ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი: კილაძეს ცოტა დააკლდა

AutoSharing Option
ჰოლანდიურ არნემში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, რომელშიც ჯერ ახალგაზრდები გამოდიან.

5 მარტს შეჯიბრებაში გოგოები ჩაებნენ და ჩვენი ბიჭების გუშინწინდელი წარმატების შემდეგ (შეგახსენებთ - მათ ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს) ფინალში გასვლამდე სულ ცოტა დააკლდა ლიზი კილაძეს - მე-9 ადგილზე გავიდა, მედლისთვის ბრძოლას კი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამოშორდა.

გოგოების ტურნირში ორი ჩვენებური გამოდიოდა - ქუთაისელი კილაძე და თბილისელი მარიამ მაღრაძე, ვინც ნინო სალუქვაძის სახელობის ტირში ვარჯიშობს. კილაძემ 375 ქულა დააგროვა, როგორც ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა, ბერძენმა ანა კორაკაკიმ, უნგრელმა
ვიქტორია ეგრიმ
და გერმანელმა ბიანკა ვიმერმა, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ბოლო სერიაში ჩვენებურზე უკეთ ისროლეს და ფინალის საგზურებიც მოიპოვეს.

ჩვენებური გვარიანად ჩამორჩა თავის შარშანდელ შედეგებს. შარშან მან ევროპის ჩემპიონატზე 381 ქულა დააგროვა, მსოფლიოზე კი ეს შედეგი კიდევ უფრო გაზარდა და 384-მდე აიყვანა. შედარებისთვის - ამჯერად არნემში საკვალიფიკაციო ეტაპი 380 ქულით მოიგო რუსმა რეგინა რიზვანოვამ. კილაძეს ძველებურად რომ გაებრწყინა, ფინალში დიდი უპირატესობით გავიდოდა, მან არც ისე კარგად ისროლა. პირველ ორ სერიაში კიდევ არა უშავდა - 95 და 94 ქულა დააგროვა, მაგრამ ბოლო ორში 93-93 ჰქონდა.

ურიგოდ არც მაღრაძეს უსვრია - 370 ქულა მოინადავლა, რაც 50 მონაწილეს შორის 21-ე შედეგი აღმოჩნდა. ამდენივე ქულა ჰქონდა კიდევ ორ მონაწილეს - ჩეხ მარკეტა კრიკორკოვას და გერმანელ კარინა ვიმერს, თუმცა მათაც დამატებითი მაჩვენებლებით გაუსწრეს ჩვენებურს. დებიუტანტმა მაღრაძემ არც ისე კარგად დაიწყო გამოსვლა - 91 და 91 ქულები ჰქონდა. მერე 95-იც მოაგროვა, მაგრამ ბოლოს ისევ 92-ით დაასრულა ასპარეზობა.

თუმცა თუნდაც ეს შედეგებიც გვარიანად დამაიმედებელია, რომ ეროვნულ ნაკრებს გუნდურშიც შეუძლია წარმატების მოპოვება. მთლიანობაში, ეს არაა ურიგო შედეგები. ეგ კი არა, თუნდაც ახლაც რომ ჰყოლოდათ მესამე მონაწილე, ვინძლო, ხუთეულში მაინც შესულიყვნენ, თუ მთლად სამეულშიც არა.

გოგოებში ევროპის ჩემპიონი რუსი მარგარიტა ლომოვა გახდა 200.8 ქულით. ის შესარჩევში მეორე იყო, ფინალში კი მოახერხა და აჯობა თანაგუნდელ რიზვანოვას, ვინც 200.0-ით ვერცხლს დასჯერდა. ბრინჯაო 175.2-ით ჩეხმა ანა დედოვამ დაისაკუთრა.

დღეს ევროპის ჩემპიონატში უკვე უფროსები ჩაებმებიან - ვაჟები იასპარეზებენ. ჩვენგან ლევან ქადაგიძე ისვრის, ხვალ კი ტურნირში ნინო სალუქვაძე ჩაებმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული