[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან] რა ფასი აქვს ოლიმპიურ მედალს

AutoSharing Option
2016 წლის 17 აგვისტო (თბილისის დროით) ნამდვილად ისტორიულ თარიღად შევა ქართული სპორტის ისტორიაში - რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებში პირველად იდგა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს და მესამეპრიზიორისთვის განკუთვნილ საფეხურზე სპორტის ერთი სახეობის ორი წარმომადგენელი ერთი ქვეყნიდან (თანაც, ერთ წონაში), მათ საპატივცემულოდ კი ერთბაშად ჩვენი ქვეყნის ორი დროშა აიზიდა დარბაზის თაღქვეშ, ეროვნული ჰიმნის თანხლებით.

საოცარი და უჩვეულოზე უჩვეულო გამოდგა ასპარეზობის შემდეგ პრესკონფერენცია. თუმცა, მაგიდასთან მისვლა და მიკროფონთან დაჯდომა ძალიან გახანგრძლივდა, ვინ აცალა. უამრავი ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ტელევიზია დაინტერესდა პატარა ქვეყნის ორი
ტრიუმფატორით. მერე იყო შეკითხვები და გასაოცარი, ჭკვიანური, მოზომილად თავშეკავებული პასუხები.

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი:
- ძალიან კარგად მესმის, რა ძნელი მისაღწევია ოლიმპიური ჩემპიონობა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა მიზნის მისაღწევად გაწეულ ყოველდღიურ მძიმე შრომაში, ვინც აგვარებდა სხვადასხვა ორგანიზაციულ საკითხს, პრობლემებს. გახარებული ვარ იმითაც, რომ წილად მხვდა ბედნიერება და გავხდი საქართველოს ძალოსანთა საამაყო, უპირველესად კი, თვალსაჩინო ოლიმპიური ტრადიციების გამგრძელებელი.

ვულოცავ ჩემს მეგობარს და თანაგუნდელ ირაკლი თურმანიძეს ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მოპოვებას. გამოცდილი სპორტსმენია, კარგად გამოვიდა ამ ოლიმპიადაზე, საუკეთესო პირადი შედეგი აჩვენა.

- როდის ირწმუნეთ, რომ შეგეძლოთ გებრძოლათ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულისთვის?
- ევროპის და მსოფლიოს ჩემპიიონატებზე წარმატებით გამოსვლის შემდეგ. შინაგანი რწმენა გამიჩნდა და მჯეროდა, რომ მიზანს უთუოდ მივაღწევდი.

- რა უფრო მძიმეა, შტანგა თუ ოლიმპიური მედალი?
- შტანგასთან მისვლა ადვილია, ძნელი ოლიმპიურ მედლამდე მისვლაა. შტანგის დაძლეული სიმძიმე კი ოქროდ რომ იქცეს, იმაზე მეტი წონა და ფასი აქვს ოლიმპიურ მედალს - ასე უპასუხა კითხვაზე უცხოელ ჟურნალისტს ლაშა ტალახაძემ.

- როგორ მოქმედებდა თქვენზე, მსაჯების მიერ წესის დარღვევით დაძლეული წონის არჩათვლის გამო შეჯიბრების პროცესში ირანელი სპორტსმენის საპროტესტო გამოხტომები?
- სიმართლე გითხრათ, სტიმულს მაძლევდა, ის ოლიმპიური მედლის მოპოვების ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო. ბოლოს და ბოლოს, ისე ანერვიულდა, საერთოდ ჩაფლავდა. გამოცდილი ათლეტია, ჩემგან რა ესწავლება, მაგრამ, როცა პირველ ცდაზე წონა ჩაგივარდება, მეტი მობილიზებაა საჭირო. ირანელმა კი მეორე და მესამე ცდაზეც ვერ დაძლია ის წონა და საერთოდ შეფასების გარეშე დარჩა.

- მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდი დაამყარეთ ორჭიდში. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანს გაძლებს თქვენი მიღწევა?
- პირობას გაძლევთ, რომ მომდევნო ოთხი წელიწადი ოლიმპიური რეკორდი ხელუხლები დარჩება, მსოფლიოსი - ვნახოთ.

ზოგჯერ ერთ შეჯიბრებაშიც რამდენჯერმე მყარდება და ემხობა რეკორდები ძალოსნობაში. ამ ოლიმპიურ ტურნირშიც ხომ იყო ასეთი შემთხვევა, როცა ატაცში ჩემი მსოფლიო მიღწევა ირანელმა ბეჰდად სალიმიმ 2-3 წუთში გააუმჯობესა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული