თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: გაიხარეთ, კოლექციონერებო!

AutoSharing Option
როგორც ჩანს, სოჭის ოლიმპიადაზე აკრედიტებულ ჟურნალისტთა კორპუსის სამდურავმა ორგანიზატორების ყურამდე მიაღწია და თამაშების დაწყებიდან მეოთხე დღეს ოლიმპიური სიმბოლიკის კოლექციონერებს დართეს ნება, თავიანთი დახლები, როგორც წესი, პირდაპირ ასფალტზე გაეშალათ, მედიასასტუმროების ზედ შესასვლელთან ყველას დასანახად.

კეთილი და პატიოსანი, გაიხარეს კოლექციონერებმა და გაიხარეს ჟურნალისტებმაც - უმალვე დაიწყო გაცვლა-გამოცვლა, სასურველი სამკერდე ნიშნების მოძიება.

კვლავაც, როგორც ყოველთვის, ქვეყნების ეროვნული კომიტეტების სიმბოლოებზეა განსაკუთრებული მოთხოვნა. ეს იმიტომ, რომ ეოკი-სა და ოლიმპიადის მასპინძელი ქალაქის დასახელება-სიმბოლო გამოსახულია ერთად.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. იმედია, ოლიმპიურ პარკში და სპორტულ ბაზებზეც
გამოჩნდებიან კოლექციონერები. ეს ტრადიცია გამართლებულია - სპორტული ატრიბუტიკის შემგროვებლები ქუჩაში ხომ არ გააჩერებენ ერთმანეთს და გაცვლაზე დაიწყებენ მორიგებას.

საგანგებოდ საამისოდ გამოყოფილი ადგილები კი თავიდან აცილებს ადამიანებს ბევრ უხერხულობას.

ვწერდით, რომ ოლიმპიადა და მოსახლეობა ერთმანეთისგან გარიდებულნი არიან. არავინ დავობს, რომ ასეც უნდა ყოფილიყო, თუ ამას უსაფრთხოება მოითხოვდა. რა გასაკვირია, როცა შენს ქალაქში ასეთი მასშტაბის სპორტული ასპარეზობა ტარდება, გინდა-არ გინდა, თავმოყვარეობა და სიამაყე გაიძულებს, თავი მასპინძლად იგრძნო. მაგრამ როგორ? აი, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩავედით ადლერში. თუმცა, ჩავედითო, რას ჰქვია, ამ ქალაქში ვართ ისედაც, ოღონდ, ვიმეორებ, იზოლირებულნი.

ადლერის სადგურამდე ელექტრომატარებლით სულ რაღაც ოთხ წუთში აღმოვჩნდით. ქალაქის მონახულებას მოგვიანებით ვაპირებდი, მაგრამ დავაჩქარე და თუ რატომ, ამას "ლელოს" ცხელ ხაზზე შემოსული ერთი სატელეფონო ზარისა და პასუხიდან ქვემოთ გაეცნობით.

ახლა კი ქალაქსა და იქ შემხვედრ ადამიანებზე მოგახსენებთ. ადლერის სადგურში ოლიმპიადის ბილბორდების ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა, მრავლად არიან წესრიგის დამცველები და "ვოლონტიორები", რომელთა შორის საკმაოდ შეგხვდებიან ქართველი ახალგაზრდები.

როგორც კი ჩემს ქურთუკზე Georgia-ს ამოიკითხავდა, არაქართველი მოქალაქეებისგანაც ბევრი გულთბილად, ქართული "გამარჯობით" და გამორჩეულად ლამაზი ქართული სიტყვებით მესალმებოდა.

ერთმა რიგითმა ახალგაზრდამ (რიგითმა იმიტომ, რომ "ვოლონტიორის" - მოხალისის ფორმა არ ეცვა) ჩემს თხოვნაზე, მიესწავლებინა ქალაქის მე-4 საავადმყოფო, თავაზიანად წინ წამიძღვა და ბოლომდე მიმაცილა, ფეხით გაიარა ჩემთან ერთად 800 მეტრამდე, მერე კი ასევე თავაზიანად გამომემშვიდობა და წარმატება მისურვა.

საავადმყოფოს მონახულება ორი მიზეზის გამო გადავწყვიტე. ჩვენმა მწვრთნელმა გერა აბრამიშვილმა მითხრა, რომ "მთის ოლიმპიურ სოფელში", სადაც სპორტსმენებთან ერთად თავად ცხოვრობს, სამედიცინო სამსახურის მთავარი ექიმი ქართველია და მედპერსონალის უმრავლესობაც აქაური ჩვენებურიაო.

მისგანვე გავიგე, რომ ადლერშიც, ჩემ მიერ ზემოხსენებულ სამკურნალო დაწესებულებაშიც, სადაც მედიის წარმომადგენლებს უწევენ ნებისმიერ უფასო დახმარებას, უმეტესობა ქართველი ყოფილა.

გარდა ამ ფაქტისა, მაინტერესებდა, კოლეგები რა აუცილებლობით უფრო აკითხავდნენ ექიმებს.

საავადმყოფოს შესასვლელშივე მისაღებ განყოფილებასთან შეკრებილ თეთრხალათიანებიდან ერთი ქალბატონი, მკერდზე სააკრედიტაციო ბარათი რომ შემნიშნა, უმალვე შემომეგება, პირველმა მკითხა წვევის მიზეზი და დასძინა: გისმენთ, ჟურნალისტების მთავარი ექიმი დღეს მე ვარ; მიხარია, რომ გხედავთ; რუსთავში ვსწავლობდი, 17 წელიწადია აქ ვცხოვრობო...

ეს ქალბატონი თერაპევტი აღმოჩნდა და, ბარემ მოსული ხარო, სანამ არ გამსინჯა და გამომიკვლია, არ გამომიშვა. ძალიან კმაყოფილი დავრჩი მომსახურებითაც და განსაკუთრებით იმით, რომ ასაკთან შედარებით, იდეალური მქონდა წნევა და კარდიოგრამა...

ქმართან ერთად ვარ...

ახლა კი იმის შესახებ, თუ რატომ დავაჩქარე ადლერის მონახულება. 9 თებერვლის საღამოს, "ლელოს" ცხელ ხაზზე ერთმა თბილისელმა დარეკა, მხოლოდ სახელი მითხრა, ირაკლი ვარო.

"ადლერში ჩემი ახლობელი ოლიმპიადაზე მოხალისედ დასაქმდა. მითხრა, თამაშებზე აკრედიტებულ რომელიმე ქართველ ჟურნალისტს ხმა მიაწვდინე, ნახოს, რა ხდება ადლერის ვაგზლისწინა მოედანზეო".

ბევრი ძებნა არ დამიწყია, სადგურიდან გამოვედი თუ არა, ქალაქში (სხვათა შორის, ვაგზლისწინა მოედანი ძალიან ჩამოჰგავს სოხუმისას), იქვე მომესმა სიცილ-ხარხარი და მზერა მიიტაცა მიზეზმაც - ოლიმპიადის გაცოცხლებული სამი თილისმიდან ერთი, ყველაზე ზორბა, ადგილზე ცქმუტავდა და თავისთან უხმობდა მნახველებს. ისინიც რიგში იდგნენ და მიდიოდნენ სამახსოვრო სურათის გადასაღებად.

დათვის ტყავგადაცმული და ყელზე ოლიმპიური კაშნეშემოხვეული მხეცი-თილისმა კადრს თავად არჩევდა - ძირითადად, დაუფარავი სექსუალური იმიტაციით - შიგადაშიგ სამი თითის კომბინაციით და ცერა თითის თამაშით პოზირებდა.

როცა ოლიმპიურ თილისმასთან სურათს თავისიანს მეუღლე, საქმრო თუ ახლობელი უღებდა, ქალბატონი ოლიმპიურ თილისმა-მხეცს მიახლოებისთანავე ყურში რაღაცას ჩასჩურჩულებდა, ანუ აფრთხილებდა, მისთვის მსგავსი უხამსობა არ ეკადრებინა...

დიდი დრო ისედაც არ მქონდა, ამაზრზენი სანახაობით გამოწვეული გაუთავებელი სიცილ-ხარხარის ფონზე გავეცალე იქაურობას.

ვიცნობთ, მაგრამ უკეთ გავიცნოთ...
ტრადიცია გრძელდება - ოლიმპიური თამაშების შესაძლებლობებს მონაწილე ქვეყნების ეოკ-ები ეფექტურად იყენებენ ერთმანეთთან გაცნობა-დასაახლოებლად, ძველ ნაცნობებს კი ბევრი რამ აქვთ სათქმელი ურთიერთობების გასამრავალფეროვნებლად და პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით ახალ სიმაღლეზე ასაყვანად.

ჩვენებს უკვე ბევრი ქვეყნის ეოკ-ებთან აქვთ მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა. ახლანდელი შეხვედრები კი, ფაქტობრივად, ამ კონტაქტების გაღრმავებას და მრავალმხრიობას ისახავს მიზნად.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა აზერბაიჯანის, უკრაინისა და იაპონიის ეოკ-ების კოლეგებს უკვე შეხვდა, მათი მიწვევით.

აქ ბევრ ქვეყანას აქვს გახსნილი თავისი სახლი, რომელიც უცხოელებს აცნობს ამ ქვეყნის ისტორიას, ხალხურ ტრადიციებს და თანამედროვე მიღწევებს. სწორედ ამ სახლებში იმართება ზემოხსენებული შეხვედრები.

სოჭის ოლიმპიადაზე "ლელოს" ცხელი ხაზის ტელეფონია: +7938 43 99 565.

ასევე იხილეთ:
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ჩაკეტილი თამაშები

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: ფიფქ(რ)ები თეთრ ოლიმპიადაზე
მორიგი კურიოზი სოჭიდან - წარწერა "ლელოს" რედაქტორის აკრედიტაციაზე
თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: სასტუმროს ნომერი საშინლად დაბინძურებული დაგვხვდა

თენგიზ გაჩეჩილაძე სოჭიდან: 50 წუთი... ოლიმპიადამდე [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენ სპორცმენები როდის გამოდიან საასპარეზოდ?
nodo
13:21 12-02-2014
0

სიახლეები პოპულარული