რუსუდან ხოფერია: ოლიმპიური მედალი ოცნებად არ უნდა დარჩეს

AutoSharing Option
შარშან ბრიტანულმა ბირმინგემმა ბატუტზე მხტომელთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრებაში პლანეტის უძლიერეს სპორტსმენებთან ერთად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით სასიამოვნო ის იყო, რომ ახალგაზრდების (11-18 წ.წ.) მსოფლიოს პირველობის მთავარ მსაჯად საერთშაორისო კატეგორიის არბიტრი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის ოთხგზის და ევროპის ორგზის ჩემპიონი, სამივე შეჯიბრების ვერცხლისა და ბრინჯაოს მრავალგზის პრიზიორი, მსოფლიოს და საკავშირო თასების ორ-ორგზის მფლობელი, ოლიმპიური თამაშების ორგზის მონაწილე რუსუდან ხოფერია დანიშნეს.

"შვიდი წლის განმავლობაში მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებზე ხოფერია თუ მიდიოდა მთავარ არბიტრებთან შეფასებების მისაღებად, ბირმინგემში ამ მოვალეობას ხოფერია უკვე თავად ასრულებდა.
მე ამით ამაყი ვიყავი, რადგან მსოფლიოს პირველობის მთავარ მსაჯად ჩემი ყოფილი შეგირდის დანიშვნა ბატუტზე მხტომელთა ქართული სკოლის აღიარებად და დაფასებად მიმაჩნია.

რუსუდანმა 2004 წელს დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ დაიწყო არბიტრობა, გამოცდებიც ჩააბარა. მას და ოლიმპიურ ჩემპიონ ირინა კარავაევას, როგორც გამორჩეულებს, დასაწყისში მე-4-ს ნაცვლად მე-3 კატეგორია მიანიჭეს. პეკინის ოლიმპიადის შემდეგ რუსუდანმა მე-2 კატეგორიაც დაიმსახურა და უფლება აქვს, როგორც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ისე ოლიმპიურ თამაშებშიც იმსაჯოს", - გვითხრა საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ზაურ სულაშვილმა.

რუსუდან ხოფერია საქართველოს ტანვარჯიშულ სახეობათა ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტია და ბატუტზე ხტომას კურირებს. მასთან საუბარი სწორედ სპორტის ამ სახეობაში შარშანდელი მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების შეფასებით დავიწყეთ.

- ბირმინგემული შეჯიბრებებისთვის ჩვენი სპორტსმენები მონდომებით ემზადებოდნენ დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც შესანიშნავი პირობები გვქონდა.

ვიმედოვნებდით, რომ დიდ ბრიტანეთში ლონდონის ოლიმპიადის ორ საგზურს ავიღებდით, მაგრამ თენგიზ კოშკაძემ, სამწუხაროდ, ბოლო ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო და 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე გამგზავრების ყოველგვარი შანსი გადაეწურა. რაც შეეხება ლუბა გოლოვინას, გვეგონა, რომ პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ულიცენზიოდ არ დარჩებოდა.

მართლაც, ბირმინგემში პირველი ვარჯიშის შემდეგ მხოლოდ ჩინელ ოლიმპიურ ჩემპიონ ჰი ვიენას ჩამორჩებოდა, მეორე ვარჯიშზე მე-10 ილეთის დასრულების შემდეგ სადაზღვევო ლეიბზე დახტა, რის გამოც მსაჯებმა სამი ქულა დააკლეს და ლუბაც ფინალს მიღმა აღმოჩნდა.

გულდასაწყვეტი იყო იმდენად, რომ გოლოვინამ პეკინის შემდეგ ვარჯიშის სირთულის კოეფიციენტი 14,4-მდე გაზარდა, თან ყველა ილეთს სუფთად ასრულებდა. უიღბლობის მიუხედავად, იმედი არ დაგვიკარგავს და ქართველმა სპორტსმენმა შესანიშნავად იასპარეზა 13 იანვარს ინგლისის დედაქალაქში სალიცენზიო ტურნირში, სადაც, წელის ტრავმის მიუხედავად, აშკარად დაჯაბნა კონკურენტები და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მეთერთმეტე ლიცენზია მოუტანა.

- ბირმინგემიდან ჩვენი დელეგაცია უმედლოდ მაინც არ დაბრუნებულა.
- დიახ, ასეა. ინგლისში გამგზავრებამდე სირთულეები შეგვექმნა. ჩვენი ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა მერაბ ჩიქობავამ სპორტის სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დახმარებით ყველა პრობლემა დროულად მოაგვარა და შეჯიბრებაზე დაუბრკოლებლად წავედით. საგულისხმოა ისიც, რომ სეოკ-ის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა ბირმიგემში ჩამოგვაკითხა, რამაც სპორტსმენებზე დადებითად იმოქმედა. პირველსავე დღეს 18-წლიანთა სინქრონულ ხტომებში თამარ კაკაშვილმა და ნანა გოგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვეს, რაც ჩვენთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ ამ წყვილისგან მაღალ შედეგებს ველოდით.

- ვიცი, რომ მედალი ანა ოდიშვილისგანაც გეიმედებათ.
- 13 წლის ქართველმა სპორტსმენმა 2010 წელს უმცროს ასაკში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონობა. შარშან ერთი წლით უფროსებს ეჯიბრებოდა. ამის მიუხედავად 13,3 სირთულის პირველი ვარჯიში ისე სუფთად შეასრულა, რომ ფინალში პირველ ნომრად შევიდა.

მისი ოსტატობით გაოცებული იყვნენ როგორც ასპარეზობის ორგანიზატორები, ისე უცხოელი მწვრთნელები და სპორტსმენებიც. რუსმა კოლეგებმა ისიც კი მითხრეს, რომ ასეთი სირთულის კოეფიციენტი თვით ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ირინა კარავაევასაც არ ჰქონიაო მის ასაკში.

ფინალში ანას მე-4 ილეთის შესრულებისას სიმაღლის ვარდნა ჰქონდა, რის გამოც ქულები დააკლდა და მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე, მცირედი დააკლდათ ანა ოდიშვილსა და თეონა ჯანჯღავას ბრინჯაოს მედლამდე სინქრონულ ხტომებში, რადგან ვარჯიშის მიწურულს სინქრონიულობა დაერღვათ.

საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავეს. ზაურ სულაშვილის ხელმძღვანელობით ეს ორი სპორტსმენი დიდი ხანია ვარჯიშობს და წარმატებისთვისაც არაერთხელ მიუღწევიათ. ამ წყვილს ოლიმპიურ იმედად მივიჩნევთ.

პირველობაზე კარგად იასპარეზა ზურაბ ნოზაძემაც. 80 მონაწილეს შორის მან მე-6 ადგილი დაივაკა.

- მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდა. წინ ახალი შეჯიბრებებია, უმთავრესი კი ოლიმპიური თამაშებია.
- ამ ტურნირებისთვისაც აქედანვე მონდომებით ვემზადებით. მალე დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადავინაცვლებთ საწვრთნელი შეკრებისთვის. პირველი მნიშვნელოვანი შეჯიბრება 9-15 აპრილს სანკტ-პეტერბურში გვექნება - ევროპის ჩემპიონატზე უფროსებში გოლოვინა და კოშკაძე გამოვლენ. ისინი ახლა მკურნალობენ და ინტენსიურ წვრთნასაც მალე დაიწყებენ. ნევისპირა ქალაქში გასამგზავრებლად ახალგაზრდებიც ემზადებიან. იქ, მსოფლიოს ჩემპიონატის მსგავსად, ასაკობრივი დაყოფა არ იქნება - 18 წლამდე სპორტსმენები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ამიტომ კონკურენციაც უფრო გამძაფრდება.

- ოლიმპიადაზე რას გეგმავთ?
- ლუბა გოლოვინამ პეკინის ოლიმპიადის შემდეგ, როგორც გითხარით, ვარჯიშების სირთულის კოეფიციენტი საგრძნობლად გაზარდა, ილეთების შესრულების ტექნიკა დახვეწა, ბატუტზეც უფრო თავისუფლად გრძნობს თავს. თანაც, ოლიმპიადამდე, ევროპის ჩემპიონატის გარდა, მსოფლიოს თასის გათამაშების ორ ეტაპზეც მოსინჯავს ძალებს ჩინეთსა და ესპანეთში, სადაც კონკურენტების შესაძლებლობებსაც უფრო ახლოს გაეცნობა. უზბეკმა ეკატერინა ხალკომ, რომელსაც ლუბა ყველა შეჯიბრებაზე უგებს, პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაო თუ მოიპოვა, ლონდონში მედალი ლუბასთვისაც არ უნდა აღმოჩნდეს მხოლოდ ოცნება და მიუწვდომელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული