ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში და სოფელ მეღვერკისში სტუმრად იმყოფებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები: ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, დავით გობეჯიშვილი, კახი კახიაშვილი, ლუკა კურტანიძე და გოგიტა არქანია.

თავდაპირველად საპატიო სტუმრებმა მოინახულეს მამისაანთუბანი, გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსწავლეებს, გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, უსურვეს წარმატებები სწავლასა და სპორტში, გადასცეს სპორტული ინვენტარი და წიგნები. მოსწავლეებს წიგნები გადასცეს აგრეთვე ორგანიზაცია „მეოთხე ხელისუფლების" წარმომადგენლებმა.

შემდეგ სტუმრებმა მეზობელ სოფელ მეღვრეკისში გადაინაცვლეს, სადაც სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, საქართველოს ძალოსნობის
ფედერაციის პრეზიდენტის ინიციატივით და მისივე პირადი სახსრებით დაფუძნდა „სპორტის აკადემია - კახის კლუბი," აშენდა ძალოსნობის ორდარბაზიანი არენა, იქვე მალე დასრულდება გასახდელების, საშხაპეებისა და საუნის მშენებლობა, კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. ამ სიახლემ მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა სპორტული ცხოვრება სამაჩაბლოში, ძალოსნობის კლუბში საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ მევღვრეკისის და ახლომდებარე სოფლების საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომლებმაც მოკლე დროში წარმატებით იასპარეზეს სხვადასხვა ასაკობრივ ტურნირში და ათეულობით მედალი მოიპოვეს.

კახი კახიაშვილმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, კლუბის სტუმრებს წარუდგინა განსაკუთრებით გამორჩეული მოზარდი ძალოსნები, მადლობა გადაუხადა ოლიმპიურ კომიტეტს თანადგომისთვის. ბავშვებს სიტყვით მიმართეს ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენებმა, მოუწონეს სპორტში ჩართულობა, გაიხსენეს თავიანთი პირველი სპორტული ნაბიჯები. როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა აღნიშნა, მერია იზრუნებს იმისთვის, რომ უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი კახი კახიაშვილის ამ მნიშვნელოვან ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალებით უფრო გაუმჯობესდეს სავარჯიშო პირობები.

ელგუჯა ბერიშვილმა კლუბის წევრებს გადასცა სპორტული ინვენტარი და სეოკ-ის მიერ სპორტულ თემატიკაზე გამოცემული ლიტერატურა.

geonoc.org.ge


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული