2016 წლის 10 გამორჩეული მოვლენა ქართულ სპორტში Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
გთავაზობთ 2016 წლის ქართული სპორტის 10 გამორჩეულ მოვლენას Sportall.ge-ს ვერსიით, რომელთაგანაც საუკეთესოს არჩევა თქვენთვის მოგვინდვია.

მოვლენები ჩვენს ჩამონათვალში ქრონოლოგიურად არის დალაგებული.

ესპანეთი-საქართველო 0:1 (ფეხბურთი)
7 ივნისი
საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 1:0. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის კარში ერადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მართალია, ეს ევროპის ჩემპიონატის წინ გასახურებელი თამაში იყო "ფურია როხასთვის", მაგრამ ჩვენთვის ესპანეთის ნაკრების დამარცხება დიდი წარმატებაა და ამ მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველ გულშემატკივრებში.
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი
თუ ცხადი? [VIDEO]


წყნარი ოკეანის ტურნე და მე-11 ადგილი რეიტინგში (რაგბი)
11, 18, 24 ივნისი
"ბორჯღალოსნებმა" სამი ტესტ-მატჩი გამართეს ოკეანეთში, ორში იმარჯვეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ჩვენმა გუნდმა ჯერ 19:19 ითამაშა სამოასთან, შემდეგ კი ტონგას 23:20, ხოლო ფიჯის 14:3 მოუგო. მილტონ ჰეიგის გუნდი დაუმარცხებლად დაბრუნდა შინ, რისი წყალობითაც, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს რეიტინგ-ლისტში მე-11 ადგილზე აღზევდა.
- სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
- ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]
- ფიჯი-საქართველო 3:14 - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! [VIDEO+PHOTO]


ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" (კალათბურთი)
5 ივლისი
ზაზა ფაჩულია "დალასიდან" "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. დღეს ქართველი ცენტრი ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს და აქვს დიდებული შანსი, კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვოს. ამისთვის ზაზა მისი დონისთვის გაცილებით დაბალ ხელფასზე თამაშს დათანხმდა "გოლდენ სტეიტში".

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ოქრო (ძალოსნობა)
16 აგვისტო
რიოში ოქროს მედლით პირველმა ძალოსანმა (+105 კგ) ლაშა ტალახაძემ გაგვახარა. მან მოიგო ფანტასტიკური შედეგით - 473 კგ ორჭიდში, რაც ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. სასიხარულო იყო ისიც, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე მესამე საფეხურზე კიდევ ერთი ქართველი იდგა - ირაკლი თურმანიძე.
- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოლიმპიური ოქრო (თავისუფალი ჭიდაობა)
19 აგვისტო
სამი დღის მერე რიოში კიდევ ერთხელ აღიმართა ქართული დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ამჯერად, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) გვასახელა, რომელმაც ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო. ფინალში ჩვენებური 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 4:3 იმარჯვა.
- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

მონტენეგრო-საქართველო 84:90 (კალათბურთი)
17 სექტემბერი
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური შესანიშნავ სტილში მოიპოვა, ილიას ზუროსის გუნდმა სტუმრად დაამარცხა მონტენეგრო - 90:84. მონტენეგროს ძლევით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ მატჩში მაიკლ დიქსონმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (21 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა.
- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]

უელსი-საქართველო 1:1 (ფეხბურთი)
9 ოქტომბერი
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ტოლ-სწორად ეთამაშა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ უელსს და ქულაც მოიპოვა - 1:1. გარეთ ბეილის გოლს მეორე ტაიმში გოლითვე უპასუხა თორნიკე ოქრიაშვილმა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მოგებაც შეეძლო.
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ნიკოლოზ ბასილაშვილი - გამარჯვება მეათე ჩოგანთან (ჩოგბურთი)
24 ოქტომბერი
"ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა - მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.
- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

ზოგადად, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერს წარმატებული წელი ჰქონდა და ასეულშიც დამკვიდრდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა ავსტრიული კიტცბუელის ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც პაულო ლორენცისთან დამარცხდა.

თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი (ფეხბურთი)
27 ნოემბერი
"კრასნოდარის" ქართველმა შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" მატჩის ბოლო წამებზე შესანიშნავი გამარჯვების გოლი გაუტანა, რომელმაც რუსეთში დიდი აღიარება მოიპოვა. ქართველმა დიდებულად შეასრულა "მაკრატელა" დარტყმა, თანაც საკმაოდ შორი დისტანციიდან. "ოქრის" სუპერგოლი შეუმჩნეველი არც წამყვან ევროპულ გამოცემებს დარჩენიათ.
- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

ჩემპიონი "სამტრედია" (ფეხბურთი)
12 დეკემბერი
საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - "სამტრედია", რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული. საჩემპიონო ფინალში გია ცეცაძის გუნდმა შინ 2:0 მოუგო "ჩიხურას", სტუმრად კი (მატჩი თბილისში გაიმართა) 2:2 ეთამაშა და ორი მატჩის ჯამში დამსახურებულად გაიმარჯვა.
- ჩიხურა-სამტრედია 2:2 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს! [VIDEO+PHOTO]
- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]


გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ აქ - გამოავლინე 2016 წლის მთავარი მოვლენა ქართულ სპორტში
მკითხველის კომენტარები / 8 /
ყველა მსოფლიოშიამბობს ტალახაძეს. ე.ი ტალახაძე
tamazi
09:12 14-12-2016
0
90-ს დღევანდელი და მაშინდელი უელსი განსხვავდება და ასევე დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს ნაკრებიც ასერომ წლის მიღევადაც ჩაიწერება და ჩემი აზრით წლის მიღწევაცაა
bacho
01:39 14-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული