, მელია სუკანდარ ხარიშმას (ინდონეზია, 2415) დაუპირისპირდება, არაბიძის მოწინააღმდეგეა გერმანელი ელიზაბეტ პეტცი (2479), ხოტენაშვილი კუბრა ოზთურქთან (თურქეთი, 2284) გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო ჯავახიშვილი გურამიშვილს შეხვდება.

ხუთი რაუნდის განმავლობაში მეტოქეები ორ-ორ კლასიკურ პარტიას ითამაშებენ. შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში, გამარჯვებულს ტაი-ბრეიკები გამოავლენს, ფინალისტები კი ოთხჯერ შეხვდებიან ერთმანეთს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული