დოპინგი: ამერიკელებიც გამოიჭირეს?

AutoSharing Option
რუსმა ჰაკერებმა სკანდალური დოკუმენტები გამოაქვეყნეს. ჰაკერულმა ჯგუფმა Fancy Bear-მა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მონაცემთა ბაზაში შეაღწია და ამით მორიგი დოპინგ-სკანდალი გამოიწვია.

გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ამერიკელ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს 2010, 2014 და 2015 წლებში უფლება მისცეს გამოეყენებინა აკრძალული პრეპარატები - ოქსიკოდონი, ჰიდრომორფონი^ პრედნიზონი, პრედნიზოლონი და მეთილპრედნიზოლონი. სერენას უფროს დას - ვინუს უილიამსს კი 2010, 2011, 2012 და 2013 წლებში ასევე ნებადართული ჰქონდა პრედნიზონის, პრედნიზოლონის, ტრიამცინოლონისა და ფორმოტეროლის მიღება.

დოკუმენტებში არაფერი წერია იმ დიაგნოზის შესახებ, რის გამოც ჩოგბურთელებმა მსოფლიოს ანტისადოპინგო
სააგენტოსგან ამ აკრძალული პრეპარატების გამოყენების უფლება მიიღეს.

დოკუმენტებში ასევე ნახსენებია სპორტულ ტანვარჯიშში რიოს ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონა ბაილზი და კალათბურთელი ელენა დელე დონი.

ბაილზმა 2016 წლის აგვისტოში დადებითი ტესტი ჩააბარა მეთილფენიდატზე, მაგრამ დისკვალიფიკაცია არ მიიღო და რიოში ოთხი ოქრო დაისაკუთრა. ასევე ამერიკელს 2012, 2013 დ 2014 წლებში ამფეტამინისა და დექსტროამფეტამინის მიღების ნება დართეს.

რიოს ოლიმპიურ ჩემპიონს ელენა დელე დონს 2014 წელს ამფეტამინისა და ჰიდროკორტიზონის გამოყენების უფლება მისცეს. ეს პრეპარატებიც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს აკრძალული პრეპარატების სიაშია შეტანილი.

"დღეს ჩვენ გვინდა მოგიყვეთ აშშ-ის ოლიმპიურ ნაკრებზე და მის ბინძურ მეთოდებზე, რომლითაც ის წარმატებას აღწევდა. აშშ-ის ნაკრები დომინირებდა 2016 წლის ოლიმპიადაზე, მოიგო 46 ოქრო, 37 ვერცხლი და 38 ბრინჯაო. ეს გუნდი კარგად გამოვიდა, მაგრამ არაპატიოსნად თამაშობდა. მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს ბაზის შესწავლის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ამერიკელი სპორტსმენების უმრავლესობამ დადებითი დოპინგ-სინჯები ჩააბარა.

რიოს ოლიმპიური თამაშების პრიზიორები რეგულარულად იღებდნენ აკრძალულ პრეპარატებს. მათ გამოყენებაზე უფლებას კი თერაპიული მიზნებიდან გამომდინარე იღებდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ მიიღეს ლიცენზია დოპინგის გამოყენებაზე. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამედიცინო დეპარტამენტი - კორუმპირებული ორგანიზაციები არიან", - წერია ჰაკერთა განცხადებაში.

* * *
რა თქმა უნდა, ამ სკანდალურ განცხადებას ძალიან მალე მოჰყვა პასუხი.
"ოლიმპიური მოძრაობისთვის წარმოუდგენელია, რომ ჰაკერებმა ასე უკანონოდ მიიღონ კონფიდენციალური სამედიცინო ინფორმაცია სპორტსმენთა დისკრედიტაციის მიზნით. ათლეტებს ეს არ გაუკეთებიათ. ეს ფაქტია. ყოველ მოყვანილ სიტუაციაში სპორტსმენები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, რათა თერაპიული გამონაკლისი ყოფილიყვნენ.

ყველა ნებართვა სწორად არის გაცემული და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან და აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოსგან ნებადართული. ეს არის დაუშვებელი და მუხანათური კიბერხულიგნობა პატიოსანი სპორტსმენების მიმართ. დროა, მსოფლიო საზოგადოება გაერთიანდეს სუფთა სპორტისა და სპორტსმენების უფლებების წინააღმდეგ კიბერშეტევებთან საბრძოლველად", - განაცხადა აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტმა ტრევის ტაიგარტმა.

"მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო წუხს შექმნილი სიტუაციის გამო და აცნობიერებს საფრთხეს, რომლის წინაშეც სპორტსმენები დგანან. მათი კონფიდენციალური ინფორმაცია ასეთი დანაშაულებრივი ხერხით გახდა ხელმისაწვდომი. ჩვენი ორგანიზაცია გმობს ბოლო დროს მომრავლებულ კიბერშეტევებს, რომელიც მიმართულია სააგენტოსა და დოპინგთან ბრძოლის გლობალური სისტემის დაშლისკენ. სამართალდამცავმა ორგანიზაციებმა გვაცნობეს, რომ ყველა ეს შეტევა რუსეთიდან მოდის. და ამგვარი დანაშაულებრივი მოქმედება ეჭვქვეშ აყენებს მსოფლიოს ანტისადოპინგო საზოგადოების მცდელობას - აღდგეს რუსეთის მიმართ ნდობა მაკლარენის ანგარიშის შემდეგ", - ეს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პრეზიდენტის ნიგლის სიტყვებია.

"საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შეუძლია დაადასტუროს, რომ დასახელებულ სპორტსმენებს არ დაურღვევიათ არანაირი ანტისადოპინგო წესები რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დროს", - წერია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

"იმედგაცრუებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ ჩემი პირადი სამედიცინო მონაცემები ჩემი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა. ყოველთვის მივსდევდი ჩოგბურთში დაწესებული ანტისადოპინგო პროგრამის წესებს. კერძოდ, ეს ეხება პრეპარატების გამოყენების ნებართვას თერაპიული მიზნებით", - ასეთი განცხადება გამოქვეყნა ვინუს უილიამსმა WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

"მე ჰიპერაქტიურობის სინდრომი და ყურადღების დეფიციტის დიაგნოზი დამისვეს. ამის გამო, ბავშვობიდან ვიღებ წამლებს. მინდა იცოდეთ, რომ მჯერა სუფთა სპორტის. ყოველთვის ვიცავდი ანტისადოპინგო წესებს და ყოველთვის ასე იქნება, რადგან სპორტში პატიოსნება აუცილებელია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის", - განაცხადა სიმონა ბაილზმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროდ ძლიერნი ამა სოფლისათა არაფერს თაკილობენ! სხვებს კი ყოველთვის ჭკუას არიგებენ...
არტაგი
12:52 15-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული