ნინო სალუქვაძე სპორტის რაინდის საპატიო წოდებით დააჯილდოვეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს სპორტის რაინდის საპატიო წოდებით და სპეციალური მედლით ტყვიის სროლაში ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე და მისი მწვრთნელი ვახტანგ სალუქვაძე დააჯილდოვა.

საზეიმო ცერემონიას სამინისტროში განთავსებულმა ქართული სპორტის მუზეუმმა უმასპინძლა.

ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული სპორტული პისტოლეტით სროლაში 1988 წელს, სეულში მოიგო. იქვე პნევმატური პისტოლეტით ვერცხლის მედალი მოიპოვა. ოცი წლის შემდეგ, 2008 წელს, პეკინში ნინომ პნევმატური პისტოლეტით ბრინჯაოს მედალი მოიგო. ნინო სალუქვაძე პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიური თამაშების სამივე სინჯის მედალი მოიპოვა.

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს ქალბატონ ნინოს და ბატონ ვახტანგს ვაჯილდოებთ. მსურს მივულოცო მამა-შვილს ეს აღიარება - ქალბატონმა ნინომ ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მამის, ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით მოიპოვა, რაც, დამეთანხმებით, გამორჩეული ფაქტია. ნინო სალუქვაძე რიო დე ჟანეიროში თავის მერვე ოლიმპიადაზე იასპარეზებს და მინდა აქედანვე წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ბატონ ვახტანგს 85 წლის იუბილეს ვულოცავ, დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვუსურვებ", - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

"მსურს მამაჩემის სახელითაც დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის და მამასთვის ეს დიდი აღიარებაა. დღევანდელი დღე ბატონ ვახტანგს სიურპრიზად დავუტოვეთ - არ იცოდა, რომ ესოდენ საპატიო ჯილდო უნდა მიეღო. ვეცდები, რიო დე ჟანეიროში, ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო და ჩემი გულშემატკივრები მედლით გავახარო. უღრმესი მადლობა სპორტის სამინისტროს, პირადად ბატონ ტარიელს ამ დაფასებისთვის", - განაცხადა ქალბატონმა ნინომ.

ნინო სალუქვაძემ ტყვიის სროლაში ვარჯიში მამის, ბატონი ვახტანგის ხელმძღვანელობით დაიწყო და ყველა დიდ წარმატებას მისი შემწეობით მიაღწია: პირად და გუნდურ პირველობაში შვიდჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, ცხრაჯერ - მსოფლიოს სუპერთასი, ხუთჯერ - ევროპის ჩემპიონატი... 1998 და 1999 წლებში ნინო სალუქვაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენებით.

ნინო სალუქვაძემ უკვე მოიპოვა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია. რიო 2016 მისთვის მერვე ოლიმპიადა იქნება! აქვე შეგახსენებთ, რომ თანამედროვე ოლიმპიადების ისტორიაში, ანუ 1896 წლიდან, რვა ოლიმპიადაზე მხოლოდ 6 სპორტსმენს უასპარეზია.

ვახტანგ და ნინო სალუქვაძეების დაჯილდოების ცერემონიას სამინისტროს მესვეურები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 1 /
ერთ ერთი ულამაზესი ქარეთველთაგანი მირიად ღირსეულ ქართველთა შორის ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყვეს თუნდაც ხვადია!!!! უსასრულობამდე
Elizabeth
18:00 04-02-2016
0

სიახლეები პოპულარული