მსროლელები უპრეზიდენტოდ დარჩნენ

AutoSharing Option
ჩვენი მსროლელები ძალზე ცუდად გამოვიდნენ ამ დღეებში მიუნხენში დამთავრებულ მსოფლიოს 50-ე ჩემპიონატში. თუმცა ყველაზე ძნელად წარმოსადგენი ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ნინო სალუქვაძის წარუმატებლობაა. ჩვენებური პნევმატური იარაღით სროლაში 47-ე იყო, სპორტულით კი უფრო ცუდად ისროლა და 54-ზე გავიდა.

არადა, ამ ჩემპიონატზე მედლების გარდა ლონდონის ოლიმპიადის ხუთ-ხუთი საგზური თამაშდებოდა და ვიმედოვნებდით, რომ სალუქვაძე შეძლებდა მის მოპოვებას. მით უფრო, კარგადაც იყო მომზადებული, რამდენიმე ტურნირშიც გამოვიდა, ალუშტასა და მოსკოვში შეკრებებიც გაიარა... ახლა მას ლიცენზიებისთვის ბრძოლა გაისად მოუწევს. თუ ვერც ამჯერად მოინადირა, მაშინ -
ოლიმპიადის წელსაც. ორივე სეზონში ხუთ-ხუთი სალიცენზიო ტურნირია დარჩენილი - მსოფლიოს თასის ოთხ-ოთხი ეტაპი და ევროპის თითო პირველობა, ოღონდ კონტინენტის ჩემპიონატები პირველ წელს ერთ სახეობაში გაიმართება, მეორე სეზონზე - მეორეში. თასებზე მხოლოდ თითო საგზური გაიცემა, ევროპის პირველობებზე - სამ-სამი. თუმცა ამ კვოტებში უკვე ლიცენზირებულთა მოხვედრის შემთხვევაში ადგილმონაცვლეობის პრინციპი იმოქმედებს, ანუ საგზური მის მომდევნოს გადაეცემა. მიუნხენში მსოფლიოს პირველობაზე ლიცენზიები ისეთებმა მოიპოვეს, ნაკლებად სავარაუდოა, ისინი სტაბილურად მოხვდნენ მოწინავეებში ან სულაც გაიმარჯვონ, მაგრამ მაინც... ძალზე მოულოდნელია მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბი ზორანა არუნოვიჩის და რუსი კირა კლიმოვას გამარჯვებაც - აქამდე მათ სერიოზული რანგის ტურნირი არ მოუგიათ.

ნინო სალუქვაძეს გუშინ შევეხმიანეთ და ცუდი გამოსვლის მიზეზებზე დავეკითხეთ. როგორც იმ ტურნირების მიმოხილვებში ვივარაუდეთ, ტექნიკური მიზეზებიც ყოფილა, მაგრამ სპორტსმენი უკვე მხედველობის პრობლემაზეც ალაპარაკდა, რაც ადრეც აწუხებდა, მაგრამ არა ამდენად... თავად ფედერაციას კი არანაკლები სადარდელი გაუჩნდა - პრეზიდენტი დავით ქარსელაძე თანამდებობიდან წავიდა და მსროლელებს ახალი პრეზიდენტის ძებნა უწევთ.

- რითი ახსნით თქვენს ასეთ სუსტ გამოსვლას მსოფლიოს ჩემპიონატზე?
- პნევმატურ იარაღში კარგ ფორმაში ვიყავი და სამწუხაროა ასეთი ცუდი გამოსვლა. არადა, შეკრებებიც გავიარე, იქაც კარგად ვისროლე და ნორმალურად ვიყავი მომზადებული. არ ვიცი, რისი ბრალია - დაძაბულობის თუ სხვა რამის. სულ ცხრიანები რომ მიეწყო, კინაღამ გადავირიე. არა და არ ხვდებოდა ათიანში...

- რატომ, ფიზიკურად ვერ გაუძელით თუ რას მიიჩნევთ მიზეზად?
- გადაღლილი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ალბათ, უფრო მხედველობის პრობლემაა. ბოლო სერიაში ლინზა შევცვალე და ცოტა უკეთესი შედეგი მქონდა. პირველ სამ სერიაში არც ერთი საკონტროლო ათიანი არ მქონია, ბოლოში კი ცხრა მქონდა. ადრეც სხვა ლინზას ვხმარობდი და ცოტა უკეთ ვისროდი. აქ კი ვმკურნალობ, მაგრამ მაინც არაა სასურველი შედეგი. ფაქტია, რომ ფოკუსს ვერ ვიჭერ დიდხანს, ნახევარი წუთი მაინც ხომ უნდა გაუძლოს თვალმა?!

- უცხოეთში რომ გეცადათ მკურნალობა?
- როგორ, რანაირად? თუმცა ჯერ არც მიცდია, რაკიღა აქაურ კლინიკებსაც აქებენ და მათ ვენდობი. მაგრამ ფაქტია, რაღაც მართლაც უნდა შევცვალო. აქამდე თუ მოვედი და გავუძელი ამ პრობლემას, მხოლოდ სპეციალური ვარჯიშებით, მაგრამ ეს უკვე არაა საკმარისი.

- მეორე დისციპლინაში რა მოხდა, იქაც ეს პრობლემა იყო?
- იქ უფრო იარაღს ვაბრალებ, იმან მიმტყუნა. ჩვენთან წესები შეცვალეს - თუ ადრე ორ შეცდომას გაპატიებდნენ, ახლა - მხოლოდ ერთს. თან ოდენ შვიდი წამი გაქვს დრო, მეტი არა, სიჩქარეში კი შეცდომის დაშვების მეტი ალბათობაა. ახლაც ასე მოხდა - თავისით გაისროლა ავტომატმა, მაგრამ მე ცდაში კი ჩამეთვალა! მათ არ აინტერესებთ, თავისით ისროლა თუ როგორ.

ახლა ვფიქრობ, ეს იარაღი ხომ არ შევცვალო, რადგან სულ ასეთი უცნაურობები ემართება - ოლიმპიადაზე `შტირი~ გამოვარდა, საიდან, როგორ, დღემდე არ ვიცი, ახლა კი ავტომატმა გაისროლა... ვერ გავიგე, რა სჭირს... მანამდე ორი შეკრება გავიარე, ამდენი შეჯიბრებები, მაგრამ არც ერთი თავისით გასროლა არ ჰქონია და რაღა მაინცდამაინც ახლა გააკეთა?! ეს ისევ ძველი მოდელია, თუმცა იარაღი სამჯერ გამოვცვალე უკვე. მათ შორის - ოლიმპიადის მერეც, რადგან ლულაში ჰქონდა ხარვეზი. მიზეზი რომ ვიკითხე, კოროზიააო, მითხრეს. საიდან - წყალში და სინესტეში ეს არ აგდია და ჩემ გარდა ამით არავინ ისვრის-მეთქი... შემოდგომაზე ისევ გამოვცვალე, მაგრამ ამას `შტირი~ უვარდება - ხან ხელით ვასწორებ და ხან - როგორ! თუმცა ამას კიდევ მოევლება, მაგრამ იმას რას ვუზამ, ავტომატით რომ გაისროლა... მით უფრო, ახლა ერთის მეტს არავინ გაპატიებს. რამე თუ გაუფუჭდება, გამოცვლის უფლებას გაძლევენ და 15 წუთით გიშვებენ, მაგრამ აქ დაზიანება არაფერი იყო, მხოლოდ თავისით გაისროლა.

- თქვენი თანაგუნდელების გამოსვლაზე რას იტყვით?
- ნინო ფანჩულიძე პირველად იყო ამ დონის ტურნირზე და ვერ გამოვიდა კარგად. ქადაგიძემ 50-მეტრზე კარგად ისროლა - 551 ქულა არც ისე იოლი გასაკეთებელია. თან მოუგო ევროპის წინა ჩემპიონს, იტალიელ მაურო ბადარაჩის და ფრანგ ოლიმპიურ ჩემპიონ ფრანკ დუმოლინს. აი, პნევმატურში ვერ ისროლა კარგად, თუმცა მათ აკლიათ შეკრებები. ქადაგიძემ ეს შედეგი ორი შეკრების ხარჯზე გააკეთა. თან ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში ამ ტიპის ტირი საერთოდ არ გვაქვს. ამის მიუხედავად, მაინც კარგი შედეგი აჩვენა. მისი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, ჩემი და ფანჩულიძისა - არა.

- თავად ჩემპიონატიც ძალიან უცნაური გამოდგა - ყველა ლიდერმა მძიმე მარცხი იწვნია და სრულიად ახლებმა გაიმარჯვეს.
- მართლაც ძალიან უცნაური შედეგები დაფიქსირდა. ფინალებში ვერც ერთი ფავორიტი ვერ მოხვდა - სერბი იასნა სეკარიჩი, ბულგარელი მარია გროზდევა, უკრაინელი ოლენა კოსტევიჩი, ამ დროს კი სრულიად უცხო ხალხმა მოიგო. თან რა დაბალი შედეგებით - სპორტულში რუსმა კირა კლიმოვამ მხოლოდ 584 ქულა გააკეთა, პნევმატურში სერბმა ზორანა არუნოვიჩმა - 385. ამაზე ბევრად მეტს მსოფლიოს თასებზე ვაკეთებთ. მაგალითად, მე წლეულს ერთ-ერთ ტურნირზე პნევმატურში 384 ქულით ფინალშიც ვერ შევედი.

არუნოვიჩს საკმაოდ კარგად ვიცნობ. წლეულს ამერიკაში თითქოს ცუდად არ გამოსულა, მაგრამ მისი გამარჯვება მაინც ძალზე მოულოდნელი იყო. სტაბილური სპორტსმენი არაა და ხვალ რას იზამს, კაცმა არ იცის. კლიმოვას შარშან და წლეულს არა უშავს, ცოტა წამოიწია. მიუნხენში მან ფინალის ხარჯზე მოიგო - ოთხი ქულა ამოუქაჩა არუნოვიჩს. მგონი, რუსების ნაკრებს უფრო წაადგა ჩემთან ვარჯიში, ვიდრე მე - მათთან.
თვითონ ჩემპიონატიც რაღაც არაორგანიზებულად ჩაატარეს. ლამის ორი კვირა გრძელდებოდა, მაგრამ ჩვენი სროლები რატომღაც ბოლოსკენ მოიტოვეს და ისიც მიყოლებით ორ დღეში, მანამდე კი არც ერთხელ გვავარჯიშეს. პნევმატური რომ ვისროლეთ, იმ საღამოსვე იყო ოფიციალური ვარჯიში სპორტულისთვის! როგორია - ჯერ მთელი დღე ეს ისროლე, მერე, საღამოს ფინალია, ბოლოს კი ისევ ივარჯიშე! არადა, ტირები ცარიელი იყო. როცა სტარტი 11 საათზე მქონდა, ოფიციალური ვარჯიში რატომ უნდა გვქონოდა დილის რვა საათზე? ნამდვილად არ იყო ტირების პრობლემა, თორემ რას ვიტყოდი. ყველა უკმაყოფილო იყო ასეთი ორგანიზაციით.

- როგორც ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მესტენდურების გამოსვლას როგორ შეაფასებთ?
- დავით ქვათაძე შეკეთებული იარაღით ისროდა და კიდევ კარგად გამოვიდა. შენგელიამ უფრო უკეთ ისროლა. ლაკიაც თავისთვის ვარჯიშობს... არა აქვთ მათ სათანადო პირობები და რა უნდა მოსთხოვო?! ერთი თვის ნავარჯიშები ვერც ერთი შეჯიბრებისთვის ვერ მოემზადები ისე, მედალი მოიპოვო. ხალხი დილიდან საღამომდე ვარჯიშობს, თავს იკლავენ, რა პირობები აქვთ, ჩვენ კი ბაზაც არ გვაქვს.

- წლეულს უცხოური ტურნირებიდან მხოლოდ მსოფლიოს სუპერთასია თუ კიდევ გექნებათ სხვა შეჯიბრებები?
- უცხოურებიდან მხოლოდ სუპერთასი, რომელიც შემოდგომაზე ისევ მიუნხენში ტარდება, საზღვარგარეთ სხვა არ გვექნება. შიდა შეჯიბრებების გამართვა კი გვინდა, მაგრამ ფედერაცია პრეზიდენტის გარეშე დარჩა - ქარსელაძემ განცხადება დაწერა წასვლაზე. ახალი არჩევნების ჩატარება სექტემბერში გვინდა, თუ მოვძებნეთ მანამდე საპრეზიდენტო კანდიდატურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული