ლენს არმსტრონგი ბრალს სდებს

AutoSharing Option
სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა ველომრბოლელმა ლენს არმსტრონგმა, რომელსაც დოპინგის მიღების გამო ტურ დე ფრანსის შვიდი ტიტული ჩამოართვეს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის (UCI) ყოფილი პრეზიდენტი ჰეინ ვერბრიუგენი ხელს აფარებდა მას და ეხმარებოდა სასჯელის აცილებაში. ამის შესახებ წერს ბრიტანული გამოცემა The Daily Mail-ი.

არმსტრონგი ყვება იმის შესახებ, რომ 1999 წელს, ტურ დე ფრანსის მსვლელობისას, მან დადებითი დოპინგ-სინჯი ჩააბარა და ვერბრიუგენმა იცოდა ამის შესახებ, თუმცა UCI-ს პრეზიდენტმა არ მოისურვა ამ ამბის გასაჯაროება. შედეგად, არმსტრონგს ძველი თარიღით გამოუწერეს სამკურნალო მალამო, რომელიც აკრძალულ
პრეპარატ კორტიზონს შეიცავდა (თითქოს ეს მალამო საჭირო იყო სპორტსმენის სამკურნალოდ).

"მახსოვს, რომ ეს დიდი პრობლემა იყო. დარწმუნებული არ ვარ, რომ დადებითი დოპინგ-სინჯი აღმომიჩინეს, მაგრამ დოპინგის გამოყენების კვალს მიაგნეს. ჰაინმა უბრალოდ თქვა, რომ ეს საშინელ დარტყმას მიაყენებდა ველოსპორტის პრესტიჟს და რაღაც იყო მოსაფიქრებელი. ამიტომაც გააყალბეს რეცეპტის თარიღი", - განაცხადა არმსტრონგმა.

შეგახსენებთ, რომ არმსტრონგმა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო თანაშრომლობა ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. პრესა წერდა იმის შესახებ, რომ საჭირო ინფორმაციისთვის ლენსს სამუდამო დისკვალიფიკაციას რვაწლიანი სასჯელით შეუცვლიდნენ.

ვერბრიუგენი UCI-ს პრეზიდენტი იყო 1991-2005 წლებში. 2013 წლის ნოემბერში მან დატოვა ამ ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტის პოსტი, რომელიც 2008 წლიდან ეკავა. ველოსპორტის ეროვნული ფედერაციებისადმი განკუთვნილ წერილში, რომელიც მის გადადგომას ეხებოდა, ვერბრიუგენმა დაწერა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და მისი სინდისი აბსოლუტურად სუფთაა.

არმსტრონგმა The Daily Mail-თან ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ დღეს, ყოველგვარი დოპინგის გამოყენების გარეშე შეძლებს ყოველწლიური მარათონის - Iron Man-ის მოგებას. ეს არის შეჯიბრება ტრიატლონში, რომელიც მოიცავს 3.8 კილომეტრ ცურვას, 180 კილომეტრ ველორბოლასა და სირბილს მარათონულ დისტანციაზე (42.2 კმ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლენს არმსტრონგს ტყუილის უფლება აქვს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული