ნინო ბაციაშვილი მოჭადრაკე ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
თბილისის ჭადრაკის სასახლეში მოჭადრაკე ქალთა 72-ე ეროვნული ჩემპიონატი დამთავრდა, რომელშიც, ნანა ძაგნიძის გარდა, ყველა უძლიერესი დიდოსტატი მონაწილეობდა.

19 იანვარს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა. ბათუმელმა ნინო ბაციაშვილმა 35-ე სვლაზე ანა კუჭავა დაამარცხა, ცხრა შესაძლებლობიდან 7 ქულა მოაგროვა და საქართველოს ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ნინო ხურციძე-სოფიო გვეტაძე 1:0, სალომე მელია-ბელა ხოტენაშვილი 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი-მერი ჟორჟოლიანი 1:0, ალექსანდრა ვახანია-მერი არაბიძე 0:1.

საბოლოო შედეგები: ნინო ბაციაშვილი-7, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ხურციძე-6-6, სალომე მელია, მერი არაბიძე-5,5-5,5, ლელა ჯავახიშვილი-5, სოფიო გვეტაძე-4,5, ანა კუჭავა-2,5,
ალექსანდრა ვახანია, მერი ჟორჟოლიანი-1,5-1,5 ქულა.

დებულების თანახმად, ჩემპიონმა ეროვნულ ნაკრებში დაიბევა ადგილი, ხოლო მედალოსნები ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად დაფინანსდებიან. საპრიზო ფონდი (17.500 ლარი) კი ასე განაწილდა: ბაციაშვილი-5500, ხოტენაშვილი-4500, ხურციძე-3500, მელია-2500, არაბიძე-1500 ლარი.

შეჯიბრების დამთავრების შემდეგ საქართველოს ახალ ჩემპიონს გავესაუბრეთ.

დაიბადა 1987 წელს ბათუმში. ჭადრაკის თამაში დაიწყო 5 წლისამ, კახა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით. წლების განმავლობაში ისიდორე გოგიშვილი და ლეონიდ ნეურონოვი ავარჯიშებდნენ.

ახლა ოსტატობის ამაღლებაში დიდოსტატი თორნიკე სანიკიძე ეხმარება. თანატოლებში საქართველოს მრავალგზის პრიზიორმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველად 2003 წელს ითამაშა. 2012 წელს მესამე, შარშანწინ კი მეორე ადგილი დაიკავა, 2014 წელს მე-6 ადგილს დასჯერდა.

2012 და 2014 წლებში საქართველოს ქალთა ნაკრებთან ერთად მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადებზე იასპარეზა. შარშან ბათუმის "ნონას" შემადგენლობაში ჯერ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი, მერე კი საქართველოს პირველობა მოიგო.

- წინა წლების წარმატებების მიუხედავად, სპორტულ კარიერაში საქართველოს ჩემპიონობა უმაღლეს მიღწევად მიმაჩნია, - გვითხრა ნინომ. - ტურნირზე უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი.

ჩემთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი იყო მესამე-მეექვსე ტურების პარტიები, როდესაც ასპარეზობის ფავორიტებს - ქალთა ნაკრების წევრებს შევხვდი. ბელა ხოტენაშვილსა და ნინო ხურციძეს დავუზავდი, ხოლო სალომე მელიას და ლელა ჯავახიშვილს მოვუგე.

მას შემდეგ, რაც მე-8 ტურში ხურციძემ ხოტენაშვილს სძლია, მე და გვეტაძე კი ყაიმზე შევთანხმდით, ერთპიროვნულად დავწინაურდი. ბოლო ტურში ანა კუჭავასთან პაექრობისას ძალიან მოტივირებული და მობილიზებული ვიყავი, რომ ოქროს შანსი ხელიდან არ გამეშვა. შარშანწინ ხომ ნახევარი ქულით ჩამოვრჩი გამარჯვებულს და მეორე ადგილს დავჯერდი. მიხარია, რომ ამჯერად ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ დამთავრდა.

- ქვეყნის ჩემპიონობა რას შეცვლის შენს ცხოვრებაში?
- შესაძლოა, ბევრს არაფერს, მაგრამ ეს წარმატება მეტ სტიმულს მომცემს სამომავლოდ და პასუხისმგებლობაც მომემატება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მიქომაგა და ჩემი სიხარული გაიზიარა.

- შენთვის შარშანდელი სეზონიც წარმატებული იყო...
- მართალია, ეროვნულ ჩემპიონატში ცუდად ვითამაშე და პრიზიორებში ვერ მოვხვდი, მაგრამ პლოვდივში ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატში მე-7 ადგილი დავიკავე და 2016 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოვიპოვე. ფინიშამდე სამი ტურით ადრე რუს ტატიანა კოსინცევასთან მოსაგები პოზიცია ვერ გამოვიყენე - ყაიმს დავყაბულდი და, სამწუხაროდ, სამეულში მოხვედრის შანსიც დავკარგე. ამის მიუხედავად, უკმაყოფილო მაინც არ ვარ.

საინტერესო იყო მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ტრომსოში, სადაც ჩვენმა ქალთა ნაკრებმა მე-4 ადგილი დაიკავა.

უკეთესი შედეგიც შეიძლებოდა, მაგრამ რუსებსა და უკრაინელებთან დაპირისპირებისას ფორტუნამ ზურგი გვაქცია. სამაგიეროდ, გაგვახარა იმან, რომ ბატონი ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი გახდა, ხოლო ჩემმა ბათუმმა 2018 წლის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება მიიღო.

სასიამოვნოა, რომ ბოლო დროს საქართველოში ბრძენთა თამაში აღმავლობის გზით მიდის და მნიშვნელოვანი შეჯიბრებების მასპინძლობაც გახშირდა, რაც ჩვენი მოჭადრაკეების ოსტატობის ზრდაზე დადებითად იმოქმედებს.

ძალიან გამახარა იმანაც, რომ ბათუმში საჭადრაკო კლუბი ("ნონა") ჩამოყალიბდა. შარშან ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე დებიუტი ოქროს მედლით აღვნიშნეთ.

შეჯიბრებაში მონაწილე შვიდივე გუნდი დავამარცხეთ, მათ შორის - ვარსკვლავებით დახუნძლული "მონტე კარლო" და რუსეთის სამი გუნდი, რაც ტრომსოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებთან მარცხისთვის ერთგვარი კომპენსაციაც იყო;

ბათუმმა წლის მიწურულს საქართველოს საკლუბო ჩემპიონატშიც იყოჩაღა - დიდი უპირატესობით აჯობა სხვებს და პირველი ადგილი დაიკავა. ვაჟთა მესამე დაფაზე ვითამაშე და შვიდი შეხვედრიდან 4,5 ქულა შევძინე გუნდს. ამ შედეგით დაფაზე პირველი ვიყავი.

- ეს ყველაფრი უკვე ისტორიის კუთვნილება გახდა. სამომავლოდ რას აპირებ?
- ჩემპიონობით საქართველოს ქალთა გუნდში დავიბევე ადგილი, რაც უდიდესი პასუხისმგებლობაა.

10-20 თებერვალს ნაკრებს საწვრთნელი შეკრება ექნება. 23 თებერვლიდან იერუსალიმში ვაჟთა ინდივიდუალურ ევროპის ჩემპიონატში ჩავებმები. აპრილის მეორე ნახევარში ჩვენს გუნდს მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელის - ჩინეთში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართება. მერე ქალთა ევროპის პირადი პირველობა ჩატარდება, სავარაუდოდ, ბათუმში.

სხვა საინტერესო ტურნირებიც გველის. ასე რომ, მთელი სეზონი დატვირთული იქნება. ვეცდები, ქომაგები არ გავაწბილო.

სოფიო ნიკოლაძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული