ნინო სალუქვაძის წარუმატებელი გამოსვლა მსოფლიო თასზე

AutoSharing Option
სამწუხაროდ, პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ნინო სალუქვაძე წარუმატებლად გამოვიდა ესპანურ გრანადაში მიმდინარე მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე.

მოგეხსენებათ, ჩვენი სასიქადულო მსროლელი, ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი 7 ივლისს სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მეორე ადგილზე გავიდა, 8-ში კი პნევმატური იარაღიდან სუსტად ისროლა - მხოლოდ 375 ქულა დააგროვა, რაც 38-ე შედეგი აღმოჩნდა და, ცხადია, ფინალში ვერ მოხვდა.

ვერ გეტყვით, რა იყო სალუქვაძის ასეთი ცუდი გამოსვლის მიზეზი, მით უფრო - სპორტული პისტოლეტიდან სროლაში მოპოვებული წარმატების შემდეგ (აქ მედალს ვგულისხმობთ, თორემ ქულათა მარაგი მისთვის სახარბიელო არც
იყო). ჩვენებურმა ოთხივე სერიაში სუსტად ისროლა - პირველში საწყისი სამი გასროლა 10-იანში კი მოარტყა, მაგრამ ამას ამდენივე 9-იანი მიაყოლა. საბოლოოდ ამ სერიაში 5-5 ათიანი და ცხრიანი დააგროვა, რითაც ჯამში 95 ქულა გამოუვიდა.

სამწუხაროდ, ეს მისი საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა, რადგან მომდევნო ორ სერიაში 93-93 ქულა აჩვენა, რასაც ბოლოს 94 დაუმატა და ჯამში 375 ქულა გამოუვიდა.

საკვალიფიკაციო ეტაპს კარგა ხანს ლიდერობდა ესპანელი სონია ფრანკო, თუმცა მას ბოლო სერიაში ნაჩვენები უკეთესი შედეგით კორეელთა 21 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჯანმი კიმმა გადაუსწრო. ორივემ 387 ქულა დააგროვა, მაგრამ ბოლო, მეოთხე სერიაში კორეელს 98 ქულა ჰქონდა, ესპანელს - 96. თუმცა, ახალი წესებიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც მოწინავე ოქტეტს ნახევარფინალში შესარჩევის შედეგები აღარ გადაჰყვება და იქ ყველაფერი ნულიდან იწყება, ასეთ დეტალებს იქნებ დიდი მნიშვნელობა არც ჰქონდეს, მაგრამ ეს წესი ზუსტად ამ უხერხულობის გამო მსროლელებში გვარიან უკმაყოფილებას იწვევს.

ასევე საცილო გახდა მესამე ადგილიც, სადაც ფრანგთა ევროპის ორგზის ჩემპიონმა სელინ გობერვილმა ისევ ბოლო სერიაში ნაჩვენები უკეთესი შედეგით აჯობა რუსთა 46 წლის ვეტერან გალინა ორლოვსკაიას - ორივემ 386 ქულა დააგროვა. მეოთხე 385-ქულიანი სერბთა მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩია, რომელმაც თანაბარქულიან მექსიკელ ალეხანდრა ზავალას ასევე დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

384 ქულით ფინალურ ოქტეტში ბოლო ორ ადგილზე ბელორუსთა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ვიქტორია ჩაიკა და ჩინელთა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვენჯუნ გუო დადგნენ...

ფინალიც ახალი წესებით ტარდება - რვა სერია იმართება და ყოველი მათგანის შემდეგ ბოლო ადგილზე გასული ეთიშება ტურნირს. გრანადაში თავდაპირველად მასპინძელი ფრანკო გავარდა, რომელსაც ასეთივე თანმიმდევრობით ორლოვსკაია, გობერვილი, ჩაიკა და გუო მიჰყვნენ, ოქროს მედლისთვის ბრძოლას კი სერბი და, ყველასათვის მოულოდნელად, მექსიკელი შემორჩნენ.

29 წლის ეშხიანი გვადალახარელი სტუდენტი ზავალა ლონდონის ოლიმპიადის მონაწილეა, მაგრამ მსოფლიოს თასის ფინალში პირველად გავიდა, თუმცა არც ამას დასჯერდა და ყველაზე დიდი სენსაცია შემოგვთავაზა - 198.8 დააგროვა, 0.1-ით გაუსწრო არუნოვიჩს (198.7) და კარიერაში პირველ ოქროსაც დაეუფლა.

ამ სტარტით სალუქვაძემ უკვე დაასრულა გამოსვლა გრანადაში, სადაც მთავარ მიზანს მიაღწია - სპორტულში მოპოვებული ვერცხლით მსოფლიოს თასის სუპერფინალის საგზური მოიპოვა, რომელიც 6-12 ნოემბერს მიუნხენში ჩატარდება.

თუმცა გრანადაში მსოფლიოს თასის გათამაშება ისევ გრძელდება და 11 ივლისს ვაჟთა შორის პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ორი ჩვენებური გამოვა - ლევან ქადაგიძე და სალუქვაძის ვაჟი ცოტნე მაჭავარიანი, რომელმაც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოსასვლელად საჭირო კვოტა უნდა დააგროვოს.

10-ში მესტენდურთა ასპარეზობაც გაგრძელდება და ქალთა შორის მრგვალ სტენდზე ნატალია პანასიც ისვრის, 11-ში კი ვაჟები იასპარეზებენ: მამა-შვილი დავით და გივი ქვათაძეები, პავლე ლაკია და მამუკა ზარაფიშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული