გადარჩენილი რეკორდსმენი

AutoSharing Option
შეფილდში გრძელდება სნუკერში მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი წრე. ტიტულების რაოდენობით რეკორდსმენმა სტივენ ჰენდრიმ (შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი) ურთულესი და თან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოუგო ჯო პერის. "მაესტროს" ეს შეხვედრა რომ წაეგო, დასრულდებოდა მსოფლიო სნუკერის ელიტაში 23-წლიანი ყოფნის პერიოდი - შოტლანდიელს ამჟამად ისედაც არასახარბიელო რეიტინგი აქვს.

პირველი სესიის შემდეგ ლეგენდარული სქოთი 6:3-ს იგებდა, მაგრამ მეორე სესიის დაწყებისთანავე სტივენის თამაშში პრობლემები გაჩნდა და პერიმ ზედიზედ სამი ფრეიმის აღებით ანგარიში გაათანაბრა.

ჰენდრის საჩემპიონო კლასი ბოლომდე არ დაუკარგავს და ეს მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ დაადასტურა. სწორედ
ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში შეძლო მან მობილიზება და ისევ გაუმართა ბრძოლა მეტოქეს. ბოლო გადამწყვეტ ფრეიმამდე მეტოქეები მორიგეობით იღებდნენ პარტიებს და ბოლოს ხელი სწორედ ინგლისელს აუკანკალდა, როცა ყავისფერი ბურთი ვერ ჩააგდო შუა ლუზაში. ჰენდრი ამ შანსს ელოდა - საჭირო ადგილი მოუნახა ლურჯ ბურთს და გამარჯვებას მიაღწია.

ასე რომ, ჰენდრი მინიმუმ კიდევ ერთი ეტაპი გაგვახარებს თავისი გენიალური თამაშით.

სამაგიეროდ, მეორე შოტლანდიელი სტივენ მაგუაიერი ვეღარ იბრძოლებს კიდევ ერთი ტიტულისთვის. ერთ-ერთი ფავორიტის სვლა ბარი ჰოუკინსმა შეაჩერა.

უკვე პირველივე სესიამ აჩვენა, რომ "მაგი" არ იყო საუკეთესო ფორმაში, რადგან ინგლისელი მუდმივად სჯიდა თავის მოწინააღმდეგეს ხშირი შეცდომების გამო. მან მატჩის პირველი ნაწილი 6:3 მოიგო.

ჰიუკინსი მეორე სესიას კიდევ უფრო უკეთესი განწყობით შეხვდა. ფრეიმების გაცვლის შემდეგ ბარიმ 71-ქულიანი კლირენსის წყალობით გაქცევა მოახერხა - 8:4, მაგრამ შოტლანდიელმა ზედიზედ სამი ფრეიმის აღებით უპასუხა.

ჰოუკინისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დროულად მოეგო გონს და გადამწყვეტი პარტია მოიგო - 10:9! არადა, მას აქამდე არც ერთი მატჩი არ ჰქონდა მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატზე.

ამ დღის კიდევ ერთ მატჩში მოვლენები გაცილებით მშვიდად ვითარდებოდა. ჩინელმა დინ ჯუნჰუმ მოუგო პირველი სესია ჯეიმი ბარნეტს - 8:1, ხოლო მატჩის მეორე ნაწილი სამ ფრეიმში ჩაეტია, რომელთაგანაც შოტლანდიელმა მხოლოდ ერთი მოიგო - 10:2.

და მივადექით მრავალტანჯულ რონი ო'სალივანს, რომლის პრობლემებზე ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში მოგიყევით. ის სნუკერიდან წასვლას აპირებდა, მაგრამ გადაიფიქრა და ჩემპიონატის წინ ფსიქოლოგს მიაკითხა. როგორც ჩანს, ამ სვლამ გაამართლა. ასეა თუ ისე, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა შესანიშნავი თამაში აჩვენა დომინიკ დეილის წინააღმდეგ.

თავიდან დეილი დამაჯერებლად უგებდა ინგლისელს და მეტოქეები თანაბრად მიდიოდნენ - 2:2. მაგრამ შემდეგ ო'სალივანის შეჩერება რთული გახდა და ფავორიტმა ზედიზედ ხუთი ფრეიმი აიღო!

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული