ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიადაზე გამგზავრების წინ ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართა

AutoSharing Option
21 ივლისს ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართა.

ჟურნალისტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზავრებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოლიმპიური გუნდის შესახებ

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც
სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).

ქართველ ოლიმპიელთა შორის 2 ოლიმპიური ჩემპიონია, 2 ოლიმპიური პრიზიორი, 4 მსოფლიოს ჩემპიონი, 19 ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი. ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს 12 სპორტსმენს.

მერვე ოლიმპიადაზე გამოვა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, მეოთხე ოლიმპიადაზე - მშვილდოსანი ხათუნა ნარიმანიძე, მესამეზე - ბატუტზე მხტომელი ლიუბა გოლოვინა და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა. ოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა ნინო სალუქვაძის შვილი, 18 წლის ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიან. ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა სპორტსმენის სტატუსით მონაწილეობს დედა-შვილი.

ოლიმპიურ სოფელში იცხოვრებს დელეგაციის 76 წევრი, სოფელს გარეთ - 6 წევრი. საქართველოდან თამაშებზე აკრედიტებულია 17 ჟურნალისტი და ოპერატორი. 5 აგვისტოდან ოლიმპიური თამაშებიდან პირდაპირ ტრანსლაციებს საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გადასცემს.

ქართველი ოლიმპიელები ფიცს 23 ივლისს, 10:00 საათზე ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე დადებენ. დელეგაციის წევრები რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ნაკადად, 26 ივლისიდან გაემგზავრებიან. რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალი დაგეგმილია 2 აგვისტოს, 09:30 საათზე, გახსნის ცერემონიალი კი 5 აგვისტოს, სტადიონ "მარაკანაზე" ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად, ქართველი სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით, სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრული სახელმწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 ადგილი - 170. 000 ლარი, მე-2 ადგილი - 102. 000 ლარი, მე-3 ადგილი - 68. 000 ლარი.

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
წყარო: msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული