რიო 2016: თავი მაღლა! გვიხარია, შენ რომ გვყავხარ! [VIDEO]

AutoSharing Option
ზედიზედ მეორე დღეა, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ადამიანურ დრამას ვხედავთ - ავთანდილ ჭრიკიშვილის შემდეგ, 10 აგვისტოს ვალერი ლიპარტელიანმაც (90) აცრემლებულმა დატოვა არენა. მან მხოლოდ მაშინ ასწია თავი, როცა მედალი გადასცეს, დაჯილდოების მთელი ცერემონიალი კი ასე თავდახრილმა გაატარა...

ამ ყველაფრის მიზეზი, იაპონელი მაშუ ბაკერი თანაგრძნობით შეჰყურებდა ამ სურათს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა ლიპარტელიანის მდგომარეობა ბევრად უკეთესია - ვერცხლი მაინც მოიპოვა და კვარცხლბეკზეც ავიდა. ვერცხლი არაა ცუდი შედეგი და ბევრისთვის სანატრელიც კია; ის ლიპარტელიანის კოლექციაშიც საპატიო ადგილს დაიკავებს, მაგრამ ძალზე დასანანია, ოქროს მოპოვების
ასეთი შანსი რომ დაკარგა. ჩემპიონობა ხომ ერთი ხელის გაწვდენაზე იყო, ერთი ნაბიჯი, ერთი გამარჯვება აშორებდა იქამდე, მაგრამ ფინალში იაპონელ მაშუ ბაკერს ვერ გადაახტა და იუკოთი დამარცხდა.

არადა, ჩვენებურმა ოლიმპიადაზე ძალიან დამაჯერებლად, დაკვირვებით და ძლიერად იჭიდავა. ფინალამდე ერთი ქულაც არ დაუკარგავს, ფიზიკურადაც კარგად იყო და ფსიქოლოგიურადაც მყარად გამოიყურებოდა. მან კიდევ ერთხელ გაამართლა ინტელექტუალური მოჭიდავის და "ძიუდოს პროფესორის" სტატუსი, იმდენად გონივრულად მოქმედებდა. სწორედ ამიტომაა დასანანი ეს მარცხი, თორემ ფორმაში რომ ვერ ყოფილიყო, ამდენად გულდასაწყვეტიც არ იქნებოდა.

შესაძლოა, ლიპარტელიანი ფინალის ფაქტორმაც ცოტა დათრგუნა, თუმცა ბაკერთან შეხვედრაში შედარებით ფრთხილად რომ ირჯებოდა, ესეც სავსებით გასაგებია - სასწორზე მეტად ძვირფასი ლოტი იდო და გარისკვად არ ღირდა. მით უფრო, მეტოქედაც იაპონელი ჰყავდა, მსოფლიოს პრიზიორი და მისთვის უხერხული მეტოქე, ვისთანაც აქამდე ორი პაექრობა ჰქონდა წაგებული და არც ერთი მოგება. თან იაპონელსაც კარგად ჰყავდა შესწავლილი და არ მისცა საშუალება, თავისი ჭიდაობა ეჭიდავა. რამდენჯერაც ლიპარტელიანი შეტევაზე წავიდა, იმდენჯერ ჩაუშალა, საამისოდ კი არაიაპონურ საქციელს - გაქცევას და ჩავარდნებსაც არ ერიდებოდა.

ლიპარტელიანმა ვერ მოარგო გასაღები, ბაერმა კი იაპონური კოზირი გამოიყენა - შიგნიდან გამოჰკრა ფეხი, რითაც იუკოზე გადააგდო. ამის შემდეგ მან სულაც დროის გაყვანაზე დაიწყო ჭიდაობა, თუმცა მსაჯმა გაფრთხილება მხოლოდ ბოლო წუთზე გაიმეტა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შებოჭვებით დაწყებული ოლიმპიადა
ლიპარტელიანმა თავიდან ორი ორთაბრძოლა შებოჭვით მოიგო. აქ ცხადად გამოჩნდა, რომ ეს მეთოდი მისთვის კოზირი იქნებოდა და მშვენივრადაც იყენებდა. ფინალშიც დაუპირა ბაკერს, მაგრამ ის დროზე გაექცა.

პირველ შეხვედრაში ჩვენებურმა არცთუ სუსტი ტაჯიკი კომრონშოკ უსტოპირიანი შებოჭა. ჩვენს ლიდერს უკვე მაშინვე შეეტყო, რომ კარგად იყო მომზადებული და ტრადიციულად კარგი აზროვნება გამოავლინა. მეტოქე ძალიან კი გაუძალიანდა, მაგრამ შეხვედრის მიწურულს მაინც მოახერხა დაბლა მისი ჩაყვანა და დიდი ძალისხმევის ფასად შებოჭა. ამ დროს ლიპარტელიანი გაფრთხილებებით ისედაც უგებდა ტაჯიკს, ვისაც მეორე გაფრთხილება ძალიან ჭკვიანურად მიაღებინა - ამ ეპიზოდში კარგად გამოჩნდა მისი გონიერება.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლიპარტელიანი ამ შეხვედრაზე მშვენიერი განწყობით გავიდა, რადგან უკვე წაგებული ჰქონდათ მისთვის ძალიან უხერხულ მეტოქეს, რუს კირილ დენისოვს და ბერძენთა ქართველ ილიას ილიადისს. ორივე პირველივე წრეში დამარცხდა, შესაბამისად, აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან და ჩინელ ხუნჭაო ჩენთან.

ჩვენებური განწყობის ნაკლებობას არც მეორე შეხვედრაში უჩიოდა, სადაც უსუსტესი მეტოქე, ნაურუელი ოვინი უერა ერგო და ბავშვივითაც ათამაშა. თუმცა თავიდან იაპონური წარმოშობის ბრაზილიელმა მსაჯმა ედისონ მინაკავამ ქართველი რატომღაც გააფრთხილა, რასაც ლიპარტელიანმა სიცილით უპასუხა, მერე კი მისი ჯავრი საცოდავ ნაურუელზე იყარა - იოლად ჩაიყვანა ტატამზე, სადაც მართლაც ანაკონდასავით შემოეჭდო და მორიგი შებოჭვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მონღოლური გამოცდა
ჩვენებურისთვის ნამდვილი ბრძოლები მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც მეტოქედ მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი ერგო, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და მოუხელთებელი ფალავანი, ვინც მანამ ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი და კუბელი მსოფლიოს ექსჩემპიონი ეშლი გონსალესი დაამარცხა (კუბელი ჩვენმა არბიტრმა ვლადიმერ ნუცუბიძემ მოუხსნა გაფრთხილებებით).

თუმცა ლიპარტელიანმა ჭკვიანური მიდგომით და სწორი სტრატეგიით ისიც მოიხელთა და გააუვნებელყო: კარგად უთიშავდა ხელებს, ხოლო როცა მონღოლმა დაუმალა ის, სრულიად დამსახურებულად მიიღო გაფრთხილება; ასწრებდა ჩავლებას და აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას. თან დაცვაშიც ძალიან დაკვირვებით ჭიდაობდა, შეცდომა არ დაუშვია.

მართალია, არც შეტევაში წასულა, მაგრამ მსგავსი რისკი არც სჭირდებოდა, ტაქტიკურად ისე მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე - მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, თვითონ კი ერთი მიიღო შეხვედრის ბოლოს და ნახევარფინალშიც გავიდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ძიუდოს გაკვეთილი გვაკს
ნახევარფინალამდე ლიპარტელიანი ილეთებს კი აკეთებდა, მაგრამ მკვეთრად შემტევი ჭიდაობა არ უჩვენებია, არ ყოფილა ილეთებზე დაგეშილი, კორეელ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ დონჰან გვაკთან კი სულ სხვა, სწორედ შეტევასა და ილეთებზე დამყარებული სტილი გვაჩვენა. ოღონდ ეს არ ყოფილა უკანმოუხედავი, თავზეხელაღებული შეტევა, სიფრთხილისა და დაკვირვების ნაზავი იყო.

როგორც წინა შეხვედრებში, ჩვენს ლიდერს არც აქ დაუშვია მისხალი შეცდომაც კი. გვაკთან მას თავისი ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი შარშან მსოფლიოს ჩემპიონატზე მარცხისთვის, რაც პირნათლად შეასრულა. ამ შეხვედრაში ორი ილეთი შეასრულა, ლამის ერთნაირი - ორივე შემთხვევაში კარგად დაუჭირა ხელი და მისი საყვარელი ამოსმულით წამოიღო ილეთზე. ორჯერვე ვაზარზე დასცა, თუმცა პირველად საამისოდ მეტოქის გადაგორება დასჭირდა, მეორედ კი უფრო მაღალი ტრაექტორიით, ანუ უფრო ეფექტურად დასცა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტობრივად, კორეელს ძიუდოს მასტერ-კლასი ჩაუტარა და დაგვანახა, რაოდენ კარგად მომზადებული შეხვდა ამ ოლიმპიადას. აქ კიდევ უფრო გაგვიმყარა ოქროს იმედი, რაც, სამწუხაროდ, ფინალში გაგვიცრუვდა...

სტამის დასანანი მარცხი
გუშინვე ქალებში ესტერ სტამმაც (70) იჭიდავა და ერთი შეხვედრაც მოიგო - პირველ წრეში მონღოლი ნარანჯარგალ ცენდ-აიუში გვარიანადაც "აჯარგალა", ვაზარ-იუკოთი მოუგო.

სტამმა მეორე წრეშიც ყოჩაღად იჭიდავა კანადელ კელიტა ზუპანჩიჩთან, კიდეც უტევდა და დასაწყისში უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ ესპანელმა მსაჯმა მანუელ კორტესმა ერთადერთი ჩავარდნა არ აპატია.

სწორედ ამ ერთი გაფრთხილებით წააგო ჩვენებურმა, თუმცა მსაჯს კანადელის გაფრთხილებაც შეეძლო.

სატურნირო ამბები
ლიპარტელიანი ერთადერთი იყო, ვინც აზიელთა ჰეგემონია დაარღვია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ შეძლო ეს - ნახევარფინალში სამი აზიელი და ერთი ევროპელი გავიდნენ.

ტურნირის აღმოჩენად უნდა მივიჩნიოთ ზემოხსენებული ჩინელი ჩენი, ვინც ილიადისს უნგრელთა მსოფლიოს ფინალისტი კრისტიან ტოტი და შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანიც ზედ მიაყოლა. ის ნახევარფინალში ბაკერთან დამარცხდა, თუმცა საბოლოოდ ბრინჯაო მაინც მოიპოვა.

გუშინ იაპონიამ პირველად ირგუნა ორი ოქრო, კორეა და საფრანგეთი კი, ჩვენი არ იყოს, ისევ უჩემპიონოდ რჩებიან. თუმცა ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ, თორემ ფრანგებს რა უჭირთ, ჯოკერი ჰყავთ მძიმე წონაში.

დღეს იჭიდავებს
დღეს, 11 აგვისტოს, რიოს ტატამზე ოლიმპიური დებიუტი ექნება ქართველ ფენომენ ბექა ღვინიაშვილს (100) და ვინძლო, ისევ გაგვაოცოს.

არადა, ძნელი წილისყრა ერგო, რაც განუთესავისთვის არცაა გასაკვირი. პირველ წრეში კი ისვენებს, ხოლო მეორეში არცთუ ძლიერ ბრიტანელ ბენჯამენ ფლეტჩერს ხვდება, მაგრამ მერე ეწყება "თავდავიწყება" - მერვედფინალში ბელგიელთა ევროპის წლევანდელ ფინალისტსა და მსოფლიოს პრიზიორ ტომა ნიკიფოროვსა და საკმაოდ ძლიერ ირანელ ჯავად მაჰჯუბს შორის მოგებული ეყოლება მეტოქედ.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
90 კგ
1. მაშუ ბეიკერი (იაპონია): 2. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო); 3. ხუნჭაო ჩენი (ჩინეთი), დონჰან გვაკი (კორეა).

ქალები
70 კგ
1. ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია); 2. იური ალვეარი (კოლუმბია); 3. სალი კონვეი (ბრიტანეთი), ლაურა ვარგას-კოხი (გერმანია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ვარლამი,რომ ნიჭიერი კაცია და საამაყო ქართველია ამას მტკიცება არ უნდა ეს აქსიომაა,მაგრამ თუ განვაანალიზებთ ორთაბრძოლებს მივხვდებით,რომ ბობოლა მოწინააღმდეგეებს ჩვენი სახელოვანი ფალავნები სათანადოდ ჰყავდათ შესწავლილი და რაც წინ მივიწევდით,მით მეტად გვიჭირდა გამარჯვება,ე.ი უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს და მის მწვრთნელებს მეტად ვყავდით შესწავლილი,ჩვენები კი ერთ სტილში აგრძელებდნენ ბრძოლას,ყველას ჩვენთან შერჩეული ჰქონდა სტილი,თუ,როგორ გაეწია წინააღმდეგობა ჩვენებისთვის,ამიტომ გაურბოდნენ ისინი პირდაპირ კონტაქტებს და შედეგიც მათვის სახეზეა,აი ეს არის დიდი მწვრთნელობა და დიდი სპორცმენობა,სამწუხაროდ ჩვენ გვავიწყდება ერთ რამ, რომ მთავარია შედეგი,ტაბლო,კარგია მომზადება,ნიჭი,ძალა,მაგრამ ამის გარდა კიდევ ბევრი რამეა,რაც წყვეტს ორტაბრძოლების ბედს,განსაკუთრებით ოლიმპიადაზე და მსოფლიოზე,ძალიან ვთხოვ ჩვენს მწვრთნელებს გაითვალისწინონ მომავალში ეს ნიუანსები და შედეგებიც იქნება.
roma
10:31 12-08-2016
0
ბრძოლაში მოპოვებული ვერცხლი ჩვენთვის, შენი გულშემატკივრებისთვის, ოქროზე მეტია!!! შენ იბრძოდი! იაპონელი მუდმივად უკან იხევდა შიშით, ასე რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს მედლის სინჯს, შენ ყოველთვის ჩემპიონი იქნები ჩვენთვის როგორც ნამდვილი ვაჟკაცი და ნაღდი ქართველი!!! მადლობა იმისთვის რომ არსებობ, მისაბაძი და საამაყო ადამიანი ხარ ქართველებისთვის!!!
Kakha
09:53 12-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული