ხვალ, 28 თებერვალს, სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში

AutoSharing Option
ხვალ, 28 თებერვალს,  სტარტს აიღებს და 3 მარტის ჩათვლით ტაიბეიში (ტაივანი) გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი სპორტსმენები:

ანასტასია მეტელკინა/ ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილი)
ინგა გურგენიძე (ერთეული)
კონსტანტინე სუპატაშვილი (ერთეული)
მარიია ალიევა -ეჰორ ბარშაკი ( სპორტული ცეკვები)
ჩვენი სპორტსმენები ოფიციალურ დელეგაციასა და ფედერაციის პრეზიდენტ მარიამ გიორგობიანთან ერთად უკვე ტაიბეიში იმყოფებიან. ბიჭების კატეგორიაში მსაჯთა შემადგენლობაში იმუშავებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე.

მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 187 სპორტსმენი.

პირველ სატურნირო დღეს,
28 თებერვალს, 19 სპორტულ წყვილს შორის იასპარეზებს ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი, რომლებიც ჩემპიონატის ფავორიტად ითვლებიან.

ეს წყვილი, მათი ასაკობრივი ლიმიტის გამო, იუნიორთა კატეგორიაში მონაწილეობას ბოლოჯერ მიიღებს. გვჯერა, რომ ანასტასია და ლუკა , გრან პრის გამარჯვებული წყვილი, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ დაადასტურებენ თავიან შესაძლებლობებს და მსოფლიო დონეზე მათ კონკურენტუნარიანობას. ჩვენი წყვილის გამოსვლა მოკლე პროგრამით მე- 14 სასტარტო ნომრით საქართველოს დროით 08:45 საათზე დაიწყება.

ხვალვე, დღის მეორე ნახევარში, მოკლე პროგრამით იასპარეზებენ გოგონები. ინგა გურგენიძე 46 მონაწილე სპორტსმენს შორის 44 -ე ნომრით გამოვა 16:55 საათზე.

წარმატებას ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს სეზონის ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანსა და საპასუხისმგებლო ტურნირზე -იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე.

წყარო: Georgian Figure Skating Federation
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული