ანზორ თენაძე: ბექა ღვინიაშვილის ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ

AutoSharing Option
ფოტოზე: ბექა ღვინიაშვილი და ირაკლი უზნაძე

ბექა ღვინიაშვილის პირადმა მწვრთნელმა ანზორ თენაძემ გაზეთ "ლელოსთან" ქართველი ძიუდოისტის გამოსვლა სადებიუტო ოლიმპიადაზე შეაფასა. 20 წლის ღვინიაშვილმა რიოში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

- რიო 2016: არ დაიღალო ბექა! წინ დიდი გზაა... [VIDEO]

"გასაგებია, რომ შედეგით კმაყოფილი არა ვარ. ცხადია, ეს არაა მისი წონა, მეტოქეები გაცილებით დიდები არიან სიმაღლით, წონით და მათთან საბრძოლველად სხვანაირი ძალაა საჭირო.

ბექას ძალა არ აკლია, მაგრამ გაუჭირდა, რადგან მისი სტილი მუდმივი შეტევაა. არაა იმ სტილის, დადგეს, ჩავლებებით იბრძოლოს და დრო გაიყვანოს.
თან უხერხული მეტოქეებიც შეხვდა, კენჭისყრამაც არ გაუმართლა - მის მხარეს მოხვდნენ კრპალეკი, ჰაგა, მარე, ტიტულოვნებიც და თან ამისთვის უხერხულები. ძლიერები და ტიტულოვნები მეორე მხარესაც იყვნენ - ხაიბულაევი, ნაიდანი და სხვები, მაგრამ მათთან მეტი შანსი ექნებოდა.

ვერ ვიტყვი, რომ ღვინიაშვილმა მთლად ცუდად იჭიდავა, მაგრამ ხარვეზებიც ჰქონდა, შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურად ჭიდაობა. მარესთანაც ჰქონდა ეს ხარვეზები და ჰაგასთანაც. მაგალითად, მარესთან უნდა დაეცადა მისი შემოტევისთვის, როგორც ის ელოდებოდა ამის აქტიურობას.

ბექამ თავიდან რომ მოიპოვა უპირატესობა, ის აღარ უნდა დაეთმო. როგორც ვთქვი, მას ჩვევად არ აქვს დალოდება, ტაქტიკური ჭიდაობა, ფრანგები კი უმთავრესი ტაქტიკოსები არიან და მარემ კიდეც გამოიყენა ეს უპირატესობა. ჰაგასთან მიღებულ გაფრთხილებას რაც შეეხება, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც სასწაული მოხდა. კი, თავიდან ბექა აქტიურობდა და შეიძლებოდა მეტოქის გაფრთხილება. ასევე, ბექას ჩავარდნაც - ეს არ იყო პასიური ჩავარდნა, შეტევისას ჩავარდა, მაგრამ ეს ისეთი ეპიზოდია, ვერც გააპროტესტებ.

ბექას ადგილს ისევ 90 კილოგრამში ვხედავ. ის როცა 100-ში გადადიოდა, მაშინვე ვთქვით, რომ ისევ დაუბრუნდებოდა 90-ს. უბრალოდ, მაშინ სიტუაციიდან გამომდინარე გადავიდა იქ. თან საკითხი არ იდგა ისე კატეგორიულად, გინდა თუ არა, აუცილებლად უნდა ეჭიდავა ოლიმპიადაზე, მაგრამ იქნებ უფრო ცუდი ყოფილიყო, ამ თამაშებისთვის რომ არ ებრძოლა.

რაკი მისი სურვილი იყო, ჩვენც დავეთანხმეთ, თუმცა იქვე ვუთხარით, რომ 90-ში უნდა დაბრუნებულიყო. ამიტომ წონაც არ მოიმატა და ისევ დაუბრუნდება ძველ წონას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ღვინიაშვილს დიდი მომავალი აქვს. ამაზზე ორი აზრი არ არის. წარმატებები ჩვენ ბიჭებს . მათ ბევრჯერ და ბევრგან აწიეს საქართველოს დროშა პირველ ადგილზე.
შაკო
15:47 13-08-2016
0
აგერ რეზო ბაიაშვილი წერს, შედეგისსთვის რომმ ისსწავლისო...... შე. კაი ადამიანო, მმაგ ბიჭის ყურება მისი სტტილის. გამო უყვარსს. ხალხს და არც შედეგები აკლია.
gogia
13:12 13-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული