რიო 2016: ნინო სალუქვაძე 1/2-ფინალშია და მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს

AutoSharing Option
ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ნახევარფინალშია და აგრძელებს მედლისთვის ბრძოლას სპორტული პისტოლეტიდან სროლაში.

ქართველმა ჩუბინმა საკვალიფიკაციო ეტაპი 584 ქულით და მესამე ადგილით დაასრულა. ამდენივე ქულა დააგროვა პნევმატურში ბერძენთა ოლიმპიურმა პრიზიორმა ანა კორაკაკიმ, თუმცა მას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და მეორეზეა, შესარჩევი კი ფენომენალური შედეგით მოიგო ჩინელმა მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა ჯინჯინ ჭანმა - 592 ქულა.

სალუქვაძემ განსაკუთრებით ძლიერად საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ნაწილი ჩაატარა, თუმცა ურიგოდ არც პირველ ეტაპზე გამოსულა - 289 ქულა (95, 97, 97), რაც მე-17
ადგილი აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ქართველმა ჩუბინმა ბევრად უფრო დამაჯერებლად იასპარეზა, თავიდან 97 და 98 ქულით დაასრულა სერიები, ბოლოს კი უნაკლოდ გაისარჯა და მაქსიმალური 100 ქულა მოინადავლა, რამაც საერთო ჩათვლაში მესამე ადგილამდე აამაღლა.

ნახევარფინალურ ოქტეტში 583 ქულით ასევე მოხვდნენ გერმანელი ევროპის რამდენიმეგზის მედალოსანი მონიკა კარჩი, ბულგარელი ევროპის პრიზიორი ანტოანეტა ბონევა, ხოლო 582-ით - ჩრდილო კორეელი იონ სუკ იო, შვეიცარიელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ჰაიდი გერბერ დიჩელმი და რუსი ეკატერინა კორშუნოვა.

ნახევარფინალი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული